მე და ჩემი სოფელირუბრიკები

National Geographic _ ჩხოროწყუს ყველი და ღვინო

ახალგაზრდა მეღვინემ სტუმრებისთვის სახლედახელოდ გაწყობილი სუფრისთვის განსხვავებული ყველი წარადგინა – მეგრული სულგუნი ნადუღის გულსართით და პიტნიანი როლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც არის დევიდ ფარლი, ვუამბეთ ჩვენი მივიწყებული ტრადიციების და კულტურის შესახებ. ამ გასტრონომიული პროდუქტის დემონსტრირება კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს მაღალ კულტურას“, – გვითხრა მიხეილ ცირდავამ.
ის უკვე რამდენიმე წელია იშვიათი მეგრული ჯიშების, „კოლოშის“ და “ჭვიტილურის“ ღვინოს აყენებს, პარალელურად კი უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველის მომზადების ტრადიცია აღადგინა.

„როცა დავიწყე ღვინის წარმოება, უამრავი ადამინი გავიცანი და მათ შორის იყო ერთ-ერთი ანა მიქაძე, რომელიც საქართველოში ყველის დედად არის აღიარებული და მასთან ერთდ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომ ღვინო და ყველი ერთმანეთისთვის დაგვეახლოვებინა. მგონია რომ ჩვენ ეს ძალიან კარგად გამოგვდის“, – გვითხრა მეწარმემ.

საქართველოში უკვე ცნობილი ყველის მწარმოებელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ მეგრული ყველი იძლევა კულინარისთვის ამოუწურავი ფანტაზიის შესაძლებლობებს.

„დანარჩენ მსოფლიოშიც ასეა, არის რძე, არის კვეთი და არის შემდეგ მისი დაბერების ტექნოლოგია. გებჟალია, თაფლში დავარგებული ყველი, ქერქში დავარგებული რბილი ყველი. სულ ცოტა ხნის წინ არავინ იცოდა მეგრული გუდის ყველის შესახებ და ეს აქ, ამ ოჯახმა აღადგინა. კარგია, რომ დაბერებული ყველების თემა ბრუნდება სამეგრელოში“, – თქვა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

მეგრული ყველის დასაგემოვნებლად უცხოელი ჟურნალისტი მუხურში ნინო ტურაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხშირად ჩამოჰყავს საქართველოში ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, რომ მათ სხვა კუთხით დაანახოს საქართველო, რომ მათ გავაცნოთ არა მხოლოდ ისტორია, არამედ კულინარიაც, რათა შემდეგ, როცა ისინი დაბრუნდებიან, დაწერონ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამჯერად ჩამოსულია National Geographic -ის ჟურნალისტი, რომელიც წერს ბი ბი სის, ნიუ იორკ თაიმსითვის. ასევე ის არის მწერალი და წერს სამზარეულოზე. ამჯერად რაჭაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მიშა ცირდავას სახლში მეგრული გუდის ყველის დასაგემოვნებლად მოვიდა და ამას ბონუსად არაჩვეულებრივი ღვინოც მოჰყვა“, – გვითხრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ტურაშვილმა.

დევიდ ფარლი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. გასულ წელს, მან საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ხაჭაპურის შესახებ დაწერა.„იმიტომაც ვბრუნდები აქ. სულ მინდა, რომ ჩამოვიდე, რადგან აქ ვხვდები ძალიან საინტერესო, სტუმართმოყვარე ხალხს, რომლებთანაც ვზივარ, ვსადილობ, ვსაუბრობ, რაც ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია“, – გვითხრა ჟურნალისტმა.

მან გამოთქვა ასევე სურვილი, რომ ყველის მწარმოებლებთან ერთად თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კუთხეებში მივიწყებული ყველის სხვადასხვა სახეობის აღდგენაში.

ნანა ხუბუტია,
წყარო: www.livepress.ge