მინიმალური დამუშავების (Mini-Till) სამანქანო ტექნოლოგია სიმინდის, ლობიოსა და სოიოსათვის

სიმინდის მოყვანა მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიით

თავისი არსით, ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგია მოიცავს ტექნოლოგიური ოპერაციების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ენერგეტიკული, შრომითი და მატერიალური დანახარჯების, ასევე მანქანათა ხშირი მოძრაობის მიზეზით ნიადაგის ნაყოფიერებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

ნიადაგის დამცავ ტექნოლოგიებში, მათ შორის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიაში სიმინდის მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის დატკეპნილი ქვედა ფენის პერიოდულ გაფხვიერებას და მის მიერ წყლის შეთვისების და აერაციის რეჟიმების გაუმჯობესებას. შესაბამისად, მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებისას, ნიადაგის მოსამზადებლად უპირველეს ყოვლისა ნიადაგს 0,35-0,40 მ. სიღრმეზე ბელტის გადაუბრუნებლად ჩიზელური ან ბრტყლად მჭრელი კომბინირებული მანქანით პერიოდული მონაცვლეობით ამუშავებენ.

ჩიზელით დამუშავების შემდეგ, წინასწარ ჩატარებული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე, ნიადაგი უნდა გამოიკვებოს ორგანო-მინერალური სასუქებით სათანადო დოზით.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ აწარმოებენ ნიადაგის ზედაპირული ფენის გაფხვიერებას, რისთვისაც იყენებენ ექსცენტრულ დისკოებიან ფარცხებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ნიადაგებისთვის, ან ფრეზებს – მძიმე ნიადაგებისთვის.

ზედაპირული ფენის გაფხვიერების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ღრმა ძირითად დამუშავებას ცვლიან ნიადაგის მცირე სიმაღლეზე დამუშავებით.

ამასთან, რიგთაშორისების დაუმუშავებლად მინდვრის მხოლოდ ის ზოლი მუშავდება, სადაც უშუალოდ სიმინიდის თესლი ხვდება ნიადაგში.

სიმინიდი ითესება Mini-Till-ის კომბინირებული სათესებით, რომელიც უზრუნველყოფს ერთი გავლით ნიადაგში სათანადო სიღრმეზე კვალის გახსნას, თესლის და სასუქის შეტანას, კვალის დახურვას და დატკეპნას.

თესვის შემდეგ ნაკვეთების რიგთაშორისებში სარეველებს ანადგურებენ არა მექანიკური, არამედ ქიმიური საშუალებებით.

სიმინდის მოსავლის აღებისას ჩალას აქუცმაცებენ სიმინდის ამღებ კომბაინზე დამონტაჟებული დამაქუცმაცებელი მექანიზმის მეშვეობით და მინდორში თანაბრად მულჩის სახით აბნევენ, რის შედეგადაც ნაკვეთი No-Till ტექნოლოგიის განხორციელებისათვის მზად არის.

ლობიოს მოყვანა მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიით

ლობიოს მოყვანისას, მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის დატკეპნილი ქვედა ფენის პერიოდულ გაფხვიერებას და მის მიერ წყლის შეთვისების და აერაციის რეჟიმების გაუმჯობესებას. შესაბამისად, ნიადაგს ბელტის გადაუბრუნებლად ჩიზელური კომბინირებული მანქანით 0,35-0,45 მ. სიღრმეზე ამუშავებენ.

ჩიზელირების შემდეგ, აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე ნიადაგი უნდა გამოიკვებოს ორგანო-მინერალური სასუქებით, სათანადო დოზით.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ნიადაგების ზედა ფენას ექსცენტრული დისკოებიანი ფარცხებით აფხვიერებენ, ხოლო მძიმე ნიადაგებს — ჰორიზონტალური ფრეზით.

ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ღრმა ძირითად დამუშავებას ცვლიან ნიადაგის მცირე სიღრმეზე დამუშავებით; ამასთან, დამუშავდება მინდვრის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც უშუალოდ ხდება ლობიოს ჩათესვა რიგთაშორისების დამუშავების გარეშე.

ლობიოს თესვას აწარმოებენ ისეთი უნივერსალური კომბინირებული სათესებით, რომელიც უზრუნველყოფს ერთი გავლით ნიადაგის კვალის გახსნას, თესლის და სასუქის შეტანას ნიადაგში სათანადო სიღრმეზე, კვალის დახურვას და დატკეპნას. ე.ი. ამ შემთხვევაში ხდება რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულება ერთი გავლით.

თესვის შემდეგ ნაკვეთების რიგთაშორისებში სარეველებს ანადგურებენ ქიმიური საშუალებებით.

მოსავლის აღებისას ლობიოს ჩალის ამღებ კომბინირებულ მანქანაზე დამონტაჟებული დამაქუცმაცებელი მექანიზმით აქუცმაცებენ და მინდორში თანაბარ მულჩად აბნევენ, რის შედეგადაც ნაკვეთი No-Till ტექნოლოგიის განხორციელებისათვის მზად არის.

სოიას მოყვანა მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიით

მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიაში სოიას მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის დატკეპნილი ქვედა ფენის პერიოდულ გაფხვიერებას და მის მიერ წყლის შეთვისების და აერაციის რეჟიმების გაუმჯობესებას. შესაბამისად, მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებისას ნიადაგის მოსამზადებლად აქაც უპირველესად ნიადაგს ბელტის გადაუბრუნებლად, პერიოდული მონაცვლეობით 0,35-0,40 მ. სიღრმეზე ჩიზელური ან ბრტყლადმჭრელი კომბინირებული მანქანით ამუშავებენ.

ჩიზელირების შემდეგ, წინასწარ ჩატარებული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე, ნიადაგი უნდა გამოიკვებოს ორგანო-მინერალური სასუქებით.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ ნიადაგის ზედა ფენას შესაბამისი აგრეგატით აფხვიერებენ.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ღრმა ძირითად დამუშავებას ცვლიან ნიადაგის მცირე სიმაღლეზე დამუშავებით. ამასთან, ამუშავებენ მინდვრის მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც უშუალოდ ხდება სოიას ჩათესვა რიგთაშორისების დამუშავების გარეშე.

სოიას თესვას აწარმოებენ Mini-Till-ის კომბინირებული სათესებით, რომელიც ერთი გავლით უზრუნველყოფს ნიადაგში კვალის გახსნას, თესლის და სასუქის შეტანას ნიადაგში სათანადო სიღრმეზე, კვალის დახურვას და დატკეპნას.

თესვის შემდეგ ნაკვეთებში სოიას რიგთაშორისებში სარეველებს ქიმიური საშუალებებით ანადგურებენ.

Mini-Till ტექნოლოგიით დათესილი სოიას ფოთლოვან გამოკვებას აწარმოებან ვეგეტაციის პროცესში.

სოიას მოსავლის აღებისას ჩალა უნდა დაქუცმაცდეს და მოიბნას მინდორში თანაბრად მულჩის სახით, რის შედეგადაც ნაკვეთი მზად არის სოიას No-Till ტექნოლოგიით მოყვანისთვის.

One thought on “მინიმალური დამუშავების (Mini-Till) სამანქანო ტექნოლოგია სიმინდის, ლობიოსა და სოიოსათვის

  • 21/12/2017 at 13:00
    Permalink

    35-40 სანტიმეტრი ბევრია. დაამტვრევს აგრეგატს, ეს იღრმე არ ც არის საჭირო

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *