დარგებიმეფუტკრეობა

მუშა ფუტკარი _ ოჯახის მთავარი მოქმედი ძალა

 მუშა ფუტკარი ზომით დედა და მამალ ფუტკარზე პატარაა. სიგრძით 12-14 მმ. იწონის 100 მგ. თუ მათი ჩიჩახვი თაფლით არ არის გადავსებული, 1 კგ. მასა მოიცავს 10 000 ცალ მუშა ფუტკარს, 1 კგ. ნაყარი კი, ვინაიდან თითოეული ფუტკრის ჩიჩახვში დაახლოებით 50 მგ. სამარაგო თაფლია, შეიცავს 5 000 ცალ ფუტკარს. მუშა ფუტკარს ყვავილიდან ნექტრის ამოსაწუწნად აქვს გრძელი ხორთუმი (ზომით 7 მმ. ქართულ ფუტკარს – 7, 2 მმ.), ნექტრის შესაგროვებლად სათაფლე ჩიჩახვი, ყვავილის მტვრის შესაგროვებლად – ფეხებზე კალათა, კარგად განვითარებული ყნოსვა, რისი საშუალებითაც პოულობს საკვებს, ბარტყის გამოსაკვებად ზედა ყბის და საყლაპავი ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ რძისმაგვარ საკვებს, საცვილე ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცვლის, რითაც აშენებენ ფიჭებს, მტრისგან დასაცავად გააჩნია ნესტარი და სხვა.

მუშა ფუტკარი მხოლოდ სამუშე უჯრედში ჩადებული განაყოფიერებული კვერცხიდან ოცდამეერთე დღეს იჩეკება. დაბადების პირველ დღეს ფუტკარს ბაცი მორუხო ფერის ბუსუსები აქვს, დროდადრო ორგანიზმი განიცდის ფიზიოლოგიურ ცვეთას, შრომისაგან ბუსუსები ცვივა, ფრთები
შემოეცვითება, მუცელი უპატარავდება და დაბერებული ფუტკარი შავ ფერს ღებულობს.

იმ მუშა ფუტკრებს, რომლებიც ეძებენ ღალას და თავისებური ცეკვებით ატყობინებენ სკის შიგნით არსებულ ფუტკრებს ღალის ადგილსამყოფელს – მზვერავი ფუტკრები ჰქვიათ. იმათ, რომლებიც ნექტარს, ყვავილის მტვერს აგროვებენ – მოღალეს, ხოლო იმ ფუტკრებს, რომლებიც მოტანილ ნექტარს ღებულობენ და გადაამუშავებენ თაფლად – მიმღებ ფუტკრებს უწოდებენ.

არის შემთხვევა, როცა მიმღები ფუტკრები საქმით არიან დაკავებულნი, მაშინ მოღალე ფუტკრები თვითონვე გადაამუშავებენ ნექტარს და ასხამენ ფიჭაში. ნექტარს ფუტკარი ამუშავებს ჩიჩახვში საყლაპავი მილის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან ერთად, რის შედეგადაც საქაროზა (ლერწმის შაქარი) დაიშლება – გლუკოზად და ფრუქტოზად, რის შემდეგ ფიჭაში ჩაასხამენ, ფუტკრები ააორთქლებენ ზედმეტ წყალს და ნექტარს გარდაქმნიან თაფლად. იმ ფუტკრებს, რომლებიც იცავენ სკას, სხვა ოჯახის ფუტკრების შემოღწევისაგან ან მავნე მწერებისაგან დარაჯ ფუტკრებს ეძახიან და ვენტილატორი ფუტკრების ფუნქციასაც ასრულებენ.

დარაჯი ფუტკრები საფრენ ფიცარზე სწრაფად მოძრაობენ და ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულები, წინა ფეხებით, ნაწილობრივ ფრთებგაშლილნი და საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ისინი სუნით ცნობენ ერთმანეთს, ყბებით იჭერენ მათ და გარეთ ეწევიან, ნესტრავენ და ძირს ყრიან. მაგრამ თუ ფუტკრები საფრენთან თავჩაღუნულნი, ბოლო ძირდაშვებულნი, წელში მოხრილნი წყნარად გუგუნებენ, დატვირთულნი არიან ნექტრით და მტვერით, სკაში შეუშვებენ.

მუშა ფუტკარს არ სძინავს, რადგან მათ არა აქვთ უნარი თავის ორგანიზმში დააგროვონ საკვები ნივთიერებები დიდი რაოდენობით, ცხიმოვანი სხეული კი მათი წონის 1,2% შეადგენს. მასთან ერთად არ შეუძლია იარსებოს მოძრავი გუნდის გარეშე როცა გარემოს ტემპერატურა 00 უახლოვდება. ზამთარში იგი გარინდულ მდგომარეობაშია. ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შრომით დატვირთვაზე, როცა ფუტკარი ზაფხულში მთელი დატვირთვით მუშაობს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 დღეს გრძელდება.

გაზაფხულზე და ზაფხულში დაბადებული ფუტკარი ცხოვრობს 1-2 თვეს, ხოლო მუშა ფუტკრები, რომლებიც დაბადებულნი არიან ზაფხულის მიწურულში, შემოდგომაზე და მათ არ უხდებათ ნექტრის გადამუშავებაზე, ბარტყის გამოზრდაზე და სხვა სამუშაოებზე ენერგიის ხარჯვა, ცოცხლობენ 6-7 თვეს.

მაგრამ ისეთ მიკროკლიმატურ ზონაში, სადაც აგვისტოში დედა კვერცხს აღარ დებს (მაგ. წალკა, დმანისი, ოქროყანა და სხვა), ფუტკარი დაზამთრებაში შედის ივლისის თაობით, ნაწილობრივ აგვისტოს შუა ნახევრამდე დაბადებულ ფუტკართან ერთად და ცოცხლობს 8 თვემდე. მთელ ზამთარს ფუტკრები სკაში ატარებენ. ზამთრის პერიოდისათვის ფუტკრის რაოდენობა მკვეთრად მცირდება, თითქმის ნახევრდება და პასიურ მდოგმარეობაში გადადიან, გაზაფხულზე იწყებენ მუშაობას და თანდათან იხოცებიან. დახოცილ ფუტკრებს ახლად გამოჩეკილი ფუტკრები ცვლიან და ასე მიმდინარეობს თაობათა შეცვლა. ოჯახი კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლეს.

მუშა ფუტკრის განვითარების სტადიები:

1) კვერცხიდან ახალგამოსული ჭია;

2) ერთი დღის ასაკის;

3) ორი დღის ასაკის;

4) სამი დღის ასაკის;

5) ოთხი დღის ასაკის;

6) შემდგომი ასაკის (უჯრედის დაბეჭვდამდე).

მუშა ფუტკრის განვითარება იწყება დედის მიერ სამუშე უჯრედში მოთავსებული განაყოფიერებული კვერცხიდან, რომლის სიგრძე 1,5 მმ და სიგანე 0,5 მმ. კვერცხის დადებიდან სამი დღის შემდეგ ძიძა ფუტკრები 1-3 დღის ასაკის მატლს კვებავენ რძისმაგვარი ნივთიერებებით, მესამე დღის ბოლოს და მეოთხე დღიდან ჭიას კვებავენ რძეში შერეული ჭეოს და თაფლის ნარევით და უხეში საკვებით.

მუშა ფუტკრის სასქესო ორგანოები შედარებით მცირე ზომისაა და შედგება 20-მდე საკვერცხე მილისაგან, ვინაიდან მუშა ფუტკრებს სასქესო ორგანოები განუვითარებელი აქვთ, მათ არ შეუძლიათ მამლებთან შეუღლება, მაგრამ როცა ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში რჩება უდედოდ და ოჯახში ბარტყი აღარ არის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფუტკრები იკვებებიან მათივე გამოყოფილი რძისმაგვარი ნივთიერებით, რომელიც ბარტყის გამოსაზრდელად უნდა გაეხარჯათ, რის გამოც უდედობიდან 7 დღის შემდეგ უვითარდებათ საკვერცხე მილაკები და მამალთან შეუღლების გარეშე მეჩვიდმეტე დღიდან დებენ სამუშე და ნახევრად ჭეოიან უჯრედში გაუნაყოფიერებელ კვერცხებს თითოეულში ერთ ან რამდენიმე ცალს. კვერცხს ვერტიკალურ მდგომარეობაში კი არ დებენ, არამედ უწესრიგოდ ყრიან უჯრედის ძირზე, ან კედელზე ასეთი ფუტკარი მრავალად არის წარმოდგენილი და მათ ცრუ დედები ეწოდებათ.

ცრუ დედების მიერ დადებული კვერცხებიდან იჩეკება მხოლოდ პატარა ზომის მამლები, რომლებსაც დაკარგული აქვთ მამრობითი ფუნქციის უნარი. ერთ ცრუ დედას შეუძლია დადოს დღე-ღამეში 2-4 ცალი კვერცხი, თავის სიცოცხლეში კი 19-32 ცალი. დროდადრო ცრუ დედები ბლომად ჩნდებიან (ფუტკრის მთლიანი რაოდენობის 42-60%) და კვერცხებით ავსებენ რამოდენიმე ფიჭას. კვერცხის დადებიდან 6-7 დღის შემდეგ სამუშე უჯრედში ბარტყი ვეღარ ეტევა, ამიტომ ფუტკრები უჯრედებს აგანიერებენ, წამოზრდიან და ბეჭდავენ. ასეთ ბარტყს კუზიანი ბარტყი ეწოდება. ცრუ დედები ფრინავენ ისევე, როგორც მუშა ფუტკრები, მაგრამ ნექტარი მოაქვთ ძალიან მცირე რაოდენობით. ბარტყს ისინი ვერ კვებავენ, ცვილს არ გამოჰყოფენ, ამიტომ ცრუ დედებიან ოჯახს სამეურნეო მნიშვნელობა აღარ აქვს.

მუშა ფუტკარი თავისი სიცოცხლის მოკლე პერიოდში ასრულებს ყველა სამუშაოს, როგორც სკაში, ისე მის გარეთ. მათ მიერ ხდება სკაში ტემპერატურის რეგულირება, ბარტყის და დედის გამოკვება, ფიჭების მშენებლობა, სკის ვენტილაცია, ნექტრის თაფლად გადამუშავება. ბუდის დაცვა, ყვავილის მტვერის, წყლის, დინდგელის, ნექტრის მოტანა და სხვა სამუშაოები. კარგი ღალიანობის პერიოდებში ფუტკარს შეუძლია თითო გადმოფრენაზე მოიტანოს თავისი წონის ¾. ე. ი. 75 მგ. საშუალოდ 30-40 მგ. ნექტარი. ნექტრის მოსატანად ფუტკარს შეუძლია 15-30 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდეს 5-8 კმ. მანძილზე. უტვირთოთ იგი
მიფრინავს 65 კმ/სთ სიჩქარით, დატვირთული ბრუნდება, მაგრამ თითოეულ კმ-ზე გასაფრენად ხარჯავს 1 მგ. ნექტარს. ამიტომ მიზანშეწონილია საფუტკრეები განვალაგოთ ღალის ადგილიდან არა უმეტეს 2 კმ. მანძილზე.

ახლად გამოჩეკილი 2-3 დღის ასაკის ფუტკრები მუშაობენ უჯრედის გასუფთავებაზე, სამი დღის შემდეგ ისინი ძიძის როლში გამოდიან. ძიძაობა მეტად სერიოზული საქმიანობაა, რადგან 7 დღის ასაკამდე მუშა ფუტკარმა უნდა მოამზადოს თაფლის და ჭეოს ნარევის გემრიელი ფაფისებური საკვები, რათა გამოკვებოს ღია ბარტყი და დღეში ასჯერ მოინახულოს თითოეული მათგანი. 7-13 დღემდე ასაკის ფუტკრები აწარმოებენ ღია ბარტყის გამოკვებას მათი ზედაყბის და საყლაპავი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული რძისმაგვარი ნივთიერებით.

13-15 დღის ფუტკრები მინდორში სამუშაოსათვის ემზადებიან და რამოდენიმე დღე ადგილმდებარეობის დამახსოვრებისათვის აწარმოებენ გამომღერას. სკაში არსებული ძიძა ფუტკრები დაბადებიდან 6-7 დღის ასაკიდან 14 დღის ასაკამდე სკიდან გარეთ გამოფრინდებიან კუჭის გასაწმენდად დღეში რამოდენიმეჯერ, 10 საათიდან დღის 5 საათამდე და თან ადგილს იმახსოვრებენ, წრეებს აკეთებენ ჰაერში და სკისაკენ თავით მიმართულნი იმახსოვრებენ სკის ფერს და ადგილსამყოფელს. ამ ასაკში ფუტკარს არ მოაქვს არც ნექტარი და არც წყალი. სკაში დაბრუნებულ მშიერ ფუტკარს დამხვედრი ფუტკრები საკვებს აწოდებენ. თუ ძიძა ფუტკრები ოჯახში საკმარისი არ არიას, გამონაკლის შემთხვევაში ბარტყს ძველი ფუტკარიც კვებავს.

ძიძა ფუტკრები ტემპერატურის პატარა მერყეობას მაშინვე გრძნობენ და არეგულირებენ მას. ბუდეში ინარჩუნებენ 340 ტემპერატურას და 65-68% ტენიანობას. ტემპერატურის შენარჩუნებისათვის უხვად იკვებებიან თაფლით, რომელსაც სითბურ ენერგიად გარდაქმნიან, ჰაერის ტემპერატურას კი არეგულირებენ მოტანილი წყლის ხარჯზე. ნესტიან ჰაერს უკეთებენ ვენტილირებას ფრთებით. ასეთივე წესით საჭიროების დროს ტემპერატურას დაბლა სწევენ. თუ ფუტკრის მიერ მოტანილი წყალი ტემპერატურის დაწევას საკმარისად არ გამოიწვევს, მაშინ ფუტკარი გარეთ გროვდება საფრენზე შეჯგუფულად ჩამოკიდებულნი და ვენტილაციას საფრენის გარედან აწარმოებენ, სუფთა ჰაერს ერეკებიან გარედან სკაში, სკიდან კი თბილ ჰაერს გარეთ დევიან. თბილი ჰაერი ისეთი ნაკადით გამოდის საფრენიდან, რომ საფრენთან მიტანილი ანთებული ასანთი ქრება.

ფუტკარი ცვილს გამოიმუშავებს 4 წყვილ 8 ცალ საცვილე ჯირკვლებში, რომელიც მხოლოდ ფუტკარს გააჩნია და მოთავსებულია მუცლის უკანასკნელ ოთხ რგოლზე. საცვილე ჯირკვლები გარედან დაფარულია გამჭვირვალე საფარველით, რომელსაც საცვილე სარკე ეწოდება.

საცვილე ჯირკვლები გამოიმუშავებენ ცვილს თხევადი სახით, რომელიც გამოიჟონება საცვილე სარკის ფორებში. საცვილე სარკეზე გამოჟონილი თხევადი ცვილი ჰაერთან შეხებისას ცივდება და ღებულობს პატარა თხელ ფირფიტის სახეს. (100 ფირფიტა იწონის 25 მგ. ე. ი. 1 კგ. ცვილის მიღებას სჭირდება 4 მილიონი ცალი ფირფიტა) გამოყოფილ ცვილის ფირფიტებს ფუტკარი საცვილე სარკეებიდან იშორებს შუა ფეხების საშუალებით და წინა ფეხებით იდებს ყბებში დასარბილებლად, პლასტიკურობის მისაცემად, რის შემდეგ იყენებს ფიჭების ასაშენებლად.

საცვილე ჯირკვლები მუშა ფუტკრებს დაბადებიდან პირველი დღიდანვე უვითარდებათ, მაგრამ ცვილის გამოყოფას სარკეზე იწყებენ 3-5 დღის ხნოვანებიდან. საცვილე ჯირკვლები განვითარების მაქსიმუმს მუშა ფუტკრის სიცოცხლის მე-12-18 დღეს აღწევენ, 25-ე დღიდან კი იწყება მათი შემცირება და ახლად გამოჩეკილი ფუტკრის საცვილე ჯირკვლებს ემსგავსებიან.

ფუტკრები ცვილს მაქსიმალური რაოდენობით მთავარი ღალიანობის დროს გამოჰყოფენ და ამ დროს იწყება ფიჭების შენებაც. ფიჭების მშენებლობისათვის საჭიროა ბევრი ახალგაზრდა ფუტკარი, უხვი ღალიანობა, ოპტიმალური ტემპერატურა 350 შემოდგომაზე დაბადებულ ფუტკრებს, საცვილე ჯირკვლები გაზაფხულზე უვითარდებათ და მაშინ იწყებენ ცვილის გამოყოფას. მართალია ამ დროისათვის ფუტკრები ხნიერნი არიან, მაგრამ ცვილის გამოყოფის ფიზიოლოგიური მდგომარეობით ახალგაზრდა ფუტკრებს ემსგავსებიან.

ყველაზე სერიოზულ და საპასუხისმგებლო სამუშაოს ფუტკარი ასრულებს ბუდეში ყოფნის დროს. 24 დღის ასაკიდან ისინი გადაირთვებიან ღალის შეგროვებაზე. მათი სამუშაო იწყება მზის ამოსვლამდე _ დილის 4 საათიდან და მთავრდება დაბნელებისას.

ბარტყის გამოსაზრდელად ფუტკარი ხარჯავს 1-2 ჭიქა წყალს და მის მოსატანად უხდება 3000-16000-მდე გამოფრენა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფუტკარი 80-120-ჯერ გამოფრინდება, კარგ ღალიანობის დროს კი დღეში 8-10 გამოფრენას აკეთებს. დანარჩენ დროს შემოტანილი ნექტარის თაფლად გადამუშავებას ანდომებს. ერთი წლის განმავლობაში ოჯახი საჭიროებს 18-20 კგ. ყვავილის მტვერს, რომელიც თაფლთან ერთად შერეული სამუშე უჯრედში თავით ჩატკეპნილი ჭეოდაა წოდებული. ფიჭის ერთ უჯრედში ჭეოს რაოდენობა 0,3-0,5 გრამია. ერთი ფუტკრის განვითარებისათვის საჭიროა 0,1 გ. ჭეო. ერთ ოჯახს გაზაფხულზაფხულში 6-8 კგ. ჭეო ესაჭიროება, მთელი წლის განმავლობაში კი ხარჯავს 16-18 კგ.

ერთი ჩაის კოვზი თაფლი რომ შეაგროვოს ფუტკარმა უნდა გააკეთოს 1000 გამოფრენა, იხილოს ათასობით ყვავილი და მისმა ფრენამ უნდა შეადგინოს დაახლოებით 1000 კმ. 30-35 კგ. ნექტარი, რომ შემოიტანოს სკაში და თაფლად გადაამუშაოს, ფუტკარმა უნდა დაკარგოს თავისი წონის ნახევარი.

24 დღის ასაკის ფუტკარს უღალობის პერიოდში უვითარდება თავდასხმის ინსტიქტი. შხამის სუნი იზიდავს სხვა ფუტკრებს როგორც საგანგაშო მდგომარეობას, ყველა ერთად ირაზმება ოჯახის დასაცავად. ადამიანის, ცხოველების დანესტვრის დროს ნესტარი კანის ქსოვილებს მაგრად ედება დაფუტკარი ისარს უკან ვეღარ იღებს. ნესტარს გადმოედინება ჰემოლიმფაც, რის შემდეგ ფუტკარი კვდება.

მწერის დანესტვრისას კი ფუტკარი ნესტარს არჭობს, უკან ადვილად იღებს და არ კვდება. ფუტკრის მიერ დანესტრილი ფუტკარი ან სხვა მწერი უმალ კვდება, ნესტარ დაკარგულ მწერზე დაკვირვებით დადგენილია, რომ ისინი საკვებს ჩვეულებრივად ღებულობენ, მაგრამ სიცოცხლეს მალე კარგავენ.

გუნდად შეკრული ფუტკარი არ ინესტრება, ამიტომ გუნდის შეკვრის დროს მიზანშეწონილი არ არის კვამლის ხშირად გამოყენება.