მე და ჩემი სოფელიფერმერი ფერმერს

აი, ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა

„დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება.
აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგვიცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას სამოცდახუთი დღე და სამას სამოცდა ხუთი დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო… ხუმრობაა, მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტი საათიანივე ღამე… წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე უამისოდაც წუთია.

მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარებს ბედისას? ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო.

ვაი ფუჭად განვლილს სამას სამოცდა ხუთს დღეს და ღამეს. ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენაც-კი არა შეგვამტნია რა. უნდა ვტიროდეთ და არ გვიხაროდეს კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და მილოცვ-მოლოცვას.

ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის.

მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, – რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი,

„ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო“, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: „წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო“. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს.

„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?

სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“

– აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.»

ილია ჭავჭავაძე, “საახალწლოდ”

ტფილისი, 31 დეკემბერი, 1898 წ.