დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მირანდას ღვინო _ ეს პატარა გოგო, თავის მცირე ვენახით დიდ მოედანზე ითამაშებს

ბევრი მივლია თუ ცოტა, ბევრი კარგი ღვინო დამილევია თუ ცოტა, ერთ საინტერესო რამეს მივაგენი – მეღვინეებში მოდური გახდა ამაღლებული ტონალობით იმის მოყოლა, თუ რა სჭირდება ნამდვილ, ბუნებრივ, კეთილშობილ ღვინოს. მინახავს მეღვინეები, ღვინის დაწურვა კი არა, დალევაც რომ უნდა აუკრძალოს კაცმა, ისეთებიც ვნახე, ტექნოლოგებს რომ სარდაფებში მალავენ და თვითონ იბრალებენ, არიქა, მე ვარ, ვინც ვარო. უვენახო მევენახეებიც ნანახი მყავს და უღვინო მეღვინეებიც. მოკლედ, მაგრამ ამდენ გაუგებრობაში, მაინც იმედი და სიხარულია ხოლმე ნამდვილი, კარგი, მცოდნე და რაც მთავარია, საქმის მოყვარული მეღვინეს პოვნა.

ალეკო სარდანაშვილთან შევიარეთ რაჭაში, ხვანჭკარაში. ალეკოს თავადაც სანაქებო ღვინო აქვს და ტყუილად არავის შეაქებს, იოანე წინასწარმეტყველივით კი მითხრა – აი, მირანდას ნახავ ლეჩხუმში და მიხვდები ეგ რა მაგარი გოგოა, ჩემზე ბევრად მაგარ ღვინოს დაგალევინებსო.

ლეჩხუმზე ბევრი უნდა ითქვას, ბევრი დაიწეროს, ბევრმა ფილმიც უნდა გადაიღოს ამ მხარეში, რომელიც ძალიან ავთენტურია. აქ ხალხიც კი მუზეუმის ექსპონატებივით შემონახული და ნამდვილია, სუროგატულობა ძალიან შორსაა კუთხისგან, რომელიც სვანეთის, რაჭის და იმერეთის ხასიათების საუკეთესო თვისებებს ითავსებს.

ლეჩხუმში ერთი გოგო ცხოვრობს, ამ გოგოს პატარა ვენახი აქვს, ვენახი ტვიშშია.

ახლა გავშალოთ ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება და მოვყვეთ:

მირანდა მშობლიურ მხარეში დასახლდა, რომ ბებიის დანატოვარი კერა არ გაეციებინა. ეს ამბავი, ბებიიდან შვილიშვილზე ისტორიის გადასვლები, ლეჩხუმში კიდევ სულ სხვა ხაზია, აქაური ქალები ხომ კაცების ტოლ-სწორები და სხვანაირად, ბუნებრივად ტოლსწორები არიან, როგორც ადამიანის გაჩენისას დაიგეგმა, როგორც ღმერთმა იფიქრა ისე.

მირანდამ რამდენიმე ხანი სანერგე მეურნეობაში იმუშავა თურმე, ხელფასის მაგივრად კი ნერგები მოითხოვა, ტვიშის ცოლიკოურის ნერგები. მირანდამ საქმე საკუთარი შრომით მოპოვებული ნერგებით დაიწყო და ალბათ ამიტომ უვლის შვილივით.

მიწა გაასუფთავა, მოხნა, დაამუშავა, ვაზი ჩაყარა, მოუარა, გაზარდა, საკუთარი ხელით სხლავს, თავად ფურჩნის, კრიფავს და იმ თავისი ქალური თითებით, 1500 კილო ყურძენს მარტო მარცვლავს. ვისაც მტევანი დაუმარცვლავს, იცის, რომ სახალისოა, ვისაც 100 კილო, იცის, რომ დამღლელი, ვისაც 1500 კილოს დამარცვლა წარმოუდგენია, იტყვის, რომ ეს შეუძლებელია. მირანდასთვის არა.

თავიდან, როცა ვენახი ჩაყარა, იქნებ ზოგიერთ მეზობელს ეღიმებოდა – როდის იყო ქალი ვენახს უვლიდაო, მერე, როცა სანაქებო ვაზი გაზარდა, ვის გაუგია ქალი ღვინოს წურავდესო, ახლა, როცა მირანდას ღვინოს სინჯავენ, ულვაშებშ ეცინებათ – ქალის საქმე ეს ყოფილა და სხვასაც ვასწავლოთო.

მირანდას ღვინო დახვეწილია, როგორც ალეკო სარდანაშვილი იტყოდა, ნამდვილია – მოხვნიდან ბოთლის საცობის დაცობამდე მხოლოდ მისია, როგორც ბავშვი, დაბადებამდე რომ უარყოფს მამა და მხოლოდ დედის საკუთრება ხდება.

დედასავით უვლის ვაზს მირანდა – ვაზის ფოთოლს მტვერიც კი არ ადევს, მტევანი სრულყოფილად მოვლილია. მირანდა, როგორც ყველა პერფექციონისტი, აკონტროლებს, რომ ყველა კვალში, ყველა მტევანი იყოს იდეალური. დადის, დადის, დადის, დადის და ვაზს უყურებს, ელაპარაკება, აკვირდება, ეფერება და უვლის, ზრდის, იმედი აქვს.

იმედი აქვს, იმის მიუხედავად, რომ „აწარმოე საქართველოში“  უთხრა: _ შენ არ გეკუთვნის დაფინანსება, საკმარისი არგუმენტები არ გაქვსო.

მირანდას გული არ გაუტეხავს, კიდევ ვიშრომებ და მექნება არგუმენტებიო. რანაირად ვუთხრა მირანდას, რომ უარგუმენტობა კი არაა  პრობლემა, ტვიშის მიკროზონაა პრობლემა, ეს შვილივით ნაზარდი ვენახი „აწარმოე საქართველოსთვის“ დასატბორი ადგილია. ფულის გადაყრაა, იქნებ და კლიმატის ცვლილებამ ვენახიც მოსპოს?

არადა, სჭირდება, ჰაერივით სჭირდება მირანდას და მის ღვინოს განვითარება, დედას ხელს რა ჩააქნევინებს შვილზე, მაგრამ იმედი არ უნდა გადაეწუროს, არ უნდა იფიქროს ნეტავ მეც ქუთაისში ან თბილისში მეცხოვრაო. არც იმ ადამიანების გულია გასახარელი „სად ქალი და სად ღვინოო“ (აქვე, ნახონ ქეთო ნინიძის მაგალითიც) რომ ამბობენ, თითქოს კაცი და მხართეძოზე წოლა ყველი და პურივით იყოს.

მირანდა ბევრს უყვარს ლეჩხუმში, მაგრამ ალბათ ცოტას სჯერა, რომ ეს პატარა გოგო, თავის მცირე ვენახით დიდ მოედანზე იბურთავებს.

მირანდამ იცის როგორ უნდა დაწუროს ფანტასტიკურად გემრიელი ღვინო, მაგრამ არ იცის როგორ გაყიდოს, სად გაყიდოს. საამისოდ არც სცალია, ვენახის მოვლას მამასაც კი არ ანდობს, დაფოფინებს და დატრიალებს. ვინმემ რომ ითავოს, ასეთი ადამიანების მხარდაჭერა ყველას შეგვიძლია. დაგვენერგა წესი და ფეხზე ძნელად მდგომი მეღვინისთვის დახმარების ისეთი მეთოდი მოგვეფიქრებინა, ქვეყანასაც რომ გამოადგებოდა?

იქნებ გაისად ჩამოსასხმელი თითო ბოთლი ღვინო ვიყიდოთ, მთელი მარაგი ამოვუწუროთ მირანდას და მხრებში გამართულმა, მეტი პასუხისმგებლობით გააგრძელოს ის თავისი საქმე, საქმე, რომელსაც არც ფულისთვის, არც სახელისთვის არ აკეთებს, საქმე, რომელიც ძალიან უყვარს.

გურამ მეგრელიშვილი,

წყარო: https://gurammegrelishvili.wordpress.com