მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზი

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინფექციურ დაავადებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტუბერკულოზი, რადგანაც ეს დაავადება არა მარტო მეცხოველეობაში განაპირობებს დიდ დანაკარგებს, არამედ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის.

ტუბერკულოზის სახელწოდება წარმოდგება კვანძების _ ტუბერკულებისაგან, რომლებიც წარმოიქმნება დასნებოვნებული ცხოველის ლიმფურ კვანძებში. უკვე მრავალი საუკუნეა ადამიანი ამაოდ ცდილობს დაამარცხოს ეს სასიკვდილო სენი, რომელიც აღწერილი აქვს ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს (ჩვ.წ.აღ VI საუკუნე).
ტუბერკულოზი _ თბილსისხლიანების, ძუძუმწოვარი ცხოველების, ფრინველების და ადამიანების მძიმე, ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შეიძლება დაავადდნენ ცივსისხლიანებიც.

ტერმინი „ტუბერკულოზი“ პირველად გამოიყენა ფრანგმა ექიმმა ლენეკმა (1819 წ), დაავადების გადამდები უნარი დაადასტურა ვილმენმა (1865 წ), დაავადების აღმძვრელი ტუბერკულოზის ჩხირი აღმოაჩინა რ. კოხმა (1882 წელს), მანვე 1890წელს დაამზადა პირველი ალერგენი _ ტუბერკულინი. 1924 წელს კალმეტმა და გერენმა დაამზადეს სპეციალური ვაქცინა (BCG – Bacterium Calmett-Guezin; kalmet-gesenis​ ბაქტერია), გამოიყენება ტუბერკულოზის სპეციფიკური პროფილაქტიკისთვის ადამიანებში.

როგორ გადაეცემა ადამიანს მრპ-ს ტუბერკულოზი
დაავადების გამომწვევი

მრპ ტუბერკულოზი ანუ ე.წ. ძროხის ტუბერკულოზი გამოწვეულია სპეციფიკური ბაქტერიით Mycobacterium bovis (M. bovis), რომელიც შედის იმავე გვარში, რაც M. tuberculosis (რომელიც აავადებს ადამიანებს) და M. avium ​ (რომლითაც ავადდებიან ფრინველები). ითვლება, რომ ბაქტერიებს შეუძლიათ სახეცვლილება და ერთმანეთში გადადიან განსაზღვრული პირობების დროს. ყველაზე სავარაუდოა ძროხის ტიპის გადასვლა ადამიანისაში. ბაქტერიების ძირითადი განმასხვავებელია მათი ვირულენტობა ანუ დასნებოვნების უნარი.

M. bovis ​ შეიძლება განადგურდეს მზის სინათლის მეშვეობით, მაგრამ ბაქტერია უძლებს გაუწყლოებას და, გარდა ამისა, მდგრადია მჟავებისა და ტუტეების უმეტესობის მიმართ. M. bovis ​ დიდი ხნით რჩება სიცოცხლისუნარიანი ნოტიო თბილ ნიადაგში ყოფნისას. ბაქტერია ძლებს საქონლის ნაკელში 1-8 კვირის განმავლობაში. ნიადაგში 1-2 წელი, ყველში -კარაქში 8-10 თვე.

მრპ ტუბერკულოზი არის გადამდები დაავადება, რომელიც ვრცელდება შემდეგი სახეობების დასნებოვნებულ ინდივიდებთან კონტაქტის გზით: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, გარეული ცხოველები, ადამიანები.

დასნებოვნება ხდება ადამიანთა ან ცხოველთა მიერ წვრილი წვეთების შესუნთქვისას, რომლებიც ხველების დროს გამოიფრქვევა ფილტვებიდან ჰაერში. ინფექცია გადაეცემათ აგრეთვე დაკვლის ან ნადირობის დროს მიყენებულ ღია ჭრილობასთან კონტაქტით.
M. bovis ​ შეიძლება გადაიცემოდეს სხვადასხვა გზებით: ჰაერწვეთოვნით, აუდუღარი რძით, ნერწყვით, შარდით. საქონელს ბაქტერიის ექსკრეცია ეწყება დასნებოვნებიდან 87-ე დღეს. ინფექციის ჩანერგვა ხდება შესუნთქვით (თუ საქონელი ჰყავთ ჩაკეტილ სივრცეში) ანდა შეჭმით გარეული ცხოველების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაჩვებში. ნახირში გაჩენის შემდეგ ინფექცია კვლავ გადაეცემა ცხოველიდან ცხოველს ჰაერწვეთოვანი გზით. ძროხისაგან ხბოს დასნებოვნება შეიძლება მოხდეს რძის ან ხსენის მეშვეობით. სანამ გამოუვლინდება დაავადების კლინიკური ნიშნები, ცხოველი ასწრებს საკუთარი ნახირის ბევრი პირუტყვის დასნებოვნებას.

ამრიგად, ძროხის ტუბერკულოზის გავრცელების ძირითადი გზებია:

1. ნახირში დროულად არადიაგნოსტირებული დაავადების მქონე ცხოველთა ყოფნა.
2. კონტაქტები გარეულ ცხოველებთან.

როგორც წესი, ცხოველები უფრო მიდრეკილნი არიან M. bovis -ით დასნებოვნებისადმი არასაკმარისი კვებისა და მომატებული სტრესის პირობებში. მაღალი რისკის კატეგორიაში ხვდებიან ახალგაზრდა ცხოველები. არსებობს დადასტურებული მონაცემები იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით მსხვილი მერძევეობის ფერმები უფრო ხშირად აწყდებიან ასეთ სიძნელეებს.

კლინიკური გამოვლინებები

ჩვეულებრივ ძროხის ტუბერკულოზის სიმპტომები შინაურ პირუტყვში გრძელდება რამდენიმე თვეს. რა დროს დაიკავებს საინკუბაციო პროცესი _ ცნობილი არ არის, რადგანაც ინფექცია შეიძლება წლობით იმყოფებოდეს ორგანიზმში და ელოდოს ხელსაყრელ პირობას: სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას, დაბერებას.
ტუბერკულოზის პათოგენეზი ძირითადად ატარებს ქრონიკულ ხასიათს, ხოლო ადრეულ სტადიებზე პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
გვიანდელ სტადიებზე გავრცელებულია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: პროგრესირებადი გამოფიტვა, სუბფებრილური ტემპერატურა (ნორმალურზე 1-20ჩ-ით მაღალი ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში) სისუსტე, უმადობა.

ფილტვის დაზიანების მქონე ცხოველებში დაავადება იწვევს სველ ხველებას, მომატებული ინტენსივობით დილაობით, ცივ ამინდში და ფიზიკური დატვირთვისას, იშვიათ შემთხვევებში აღენიშნებათ ქოშინი ან გახშირებული ზედაპირული სუნთქვა.

დაავადების ბოლო სტადიაზე ცხოველები ძლიერ კახექსიურები არიან და სუნთქვისას განიცდიან სიძნელეებს. ზოგ ცხოველს ხახის უკანა თუ სხვა ლიმფური კვანძები უდიდდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი გახეთქვა და სითხის დაღვრა მიმდებარე ქსოვილებში. მნიშვნელოვნად გადიდებული ლიმფური კვანძები ართულებენ სისხლძარღვების, სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამავალობას. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის დარღვევისას პერიოდულად თავს იჩენს დიარეა და ყაბზობა.

არაპასტერიზებული რძითა და ცხოველებთან კონტაქტებით ტუბერკულოზი შეიძლება გადაედოს კატებსაც, კატებიდან ადამიანებს, როგორც ნებისმიერი ინფიცირებული ცხოველისაგან.

სიმპტომები დიდწილად ერთი და იგივეა: წონაში კლება, სუბფებრილური ტემპერატურა, გაუწყლოება, უმადობა, ღებინების ან ფაღარათის შემთხვევები.
სტატისტიკური კვლევების თანახმად, ძროხის ტუბერკულოზით ავადობა ადამიანებში მთელ მსოფლიოში შეადგენს ინფიცირებულთა ჯამური რიცხვის 3,1%-მდე. აქედან 2.1% _ ფილტვის ტუბერკულოზია, ხოლო 9,4% _ არაფილტვის.
რქოსან პირუტყვში ტუბერკულები ლოკალიზებულია ლიმფურ კვანძებში, უპირატესად თავის და გულ-მკერდის არეში. ასევე შეიძლება მათი გამოვლენა ფილტვებში, ელენთაში, ღვიძლში. ზოგჯერ მრავალრიცხოვანი წვრილი გრანულომები თავს იჩენენ რამდენიმე ორგანოში ერთად. იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ავადობის კონტროლის პროგრამები, გაკვეთისას დასნებოვნებულ ცხოველებს, როგორც წესი, უმნიშვნელო რაოდენობით უვლინდებათ დაზიანების უბნები. მათი დიდი ნაწილი ლოკალიზებულია სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ ლიმფურ კვანძებში.

დიაგნოსტიკა

სიცოცხლეში მრპ ტუბერკულოზით ინფიცირების გამოსავლენად გამოიყენება დიაგნოსტიკის რამდენიმე მეთოდი.

1. კლინიკური დიაგნოზი.
2. დიფერენციალური დიაგნოზი.
3. ლაბორატორიული კვლევები.

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა კომპლექსური ღონისძიებაა. მხოლოდ კლინიკური ნიშნები საკმარისი არ არის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. განვითარებულ ქვეყნებში დაავადების სიმპტომები იშვიათად ვლინდება, რადგანაც შემთხვევათა უმეტესობა დიაგნოსტირდება ადრეულ ვადებში ლაბორატორიული კვლევების ჩატარების გზით ანდა აღმოაჩენენ დაკვლის შემდეგ ხორცის გამოკვლევის გზით.

დიფერენციალური დიაგნოზი არის მეთოდი, რომლის დროსაც გამოირიცხება მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებები.

ცხოველებში ტუბერკულოზის გამოსავლენად უნდა გამოირიცხოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა:
 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონია;
 კორინობაქტერიებით გამოწვეული პასტერელოზი და პნევმონია;
 ასპირაციული პნევმონია;
 ტრავმული პერიკარდიტი;
 ფსევდოტუბერკულოზი ან პნევმოენტერიტი წვრილფეხა მცოხნელ ცხოველებში;
 დასენიანება ღვიძლის ორპირათი.

უპირველეს ყოვლისა, გამოირიცხება ფილტვების ინფექციური დაავადებები, შემდეგ ანთებები და ჰელმინთური ინვაზიები.
M. bovis -ით დასნებოვნებულ ცხოველთა განსასაზღვრად ჩვეულებრივ გამოიყენება კანქვეშა ტუბერკულინიზაციის მეთოდი. კანქვეშა ტუბერკულინიზაცია არის მაღალმგრძნობიარე სპეციფიკური ტესტი, მაგრამ მის დასამუშავებლად საჭიროა 48-დან 72 საათამდე.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულინიზაციას ატარებენ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ტუბერკულინს ცხოველებს შეუყვანენ კისრის კანში ანდა კუდქვეშა ნაკეცში. რეაქცია განისაზღვრება ინექციიდან 72 საათში. ცხოველი დასნებოვნებულად ითვლება კანის ნაკეცის 3 მმ-ზე მეტით გასქელებისას.

კანქვეშა სინჯი არის დიაგნოსტიკის ალერგიული მეთოდი, ამიტომ შედეგი უმეტესად დამოკიდებულია ცხოველის იმუნიტეტზე, ასაკზე, მდგომარეობაზე. ზოგჯერ რეაქცია სუსტადაა გამოხატული ან სულაც არ აღინიშნება.
M. bovis-ის განსაზღვრის მეთოდია ასევე რძის ნიმუშების გამოკვლევა. ანალიზი საკმაოდ მგრძნობიარე და ზუსტია, მაგრამ მოითხოვს მნიშვნელოვან შრომით ხარჯებს და ექვს კვირაზე მეტს იმისათვის, რომ გამოვლინდეს დაავადება.

მიკრობაქტერიული ინფექციების დიაგნოსტირება ყველაზე ეფექტიანია ისეთი ლაბორატორიული გამოკვლევის გამოყენებით, როგორიცაა დათესვა, თუმცა, M. bovis-ის გამოვლენა დათესვის გზით არის შრომატევადი პროცესი, რომელიც მოითხოვს ბევრ დროს. ამასთან, მოლეკულური ტექნოლოგიები ძვირი ღირს.
მრპ-ში ტუბერკულოზის გამოსავლენად ერთ-ერთ საიმედო და ნაკლებ შრომატევად საშუალებად ითვლება ტუბერკულოზის ანტისხეულის სწრაფი ტესტი, რომელიც არის ხარისხობრივი იმუნოქსომატოგრალიური ანალიზი, რომლის მიზანია მიკრობაქტერიის ტუბერკულოზის ანტისხეულების გამოვლენა პირუტყვის სისხლის შტატში, პლაზმაში, სისხლში. პასუხს ვიღებთ 15-20 წუთში, საველე პირობებში.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

ინფიცირებული ცხოველები არ ექვემდებარებიან მკურნალობას _ მათ უტარებენ იზოლირებას და უშვებენ დასაკლავად.

ტუბერკულოზის პროფილაქტიკა მეურნეობებისათვის, რომლებიც მოაშენებენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, მოიცავს შემდეგ ზომებს:

1. შინაური მრპ-ის პერიოდული ტუბერკულინიზაცია დაავადების გადამტანთა შემდგომი ლიკვიდაციით.

2. ხორცის შემოწმება სასაკლაოებზე. დაკვლის შემდეგ ხორცს ამოწმებენ ტუბერკულების არსებობაზე ფილტვებსა და ლიმფურ კვანძებში. ეს კეთდება იმისათვის, რომ ინფიცირებული ხორცი არ მოხვდეს ადამიანის საკვებში, აგრეთვე იმისათვის, რომ ვეტერინარებს შეეძლოთ თვალის მიდევნება ცხოველის დასნებოვნების გზისათვის და სხვა დაავადებული ცხოველების გამოვლენა.

3. დადგენილი სანიტარული ნორმების დაცვა ცხოველებთან მუშაობის დროს.

4. კარანტინის დაწესება ინფიცირებული ცხოველების გამოვლენისას.

5. სანაციისა და დეზინფექციის ღონისძიებები ამცირებენ ჯოგის შიგნით დაავადების რისკს. ბაქტერია M. bovis ​ შედარებით მდგრადია მადეზინფიცირებელ საშუალებათა მიმართ, ამიტომ მის მოსასპობად საჭიროა ხანგრძლივი კონტაქტი მოქმედ ნივთიერებასთან. ყველაზე ეფექტურია ფენოლის 5% _ იანი ხსნარის შემცველი საშუალებები, იოდის მაღალი კონცენტრაციის მქონე საშუალება ფორმალდეჰიდი. M. bovis მგრძნობიარეა არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობის 1200ჩ-ზე მეტი ტემპერატურის სიმხურვალის ზემოქმედებისადმი.

6. იმ ფერმებში, სადაც გამოვლინდა ძროხის ტუბერკულოზის შემთხვევები, რეკომენდებულია მღრღნელებთან ბრძოლის ზომების მიღება.

7. საქონლის შენახვა ხელსაყრელ პირობებში.

8. მეურნეობასთან გარეულ ცხოველთა წვდომის შეზღუდვა: თივის შესანახი ადგილების შემოღობვა, მეურნეობის ბიოდაცვის ზომების მიღება.
ეფექტიანი ვაქცინა ცხოველებისათვის მრპ ტუბერკულოზის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, მუშავდება და ტესტირდება ახალი სახის ვაქცინები _ უპირატესად გარეული ცხოველებისათვის.

ძროხის ტიპის ტუბერკულოზით დასნებოვნებულ ადამიანთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო ქვეყნებში, რომლებშიც არის პასტერიზებული რძე და ტუბერკულოზთან ბრძოლის მოქმედი პროგრამები, თუმცა, ძროხის ტუბერკულოზი დღემდე დიაგნოსტირდება ადამიანებში იქ, სადაც არ იღებენ სათანადო ზომებს ტუბერკულოზის გავრცელების გასაკონტროლებლად. მაღალი რისკის ქვეშ არიან ფერმერები, სასაკლაოების მუშაკები და ცხოველებთან უშუალოდ მომუშავე სხვა პერსონალი.

ადამიანებში დაავადების დასაწყისში ტუბერკულოზი შეიძლება აგვერიოს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციაში.

ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა:
 ქრონიკული დაღლილობა;
 სისუსტე;
 წონაში დაკლება;
 მშრალი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით და დილით ადრე;
 სუბფებრილური ტემპერატურა.

დაავადების ამგვარი ფორმები გვხვდება უფრო იშვიათად ფილტვის ფორმასთან შედარებით და ამ გამოვლინებათა დიაგნოსტირება უფრო რთულია, რადგანაც ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს რიგ სხვა დაავადებებთან.

 ტუბერკულოზი მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილიანობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზიდან ერთ-ერთია.
2016 წელს ტუბერკულოზით დაავადდა 10,4 მილიონი ადამიანი, 1,7 მილიონი კი დაიღუპა (აქედან 0,4 მილიონს ჰქონდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი)
95% _ სიკვდილიანობა საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებზე მოდის.

64% საერთო რაოდენობისა შვიდ ქვეყანაშია: ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები და სამხრეთ აფრიკა.

 2016 წელს 1 მილიონი ბავშვი დაავადდა ტუბერკულოზით და 250 000 გარდაიცვალა (აქ შედის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონეც)
ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) 2015 წლის მონაცემებით საქართველო ტუბერკულოზის მხრივ პირველ ათეულში იყო. 2015 წელს ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3561 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ 95 შემთხვევა ყოველ 100000 მოსახლეზე. 2016 წლიდან საქართველო ამოღებულ იქნა ჯანმოს მიერ გამოცემული „მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი რისკის მქონე ქვეყანათა სიიდან“.

მართალია ბოლო ოთხი წლის სტატისტიკით საქართველოში ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევათა რაოდენობა შემცირდა _ 30%-ით, თუმცა, 3300-ზე მეტი დარეგისტრირებული შემთხვევა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ტუბერკულოზი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერით, ხველების დროს. ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ჰაერში გამოყოფს ტუბერკულოზის ბაქტერიებს, ადამიანის დაინფიცირებისათვის კი საკმარისია ჩაისუნთქოს მცირედი რაოდენობა ასეთი ბაქტერიისა. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედს აქვს ლატენტური ტუბერკულოზი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები დაინფიცირებულები არიან ტუბერკულოზის ბაქტერიებით, მაგრამ ჯერ ავად არ გამხდარან და არ შეუძლიათ გადასდონ სხვას ეს დაავადება.

რისკი იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც დაინფიცირებულნი არიან ტუბერკულოზის ბაქტერიებით, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ დაავადდნენ, შეადგენს 5-15%-ს. დაავადების მაღალი რისკი აქვს იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე ადამიანებს, ასევე არასაკმარისი კვების მქონეებს, დიაბეტიანებს და თამბაქოს მწეველებს.

ადამიანში ტუბერკულოზის აქტიური ფორმის განვითარებამდე შეიძლება გავიდეს თვეები და ამ ხნის განმავლობაში, სანამ ის სამკურნალო დაწესებულებას მიაკითხავს, არის რისკი, რომ დააავადოს ირგვლივ მყოფი 10-15 ადამიანი.

ადამიანებს, რომელთაც იმუნური სისტემა დაბალი აქვთ (ასეთი, სამწუხაროდ, ბევრია) დაავადების რისკი მაღალი აქვთ. ტუბერკულოზის დაავადების შემთხვევათა 20% მსოფლიოში მოდის თამბაქოს მწეველებზე.

ტუბერკულოზზე შეიძლება იმკურნალოთ და განიკურნოთ. 2000 წლიდან 2016 წლამდე განიკურნა 53 მილიონი ადამიანი. ტუბერკულოზზე სამკურნალო პრეპარატების რაოდენობა შეზღუდულია და, სამწუხაროდ, იზრდება ბაქტერიების მდგრადობა ზოგიერთი ანტიბიოტიკისადმი, რაც კიდევ უფრო გაართულებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ.

მართალია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს პოლიტიკა და სტრატეგია ადამიანის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ, რომელიც ძირითადად მკურნალობასა და პროფილაქტიკას ეხება, ასევე განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს, რომელიც ეყრდნობა შესაბამის სახელმწიფო მხარდაჭერას, მაგრამ მთავარი მაინც მოსახლეობა და მისი მხარდაჭერაა, გააზრება თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შეუსრულებლობის გამო და კვლავ რომ დავუბრუნდეთ ზემოთ თქმულს, პირუტყვის ტუბერკულოზს, რომლის გადადების რისკი თითქმის ყველა ნაბიჯზეა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ასევე გზებზე და იქ, სადაც იყიდება უკონტროლო პროდუქტები, განსაკუთრებით ხორცი, რძე, ყველი და ა.შ. ეხება ყველა სახის ხორცისა და რძის პროდუქტებს, რომელთა წარმომავლობაც უცნობია.

სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთმანეთის გვერდში დგომით შესაძლებელია, რომ 10-15 წელიწადში დაავადება შემცირდეს ევროპულ მაჩვენებლამდე, ანუ ყოველ 100 000 მოსახლეზე 5-10  ახალი შემთხვევა. 

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 99 ახალი დაავადებული ადამიანი მოდიოდა, აზერბაიჯანში _ 69, სომხეთში _ 41, რუსეთში _ 80, თურქეთი- 18, ბელორუსია _ 55, უკრაინა _ 91, რუმინეთი _ 84, ლიტვა _ 56, ლატვია _ 41, ესტონეთი _ 18. 

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. იყავით უფრო დაკვირვებულნი და მომთხოვნი საკვები პროდუქტების შეძენის დროს.

მიხეილ ჭიჭაყუა,
ვეტექიმი, ბიოლოგიის დოქტორი,
ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *