მთაწმინდის პარკმა „თბილის ჩაის ფესტივალის“ უმასპინძლა

არცთუ დიდი ხნის წინათ, მეჩაიეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო სადაც ათიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული და კარგ შემოსავალსაც იღებდა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თანდათან დაკნინდა და განადგურდა. ათიათასობით ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები გაველურდა, ამოიძირკვა და მისი ადგილი სხვა კულტურებმა დაიკავა, მაგრამ არცთუ სახარბიელო შედეგით.

ბოლო დროს მეჩაიეობას მეტი ყურადღება ეთმობა და დარგიც თანდათან იდგამს ფეხს.

დღეს ქვეყანაში უკვე ჩაის რამდენიმე შედარებით დიდი და მცირე მწარმოებელი კომპანია შეიქმნა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის აწარმოებენ და  ხარისხით უცხოელ კონკურენტებს არაფრით ჩამორჩებიან. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის ჩაი, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც საზღვარგარეთაც გადის მოწონებასაც იმსახურებს.

შაბათს. 21 აპრილს თბილისში მთაწმინდის პარკში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით  ტრადიციული საერთაშორისო  „თბილის ჩაის ფესტივალი“  გაიმართა.

როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ agronews.ge-ს  უთხრა, ფესტივალი 2005 წლიდან იმართება, იგი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს. ფესტივალის მიზანი დარგის პოპულარიზებაა. 

როგორც ბატონი თენგიზი ამბობს, მეჩაიეობის დარგის განვითარებას ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც დასაქმების ძალიან დიდი რეზევრია.

დღეს დარგი ბევრად უფრო გაუმჯობესდა ვიდრე იყო, ხოლო ჩაის წარმოება  სახელმწიფომ პრიორიტეტულად აღიარა.  მას შემდეგ, რაც ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ  ევროპის ბაზარზეც გაიხსნა გზები დარგი უფრო აქტუალური გახდა. ქართულ ჩაიზე მოთხოვნილებაც თანდათან იზრდება

_ ბატონო თენგიზ ჩვენი მომხმარებელი ქართულ ჩაის ნაკლებად  ირჩევს და უპირატესობას  იმპორტირებულ ჩაის ანიჭებს. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

_ ჩვენი ჩაი დისკრედიტირებული იყო და მოსახლეობაში კვლავ არის დალექილი აზრი, რომ თითქოს ქართული წარმოება  უხარისხოა,  შესაბამისად შიდა ბაზარზე მაინდამაინც ქართულ ჩაის არ ეტანებიან იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართული ჩაი ხარისხითაც და ფასითაც კონკურენციას უწევს უცხოურ ანალოგებს, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება უჭირთ, ამიტომაც მწარმოებლებს ურჩევნიათ  პროდუქტი სხვა  ქვეყნების ბაზარზე გაიტანონ, ამის გარდა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ საქართველოში უმეტესად იაფი, დაბალხარისხიანი ჩაი შემოდის და მათთან კონკურენცია რთულია.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და ახალი მწარმოებლების გასაცნობად ყოველწლიურად იმართება ჩაის ფესტივალი. წლევანდელ ფესტივალზე ქართულ ბრენდებთან ერთად სამი უცხოური კომპანიაც მონაწილეობს.

მონაწილეთა შორის  იყო კარგად ნაცნობი „გურიელი“ რომელიც ჩაის 22 წელიწადია აწარმოებს  ხოლო „გურიელის“ სახელწოდებით ბაზარზე 2010 წლიდან გამოდის.  კომპანიის ადმინისტრაციული დირექტორის  ვლადიმერ მესხის თქმით ამ პერიოდის განმავლობაში  63 სახის  ჩაის მომზადება შეძლეს და უახლოეს მომავალში  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავის აღსანიშნავად საიუბილეო ჩაის დამატებასაც გეგმავენ.

კომპანია ქართული ბაზრის 17-20%-ს იკავებს და ცდილობს ყოველთვის  ნატურალური, ქართული პროდუქტით წარდგნენ  მომხმარებელთან, სწორედ ამიტომ მათ მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

მონაწილეთა შორის იყო ჩაის ახალი ბრენდი „ საჩინო“. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორის სანდრო პაიჭაძის თქმით, მათი მიზანი ქართულ და უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრებაა.

კოოპერატივ „კონას“ გამოფენაზე თორმეტი სახის ჩაი ჰქონდა წარმოადგენილი, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული თვისება აქვთ. მაგალითად,  გაციების საწინააღმდეგო ან ძილის წინ ნერვების დამაწყნარებელი. პირადად ჩემთვის და ალბათ ბევრი მკითხველისთვისაც  საინტერესო იქნება სილამაზის ჩაი, რომელიც დაბერების პროცესს  აფერხებს. 

კოოპერატივის წევრი თინათინ უგულავა აღნიშნავს,რომ მსგავსი ფესტივალები დამწყებ მწარმოებლებს ხელს უწყობს ცნობადობის გაზრდაში.

მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი agronews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  ჩაის დარგი ვითარდება, თუმცა იმ მოცემულობისგან, რაც გვინდა გვქონდეს, საკმაოდ შორს ვართ, რადგან  საერთაშორისო დახმარებები და პროგრამები ვერ გვიშველის თუ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა არ გაიზრდება.

ტარიელ ზივზივაძე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ  მხარდაჭერას აღნიშნავს, თუმცა ფიქრობს, რომ ამ პროცესების გამოსასწორებლად ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო, რადგან წლიდან წლამდე თითქმის არაფერი იცვლება.

აღსანიშნავია მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მეჩაიეებს გარკვეულ შეღავათს სთავაზობს, თუმცა  მწარმოებელი გარკვეულ ხარვეზებზე  ლაპარაკობენ.

ფაქტი ერთია, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მეტი მწარმოებელი გაჩნდეს ხოლო წარმოება თავისთავად მეტ რეალიზებულ და დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს.

სალომე კაპანაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *