მწვანე სასუქის (სიდერატი) გამოყენება ბიომეურნეობაში

        დღეისათვის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება მდგრადი გლობალური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიური ამოცანების გადაწყვეტას ისახავს მიზნად.ეკოლოგიური  ამოცანებიდან მეტად მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების გზები. ნიადაგის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ნიადაგში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომლებიც აქუცმაცებენ ორგანულ სუბსტრატს და  წარმოქმნიან ჰუმუსს,  აუმჯობესებს ნიადაგს. ბიომეურნეს რიგი ღონისძიებების გატარებით შეუძლია ხელი შეუწყოს ნიადაგში არსებული ორგანიზმების ოპტიმალურ ბიოლოგიურ აქტივობას და ნიადაგის  ნაყოფიერების ამაღლებას,როგორიცაა: სიდერაცია, მულჩირება, თესლბრუნვა, შუალედური კულტურების გამოყენება (პარკოსნების ჩართვით); ნიადაგის მექანიკური გაფხვიერება; ნიადაგის თხევადი მცენარეული სასუქებით გამდიდრება; ბიოპრეპარატების გამოყენება და ა.შ.

საკვები ნივთიერებების ბალანსის დარღვევა ნიადაგში ყველაზე გავრცელებული აგროეკოლოგიური პრობლემაა აგროეკოსისტემებში. მინერალური კვების ელემენტების გამოტანა ნიადაგიდან, ჩვეულებრივ, კომპენსირდება სასუქების (მინერალური და ორგანული) გამოყენებით, მაგრამ რაც უფრო მეტი ქიმიკატი შეგვაქვს ნიადაგში, მით უფრო მეტი პრობლემა წარმოიშობა გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით,დაბინძურებული ეკოსისტემა იწვევს ადამიანის სასიცოცხლო პირობების მკვეთრ გაუარესებას, რაც იწვევს ათასგვარ დაaვადებებს: გულ-სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიურ, ალერგიულ და სხვა ტიპის  დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდას. ამ პრობლემის თავიდან აცილების ერთ-ერთ გზას ბიოლოგიური მიწათმოქმედება წარმოადგენს. ბიოლოგიურ სასუქებს ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი ეფექტურობა აქვს: არ ანაგვიანებს ნიადაგს და გრუნტის წყლებიც სუფთა რჩება. ნიადაგის თვისებებს, მის სტრუქტურას, მცენარის იმუნიტეტს აუმჯობესებს და მავნებლების მიმართ უფრო გამძლეა. ნიადაგის ნაყოფიერების  ეფექტურ გამოყენებას ხელს უწყობს აგროტექნიკური ღონისძიებათა კომპლექსი, რომლთა შორის, როგორც არსებული კვლევების შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, ერთ – ერთი პრიორიტეტულია  მწვანე სასუქი (სიდერატი).

 დუზაგრამას და წილკნის საცდელ ფართობებზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, მეცნიერულ კვლევებში გამოყენებულია სიდერაცია. მწვანე სასუქის წარმოებას ბიომეურნეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  სიდერატები – ეს არის მცენარეები, რომლებიც მოქმედებენ როგორც სასუქები, მკურნალობენ მიტოვებულ და მცირედ ნაყოფიან მიწებს,  უბრუნებენ მათ უნარს კვლავ გახდნენ ადამიანისათვის უსაფრთხო და ნაყოფიერი.  ისინი თვითონ ძალზე არამომთხოვნებია ნიადაგისა და გარემოს მიმართ. მათი ფესვები კარგად ეთვისება გამოფიტულ ნიადაგებს. ეკო-მიწათმოქმედება, მიტოვებული მიწის აღორძინება ყოველთვის იწყება ნიადაგში მცენარე-სიდერატების თესვით.  ისინი ისევე აჩქარებენ მიკრობიოლოგიურ პროცესებს ნიადაგში, როგორც ჭიაყელები. სიდერაცია  ხორციელდება ნაკვეთზე სპეციალურ მცენარეთა, უპირატესად პარკოსნების ოჯახიდან, თესვით და მათი მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნით.მწვანე სასუქების პრაქტიკაში გამოყენება ევროპაში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისიდან, რუსეთში კი XIX საუკუნიდან იწყება.

ხეხილის ბაღებში, ვენახებში ფართოდ გამოიყენებოდა სიდერატები.ორგანულ მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და მდგრადი შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე სასუქებს — სიდერატებს.  მწვანე სასუქებად იყენებენ შუალედურ კულტურებს, მხოლოდ ძლიერ გამოფიტულ ნიადაგებზე და მეცხოველეობის ფერმებიდან ძლიერ დაშორებულ ნაკვეთებზე. სიდერატების გამოყენება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის გაზრდისა და ნიადაგის ყველა თვისების გაუმჯობესების კარგ საშუალებას. ისინი მოჰყავთ მწვანე მასისთვის, რომელიც შემდგომ ნიადაგში უნდა ჩაიხვნას. ამ დროს ხდება ჯერ კიდევ ცოცხალი, წვნიანი მცენარეების ფესვების ჩახვნა ნიადაგში.

ჩახვნის მომენტისათვის სიდერატები მდიდარია შაქრებით, სახამებლით, ვიტამინებით და ფერმენტებით. მწვანე სასუქისთვის თქვენთვის გამოსადექი  კულტურების შერჩევა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტიპზე. მწვანე სასუქი შეიძლება იყოს: მთელი წლის მანძილზე – ეს მწირი ნიადაგისათვის მომგებიანია ; დამატებითი ნათესი- ეს ნათესი ორნაირია: მოზამთრე და საგაზაფხულო – ითესება ძირითადი კულტურის აღების შემდეგ.  თუ  მწვანე მასას შემოდგომაზე ჩავხნავთ, როდესაც ის ჯერ კიდევ მწვანეა და არ არის ყინვისაგან დაზიანებული, ეს მწვანე სასუქია, მაგრამ თუ იმავე კულტურას დავტოვებთ გაზაფხულამდე მინდორში და გაზაფხულზე მოყინულს ჩავხნავთ ნიადაგში, მაშინ ეს უბრალოდ ორგანული სასუქი იქნება.მწვანე სასუქებისათვის ხშირად იყენებენ პარკოსნებს, რომელთა ფესვებზე მცხოვრებ კოჟრის ბაქტერიებს შეუძლიათ ატმოსფერული აზოტის ფიქსაცია და ნიადაგის გამდიდრება აზოტით. ამდიდრებენ რა აზოტით ნიადაგს, მწვანე სასუქი აუმჯობესებს შემდგომი კულტურების კვებას.

მისი ეფექტი რამოდენიმე  წლამდე გრძელდება ამ მხრივ არ ჩამოუვარდებიან  სხვა ორგანულ სასუქებს. სხვადასხვა კულტურები ნიადაგის თვისებებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ, პარკოსნები, მნიშვნელოვნად ამდიდრებენ ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით, ხოლო ნიადაგის წყლისა და ჰაერის რეჟიმის გაუმჯობესებაში წამყვან როლს ასრულებენ მარცვლოვნები. მძიმე ნიადაგებზე ისინი აუმჯობესებენ მათ სტრუქტურას, შლიან ნიადაგს მცირე ნაწილაკებად, მსუბუქ ნიადაგებზე აუმჯობესებენ ნიადაგის წყლის შეკავების უნარს. ამიტომ ხშირად მწვანე სასუქებს თესავენ ნარევების სახით. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მწვანე სასუქის ზემოქმედება დამოკიდებულია არა მარტო შერჩეულ კულტურებზე, არამედ ასაკზე, მწვანე მასის რაოდენობაზე და ასევე იმ დროზე, რომელიც გადის ძირითადი კულტურის დათესვამდე.სიდერაციისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

♦    ნიადაგი კარგად უნდა იყოს გაფხვიერებული თესლის თანაბრად და მცირე სიღრმეზე ჩასათესად;

♦     მწვანე სასუქების ჩახვნა რეკომენდებულია მცენარეთა ყვავილობამდე, ვიდრე ისინი არ წარმოქმნიან აზოტით ღარიბი და ნახშირწყლებით მდიდარ უხეშ ღეროს, რომელიც ძნელად იშლება;

♦     იმისათვის, რომ სიდერატი ადვილად დაიშალოს, მისი ჩახვნის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს მძიმე ნიადაგებზე -12 სმ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე 15 სმ-ს;

♦      ძირითადი კულტურა არ უნდა დაითესოს სიდერატის ჩახვნიდან ორი — სამი კვირის გასვლამდე;

♦     პარკოსნებიდან სიდერატებად ხშირად შემდეგ კულტურებს იყენებენ: ბარდას, ოსპს, ძიძოს, ცერცვს, ცულისპირას, ესპარცეტს, სამყურას, იონჯას და სხვ. არაპარკოსანი კულტურებიდან ამ მხრივ საინტერესოა წიწიბურა, მდოგვი, შვრია, რაფსი, ჭვავი, ფაცელია, მზესუმზირა და სხვ.სიდერატები კარგ ეფექტს იძლევიან ტენიან, კორდიან ეწერ ნიადაგებზე.

♦      მცენარის მიერ აზოტის შეთვისება დამოკიდებულია სიდერატში ნახშირწყლების შემცველობაზე კერძოდ, უჯრედანას შემცვლელობის გადიდებისას ადგილი აქვს აზოტის  ფიქსაციის შემცირებას.

♦     პარკოსნების თესვის შემთხვევაში ნიადაგის ზედა ფენა მდიდრდება კალიუმით, კალციუმით და სხვა საჭირო საკვები ელემენტებით.

ნიადაგის აზოტითა და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრების ხარისხი დამოკიდებულია მწვანე სასუქად გამოყენებული კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, აგროტექნიკის დონესა და ნიადაგის თვისებებზე. მწვანე სასუქის ჩახვნით პირველ წელს მცენარეს შეუძლია შეითვისოს მწვანე მასაში არსებული აზოტის 30-40%.

სიდერატის კარგი მოვლის შემთხვევაში ნიადაგში გროვდება 150-160 კგ აზოტი ჰა-ზე, რომლის მოქმედება გრძელდება შემდგომ წლებშიც.  მწვანე სასუქები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიურ მიწათმოქმედებაში, რადგან გამორიცხავს განოყიერების სისტემაში ქიმიური სასუქების გამოყენებას. რითაც მიაღწევენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას,სასოფლო სამეურნეო კულტურათა მაღალ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას.

ნიადაგში მიკრობიოლოგიური პროცესების გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს  მასში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების ინტესიურად წარმართვას.ბაქტერიები და სოკოები გადამწყვეტ  როლს ასრულებენ ნიადაგში მოხვედრილი და მასში წარმოქმნილი მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გარდაქმნის პროცესში,რაც აადვილებს მცენარისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების (აზოტი, ნახშირბადი, ფოსფორი, გოგირდი და სხვა) გადასვლას მათთვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში.

ნიადაგი მდიდარი უნდა იყოს მცენარეული ბიომასით, რათა შემდგომში, ანარჩენების მინერალიზაციისა და აზოტო ფიქსაციის პროცესში, ეს ბიომასა მიკროორგანიზმების მიერ წარმატებით გამოყენებული იქნას როგორც მათი ფუნქციონერებისათვის აუცილებელი სუბსტრატადი. სიდერატების გავლენით ძლიერდება კოჟრის ბაქტერიების აქტივობა. მწვანე სასუქებად გამოსაყენებელი მცენარეებისათვის დამახასიათებელია მძლავრი ფესვთა სისტემა და მიწის ზედა ნაწილის ძლიერი განვითარება. მწვანე სასუქის გამოყენების მიზანია ნიადაგის განოყიერება სიდერალური საფარის განვითარების მეშვეობით. სიდარატები ფარავენ ნიადაგს. ამით თრგუნავენ სარეველებს და იცავენ ნიადაგს გამოშრობისაგან და სხვა არასასურველი მეტეოროლოგიური ზემოქმედებისაგან. ამ დროს მცირდება ეროზიული პროცესები, იზღუდება სარეველა მცენარეების   განვითარება.

სიდერატების მოყვანისას საკვები ნივთიერებები, ძირითადად აზოტი, ,,კონსერვირდება’’ და ამიტომ არ გამოირეცხება, რითაც აცილებულია  ნიტრატებით გარემოს დაბინძურებას.მწვანე სასუქის ეფექტურობის  ძირითადი განმსაზღვრელია მწვანე მასის მოსავალი, რაც დამოკიდებულია გარემო პირობებზე, აგროტექნიკაზე, ნიადაგზე, მცენარის განოყიერების სისტემაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს სასიდერაციო მცენარეების ნიადაგში ჩახვნის ვადებს.

მწვანე მასა  ადრე უნდა ჩაიხნას, რადგან  მის დასაშლელად გარკვეული პერიოდი არის საჭირო. ნიადაგის გამოშრობის საშიშროებისას სიდერატების ჩახვნის დაგვიანება დაუშვებელია, რადგანაც მოსალოდნელია ნიადაგის დაჯდომა. მწვანე მასის დაშლის დასაჩქარებლად იგი მცირე სიღრმეზე და ადრეულად უნდა ჩაიხნას. მწვანე სასუქად (სიდერატებად) გამოსაყენებელი მცენარისათვის დამახასიათებელია მძლავრი ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილების ძლიერი განვითარება. ამ მწვანე მასის ჩახვნით, ნიადაგში დიდი რაოდენობით ხვთება მცენარეული ანარჩენები, რაც კარგ პირობას ქმნის ზემოაღნიშნული პროცესების წარმატებით განხორციელებისვის.

მზეინაბ სარალიძე, გოჩა წერეთელი,

გივი წილოსანი, ზურა ბილანიშვილი,

თინათინ მამესწარაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *