მსოფლიო გამოცდილებაში არ მოიპოვება მზა რეცეპტები მიწების დენაციონალიზაციის, განსახელმწიფოებრიობის ეფექტური მოდელის შერჩევისათვის. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად უდგება ამ პრობლემის გადაჭრას, გამომდინარე იმ მიზნებიდან და მისიიდან, რომელსაც ისინი აკისრებენ სოფლის მეურნეობის განვითარებას.

დასავლეთევროპული ქვეყნების კანონმდებლობა, ძირითადად, უარყოფითადაა განწყობილი იურიდიული პირებისთვის მიწის მიყიდვის საკითხისადმი.

უმეტეს ქვეყნებში მიწის ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებელ ფიზიკურ პირებს. ამასთან, განსაზღვრულია ქვედა და ზედა მაქსიმალური საზღვრებიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნაკვეთების გადამეტებული დაქუცმაცება და ფრაგმენტიზაცია. მაგალითად, დანიაში მიწის კანონმდებლობით საკუთარი და იჯარით აღებული მიწის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 150 ჰა-ს. იგი არ უშვებს არც ლატიფუნდიების შექმნას ან მიწებით სპეკულირებას და არც მათ არარაციონალურ დანაწევრებას.

ამგვარი პოლიტიკა მნიშვნელოვნად განაპირობებს დანიის სოფლის მეურნეობის ეფექტურად ფუნქციობას. შვეიცარიაში კი “კანონი მიწის საკუთრების შესახებ” (1994 წ.) ადგენს ერთი მეურნეობის მინიმალურ და მაქსიმალურ საზღვრებს. მინიმალურმა ზომამ უნდა უზრუნველყოს ერთი ადამიანის დასაქმება, მაქსიმალურად კი ითვლება ნაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალური შემოსავლების დონეს 2,5- 3 დასაქმებულისთვის. დაბლობ, ვაკე ადგილებში მინიმალური ფართობის ზომაა 5-7,5 ჰა.

იჯარით აღებისას მიწის მინიმალური ზომა უნდა უზრუნველყოფდეს 1,5 მომუშავის დასაქმებას. ნორვეგიაში აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანია რეგიონების მოსახლეობისგან დაცლის შეფერხება და ტერიტორიების გაუკაცრიელებისაგან დაზღვევა. ორიენტაცია კი აღებულია მესაკუთრე ფერმერის შენარჩუნებისაკენ, კანონმდებლობა ზღუდავს ნაკვეთების დანაწევრებას, ხოლო იჯარა რეგლამენტირებულია. ნიდერლანდებში მნიშვნელოვანი ნაწილი დამშრალი მიწებისა ეკუთვნის სახელმწიფოს და გაიცემა ხანგრძლივი იჯარის საფუძველზე. ამავე დროს იზღუდება მიწის გადაჭარბებული კონცენტრაცია და ცალკეული პირების ხელში დიდი ფართობების მოქცევა.

ირლანდიაში, გამომდინარე ისტორიული დაპირისპირებით ინგლისელ “ლენდ-ლორდებსა” და მეიჯარე ირლანდიელებს შორის, მიწის იჯარა ეროვნული სულის დამაკნინებელ მოვლენადაა მიჩნეული. აგრარული პოლიტიკა აქ ორიენტირებულია მესაკუთრე ფერმერზე. იჯარის მიღების უფლებას ესაჭიროება მთავრობის განსაკუთრებული უფლება. საფრანგეთში კანონმდებლობა მოითხოვს მიწის ყოველი ყიდვა-გაყიდვისას ან იჯარით გაცემისას განსაკუთრებულ სამთავრობო ნებართვას. მეურნეობა უნდა უზრუნველყოფდეს მინიმუმ ორი ადამიანის დასაქმებას. ამგვარ მინიმალურ ზომად მიჩნეულია 25 ჰა. გერმანიაში მიწის ფრაგმენტაციის აღკვეთის მიზნით, გასაყიდი ან იჯარით გასაცემი ნაკვეთი არ უნდა იყოს 1 ჰა-ზე ნაკლები; მაქსიმალურ ზომად მიჩნეულია 400-500 ჰა. მიწის ბაზრისადმი უფრო ლიბერალური დამოკიდებულებაა აშშ-ში, ავსტრალიასა და კანადაში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და საბერძნეთში, სადაც სახელმწიფო იტოვებს ჩარევის უფლებას, მაგალითად, ეკოლოგიური პრობლემის წარმოქმნისას.

ამგვარად, უმეტესი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ახორციელებს მიწის ბაზრის მკაცრ კონტროლს და რეგულირებას, რომელიც ორიენტირებულია მეურნეობის ეფექტიანობაზე, დასაქმებაზე, სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ მიზნებზე.

დღეს თანამედროვე მაღალმექანიზებული წარმოების დანერგვასთან ერთად ადგილი აქვს მეურნეობების საშუალო ზომების გადიდების ტენდენციას და მიწების კონსოლიდაციას, ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს მცირე მეურნეობების უფრო მსხვილი მეურნეობებისთვის მიყიდვის პროცესი. ეს პროცესი ორიენტირებულია ფერმერული მეურნეობის კომერციულ განვითარებაზე. ევროკავშირში საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობა შეადგენს 14-14.5 ჰა-ს.

ქვეყანა

მიწის საშუალო ფართობი ერთ მეურნეობაზე ქვეყანა

 

მიწის საშუალო ფართობი ერთ მეურნეობაზე

ევროკავშირი 14.1 ლიტვა 13.7
ბელგია 31.7 ლუქსემბურგი 59.3
ბულგარეთი 9.8 უნგრეთი 8.0
ჩეხეთი 152.4 ნიდერლანდები 26.0
დანია 64.6 ავსტრია 19.5
გერმანია 55.8 პოლონეთი 9.6
ესტონეთი 47.7 პორტუგალია 12.0
ირლანდია 32.3 რუმინეთი 3.4
საბერძნეთი 5.8 სლოვენია 6.4
ესპანეთი 24.0 სლოვაკეთი 28.1
საფრანგეთი 52.6 ფინეთი 35.9
იტალია 7.9 შვედეთი 43.5
კვიპროსი 3.1 დიდი ბრიტანეთი 78.6
ლატვია 21.5 ნორვეგია 21.6

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *