ნიადაგი და მისი ნაყოფიერება

 ბუნების საწარმოო ძალთა შორის, რომელსაც კავშირი აქვს მიწათმოქმედებასთან, ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ადგილი მიეკუთვნება ნიადაგს. იგი სოფლის მეურნეობის ძირითადი საწარმოო საშუალებაა, რომელიც მცენარეს ამარაგებს წყლითა და მასში გახსნილი საკვები ელემენტებით.

ნიადაგი არის დედამიწის ზედაფენა იმ სიღრმემდე, სადამდეც აღწევს მცენარეთა ფესვების ძირითადი მასა.     მცენარის სასიცოცხლო მიწიერი ფაქტორებით ამა თუ იმ დონით დაკმაყოფილების უნარს ნიადაგის ნაყოფიერება ეწოდება. ნიადაგის ნაყოფიერების ელემენტების გამოყენებით დედამიწის ზედაპირზე, მწვანე მცენარის საშუალებით, წარმოებს მინერალური ნივთიერების გადაყვანა ორგანულ ნივთიერებაში.    

ნიადაგსა და მასზე მცხოვრებ მცენარეულ ორგანიზმებს შორის ნივთიერებათა მუდმივი ცვლაა. მცენარე ნიადაგიდან იღებს მინერალურ ნივთიერებებს, ხოლო სიკვდილის შემდეგ ისევ უბრუნდება ორგანული ნივთიერების სახით, ფესვების ღერო-ფოთლებისა და სხვა ნარჩენების გზით. ნიადაგსა და მცენარეს შორის ნივთიერებათა ამ მუდმივ ცვლას ნივთიერებათა ბიოლოგიური წრებრუნვა ეწოდება.

ნიადაგის ორგანული ნაწილი წარმოიქმნება მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების დაშლისა და ნიადაგთან მათი შეერთების შედეგად, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებას.  

ორგანული ნაწილი ნიადაგში ორი სახით გვხვდება: მკვდარი (მიკროორგანიზმები, მცენარეები, ცხოველები) და ცოცხალი, რომლებიც მოქმედებენ და ვითარდებიან.

არჩევენ ნიადაგის ორგვარ ნაყოფიერებას – ბუნებრივს, რომელიც წარმოიქმნება და ვითარდება ბუნებრივ ფაქტორთა ერთობლივი ზემოქმედებით ადამიანის მონაწილეობის გარეშე და _ ეფექტურს, რომელიც იქმნება ადამიანის შრომით და დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ნიადაგზე ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების ხასიათსა და, მეორე მხრივ, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონეზე. ეფექტური ნაყოფიერება განისაზღვრება მოსაყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების  მოსავლის სიდიდით.

ბუნებრივი ნაყოფიერება დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე (ნალექები, ტემპერატურა, ქარები და სხვ.), მცენარეთა საფარზე, ნიადაგში მიმდინარე ფიზიკურქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებზე და ბუნების ძალების ურთიერთქმედებაზე.

პირველყოფილ და ბუნებრივ ნაყოფიერებებთან შეიძლება გავაიგივოთ პოტენციური ნაყოფიერება. ადამიანი მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ზემოქმედებას ახდენს ნიადაგზე_ამუშავებს მას, შეაქვს სასუქი, რწყავს, აშრობს და ცვლის მის ბუნებრივ ნაყოფიერებას, პოტენციური ნაყოფიერება გადაჰყავს ეფექტიან, ანუ ეკონომიკურ ნაყოფიერებაში.    

ნიადაგის ნაყოფიერება არის ნიადაგის არა მყარი, არამედ მუდმივად ცვალებადი თვისება. მისი გაუმჯობესება შესაძლებელია ნიადაგის  დამუშავების წესების გაუმჯობესებით, სასუქების შეტანით, მიწათმოქმედების პროგრესული სისტემის დანერგვით და ურთიერთშორის დაკავშირებული სხვა ღონისძიებების გატარებით.    

მთის ქანის მდგომარეობის ცვალებადობა, დაშლა და ნიადაგწარმოქმნის პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ნიადაგის წარმოქმნის სხვადასხვა პირობები განსაზღრავს სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა. მაჩვენებლების სხვაობას. ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მორფოლოგიური ნიშნებით. ნიადაგის შეფერილობა დამოკიდებულია მის ქიმიურ შედგენილობაზე, აგრეთვე, სტრუქტურასა და ტენიანობაზე. მაგ: კირით მდიდარ ნიადაგებს მოთეთრო ან ბაცი შეფერილობა აქვთ, რკინის ჟანგით მდიდარი ნიადაგი მოწითალო ფერისაა, ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი_მოშაო და ა.შ.

ნიადაგის მექანიკური შედგენილობა. გამოყოფენ ნიადაგის შემდეგ ჯგუფებს:  მძიმე თიხიანი, თიხიანი, მძიმე თიხნარი, საშუალო თიხნარი, მსუბუქი თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი ნაიადაგები.

ნიადაგის ქიმიური შედგენილობა. ნიადაგში გვხვდება მრავალი ელემენტი, რომელთაგან მთავარია: წყალბადი, ნახშირბადი, აზოტი, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ალუმინი, სილიციუმი, ფოსფორი, გოგირდი, ქლორი. ამათ გარდა ნიადაგში გვხვდება მიკროელემენტები: თუთია, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი, და სხვ.

ნიადაგის კოლოიდები. კოლოიდები წარმოადგენენ წებოსმაგვარ ნივთიერებებს, რომელთა დიამეტრი 0,1 მიკრონისა და 1 მილიმიკრონის ფარგლებში მერყეობს. კოლოიდების დამახასიათებელი თვისებებიდან მთავარია კოაგულაცია (აჭრა), ადსორბციის უნარი, გაჯირჯვება და სხვ.

ნიადაგის შთანთქმის უნარიანობა. ნიადაგის თვისება შეაკავოს ხსნარიდან მასში გახსნილი ნივთიერება, არის ნიადაგის შთანთქმითი უნარიანობა.

ნიადაგში მექანიკური შედგენილობის მიხედვით არჩევენ ხირხატს და წვრილმიწა ნაწილაკებს. ხირხატს მიეკუთვნება ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი 1 მმ-ზე მეტია, ხოლო წვრილმიწა აგრეგატებს ისეთი, რომელთა დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლებია. სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის ნიადაგები სხვადასხვა თვისებით ხასიათდებიან. მაგალითად, თიხიანი ნიადაგები ძნელი დასამუშავებელია, თიხნარი და სილნარი ნიადაგები კი პირიქით, შედარებით ადვილი. ამიტომ, თიხნარ ნიადაგებს – მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს უწოდებენ, ხოლო სილნარს მსუბუქი  შედგენილობისას.

თიხნარი ნიადაგები წყალს ზედა ფენებიდან ქვევით ძნელად ატარებენ, სილნარი და ქვიშნარი ნიადაგები ადვილად. ხირხატიანი ნიადაგები სწრაფად და მეტად თბებიან, ვიდრე თიხა ნიადაგები. ამიტომ, ხირხატიან, ქვიშიან ნიადაგებს თბილ ნიადაგებს უწოდებენ, ხოლო თიხიანს_ცივს.

თიხიან ნიადაგებში შეტანილი სასუქები უფრო დაცულია გამორეცხვისაგან, ვიდრე სილნარი ნიადაგები. ამის მიზეზით სილნარ ნიადაგებში სასუქების სრული ნორმით ერთიანად შეტანას ერიდებიან და სასუქები წილადობრივად შეაქვთ.

წყალს ნიადაგისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წყალზე დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. ნიადაგში წყალი გვხვდება სხვადასხვა ფორმით: ორთქლისებრი, ჰიგროსკოპული, აპკისებრი, კაპილარული, გრავიტაციული, მაგარი და ქიმიურად შეკავშირებული.

მცენარის ზრდა_განვითარებისათვის, ბაქტერიების ცხოველმყოფელობისათვის და ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისათვის, ნიადაგის ჰაერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგის ჰაერი და წყალი მის ფორებშია მოთავსებული, ერთის გაზრდა მეორის შემცირებას იწვევს. ნიადაგის თვისებების მიხედვით ფორებში ცვალებადია როგორც ჰაერის, ისე წყლის რაოდენობა. ნიადაგის უნარს გაატაროს თავის მასაში ჰაერი, ჰაერგამტარობა ანუ ჰაერაცია ეწოდება.

ნიადაგის სითბოს მთავარ წყაროს წარმოადგენს მზის ენერგია. სითბურ რეჟიმს დიდი მნიშვნელობა აქვს, ნიადაგში ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობისათვის. სითბოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ნიადაგის მასის ან მოცულობის ერთეულის გასათბობად, ნიადაგის თბოტევადობას უწოდებენ. ნიადაგის თბოტევადობაზე გავლენას ახდენს ნიადაგის მექანიკური და ქიმიური შედგენილობა, ფერი, რელიეფის ფორმა, ტენიანობა და სხვ. ნიადაგის სითბურ რეჟიმზე დიდადაა დამოკიდებული კულტურულ მცენარეთა ზრდა-განვითარება. საშემოდგომო კულტურათა ნათესებში სითბოს რეჟიმის გასაუმჯობესებლად იყენებენ თოვლმელიორაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია მინდორსაცავი ტყის ზოლების მოწყობა.

კლიმატი. კლიმატი ნიადაგთწარმოქმნის პროცესებზე ახდენს გავლენას. კლიმატთან არის დაკავშირებული ნიადაგში ტენისა და სითბოს მიწოდება, ხოლო ისინი თავის მხრივ განსაზღვრავენ მცენარეულობის ხასიათს და ნიადაგში მიმდინარე მიკრობიოლოგიური  პროცესების ინტენსივობას. კლიმატი დიდ გავლენას ახდენს ნიადაგში ქიმიურ, ფიზიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე. ერთ შემთხვევაში აძლიერებს მათ, მეორეში_ანელებს.

მცენარეულობა და ცოცხალი ორგანიზმები. მცენარეულობა და ცოცხალი ორგანიზმები ნიადაგწარმოქმნის განმსაზღვრელი ფაქტორია. მასთან დაკავშირებულია ნიადაგის ზედა ფენებში კვების ელემენტების დაგროვება, აგრეთვე ჰუმუსის_ნიადაგის ნაყოფიერების მთავარი წყაროს წარმოქმნა.

ნიადაგთწარმოქმნაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნით ცხოველურ ორგანიზმებსაც: უმარტივესებს, უხერხემლოებსა და მთხრელ ხერხემლიანებს. უხერხემლოებიდან ყველაზე მეტ გავლენას ახდენენ ჭიაყელები, რომლებიც თავიანთ ორგანიზმში 10 ტონამდე ნიადაგის მასას ატარებენ თითოეულ ჰექტარზე. ამიტომ ჭიაყელები ნიადაგის ნაყოფიერების ერთ-ერთი ბიოლოგიური მაჩვენებელია; ხერხემლიანი ცხოველები (თხუნელები, თრიები, ზაზუნები, მიწის კურდღლები, მემინდვრიები) თხრიან სოროებს, ურევენ ორგანულ ნივთიერებებს მინერალურში, შესამჩნევად ამაღლებენ ნიადაგის, წყლის და ჰაერის გამტარიანობას, რაც ხელს უწყობს მცენარეული ნარჩენების ხრწნას.

რელიეფი _ არჩევენ მაკრო და მიკრო რელიეფს. მაკრორელიეფი ადგილის ვრცელი ტერიტორიის საერთო სახეს წარმოადგენს, ზოგჯერ მნიშვნელოვანი ვერტიკალური რყევადობით. მიკრორელიეფი კი მცირე ნაკვეთების ზედაპირის ფორმაა თავისი უსწორმასწორობითა და სიმაღლის ცვალებადობით. ფორმის მიხედვით ძირითადად განასხვავებენ ვაკე და მთიან რელიეფს.

ნიადაგის ხნოვანება. პერიოდს, ნიადაგის წარმოქმნის დაწყებიდან_თანამედროვეობამდე, ნიადაგის ხნოვანება ეწოდება. მათი წარმოქმნა ზოგან ადრე დაიწყო, ზოგან გვიან. როგორც წესი, შავმიწები უფრო ხნოვანები არიან, ისინი გამყინვარების პერიოდიდან ვითარდებიან.

ადამიანის სამეურნეო საქმიანობის როლი ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. მიწათმოქმედება წარმოიშვა უხსოვარი დროიდან, როცა ადამიანები მცენარეების შეგროვებიდან მათ გამრავლებაზე გადავიდნენ. ამ დროიდან ნიადაგი გახდა შრომის ობიექტი და წარმოების ძირითადი საშუალება. ნიადაგზე ადამიანის საწარმოო ზემოქმედების გზები და საშუალებები უაღრესად მრავალგვარია. ნიადაგის მელიორაცია, მექანიკური დამუშავება, განოყიერება, მინდორსაცავი ტყის ზოლების მოწყობა და სხვა ისეთი ღონისძიებებია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ნიადაგთწარმომქმნელი პროცესები და ნიადაგის თვისებები. ნიადაგზე ადამიანის დადებითი მოქმედებასთან ერთად ზოგჯერ ადგილი აქვს უარყოფით გავლენას, რომელსაც ის ხშირად თავისდაუნებურად ან წინდაუხედაობით აკეთებს, მაგ, ტყეების გაჩეხვა, ტყეებში ხანძრის გაჩენა, ნიადაგების მოხვნა ფერდობის დაქანების მიმართულებით და სხვ. მთიან ადგილებში იწვევენ ეროზიული პროცესების განვითარებას, ნიადაგური საფარის ჩამორეცხვას, ჰიდროლოგიური რეჟიმის გაუარესებას, ვაკე ადგილების დაჭაობებას და სხვ.

ნიადაგის შედგენილობა და თვისებები, კლასიფიკაცია მექანიკური შედგენილობის მიხედვით. ნიადაგი შედგება მყარი, თხიერი და აიროვანი ფაზისაგან. ნიადაგის მყარი (მაგარი) ფაზა სხვადასხვა ზომის ნაწილაკებისაგან ანუ მექანიკური ელემენტებისაგან შედგება.

ნიადაგს აქვს ხვედრითი მასა, მოცულობითი მასა, ახასიათებს ფორიანობა, წებოვნება, პლასტიკურობა, გაჯირჯვება და დაჯდომა, სიმწიფე, ნიადაგის ბმულობა (სიმაგრე), ხვედრითი წინაღობვა.

ნიადაგის ხვედრითი მასა. ნიადაგის მაგარი ფაზის ხვედრითი წონა არის გარკვეული მოცულობის (1სმ3 ფორების ჩაუთვლელად) აბსოლუტურად მშრალი ნიადაგის წონა შეფარდებული იმავე მოცულობის წყლის წონასთან.

ნიადაგის მოცულობითი მასა. ნიადაგის მოცულობითი მასა არის გარკვეული მოცულობის (1სმ³), დაუშლელი ფენების ჰაერმშრალი ნიადაგის წონა შეფარდებული იმავე მოცულობის წყლის წონასთან.

ნიადაგის ფორიანობა. ნიადაგის ფორიანობა ეწოდება გარკვეული მოცულობის ნიადაგში არსებულ ერთად აღებულ ყოველგვარ ფორებს, შუალედებსა და ღრუ ადგილებს.

ნიადაგის წებოვნების თვისება. წებოვნებას უწოდებენ ნიადაგის ნაწილაკების თვისებას გარკვეული ტენიანობის პირობებში მიეწებოს ერთმანეთს და გარეშე სხეულს.

გაჯირჯვება და დაჯდომა. ნიადაგის უნარს, დატენიანებისას გადიდდეს მოცულობაში, გაჯირჯვება ეწოდება. როცა ნიადაგი მოცულობაში იკლებს ეს მის დაჯდომას ნიშნავს, რომელიც წყლის აორთქლებითა და ადვილად ხსნადი მარილების მოცილებით არის გამოწვეული. გაჯირჯვებასა და დაჯდომასთან დაკავშირებული მოცულობის ცვლილებებისას ნიადაგის ზედაპირი სკდება (ნაპრალდება), ხელს უწყობს წყლის დაკარგვას და მცენარეთა ფესვთა სისტემის დაწყდომას, ეს კი ძალიან ცუდად აისახება სასოფლო_სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობაზე.

პლასტიკურობა. პლასტიკურობა ეწოდება ნიადაგის უნარიანობას, განიცადოს დეფორმირება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით ერთიანობის დაუნაწევრიანებლად და შეინარჩუნოს მოცემული ფორმა. ნიადაგის პლასტიკურობა დამოკიდებულია მექანიკურ, მინერალოგიურ, ქიმიურ შედგენილობაზე და გამოვლინდება ტენიანობის განსაზღვრულ დიაპაზონებში.

ნიადაგების კლასიფიკაცია პლასტიკურობის მიხედვით

კლასი

ნიადაგები პლასტიკურობის

რიცხვი

I

მაღალპლასტიკურები (თიხები)

17

II

პლასტიკურები (თიხნარები)

17-7

III

სუსტად პლასტიკურები (ქვიშნარები)

7-0

IV არაპლასტიკურები (ქვიშები)

0

ნიადაგის სიმწიფე. ნიადაგის სიმწიფე არის მისი დასამუშავებლად მზადყოფნა. მდგომარეობა, როცა ნიადაგი ადვილად მუშავდება გამწევი ძალის მინიმალური დახარჯვით და კარგად იფშვნება კოშტებად.

 ნიადაგის ბმულობა (სიმაგრე). ნიადაგის ბმულობა მისი მყარი ფაზის შეჭიდულობის ხარისხს გამოსახავს, ე.ი. გვიჩვენებს ნიადაგის სიმაგრის ხარისხს. ნიადაგის ბმულობა, აგრონომიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი თვისებაა. იგი გავლენას ახდენს ნიადაგის წევით წინაღობასა და მცენარის დასაფესვიანებლად საჭირო ძალის რაოდენობაზე.

ხვედრითი წინაღობა. ხვედრითი წინაღობა არის ძალა, რომელიც იხარჯება ბელტის მოსაჭრელად, მის გადასაბრუნებლად და სამუშაო ორგანოებზე ხახუნის გადასალახავად. ნიადაგის კუთრი წინაღობა მექანიკურ შედგენილობაზე, ფიზიკურქიმიურ თავისებურებასა და ტენტევადობაზე დამოკიდებულებით შეადგენს 0,2-1,2 კგ/სმ2-ს.

ნიადაგის სტრუქტურა და მისი სიმკვრივე. ნიადაგის უნარს _ დაიშალოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის აგრეგატებად _ ნიადაგის სტრუქტურიანობა ეწოდება.  ნიადაგის სტრუქტურაზე დამოკიდებულია მცენარეთა ზრდისა და განვითარების პერიოდში მაქსიმალური უზრუნველყოფა საკვები ნივთიერებებითა და ჰაერით. სტრუქტურული ნიადაგი ყოველთვის უკეთ აწვდის მცენარეს საკვებ ნივთიერებას, ვიდრე გამტვერებული, ნალექებსაც უფრო მეტად ნთქავს და ინარჩუნებს, არაკაპილარული ფორების საკმაო რაოდენობას შეიცავს და ამის გამო ჰაერაციაც უკეთესი აქვს.

ნიადაგის წყლიერი თვისებები. წყალს ნიადაგისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წყალზე დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკურ_მექანიკური თვისებები, როგორებიცაა: ბმულობა, პლასტიკურობა და სიმკვრივე. ნიადაგში წყალი სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ესენია: ორთქლისებრი, ჰიგროსკოპული, აპკისებრი, კაპილარული, გრავიტაციული, მაგარი და ქიმიურად შეკავშირებული. ჰიგროსკოპული წყალი შთანთქმულია ნიადაგის ნაწილაკების მიერ, მას მცენარე იყენებს. აპკისებრი წყალი წარმოადგენს ნიადაგის ნაწილაკებზე შემოკრულ თხელ აპკს, რომელიც შებოჭილია მოლეკულარული შეჭიდულობის ძალით. კაპილარული წყალი ნიადაგის სიმძიმის ძალით მოძრაობს და კაპილარულ წყალთან ერთად მცენარის კვების ძირითადი მომმარაგებელია. მაგარი წყალი ნიადაგში გვხვდება ყინულის სახით. ქიმიურად შეკავშირებული წყალი შედის ნიადაგის მინერალებსა და მარილებში.

ნიადაგის ტენტევადობა ეწოდება მის უნარს, მიიღოს და დააკავოს წყლის გარკვეული რაოდენობა.

არჩევენ ნიადაგის ტენიანობის სამ სახეს: უდიდეს ანუ სრულ ტენტევადობას, შეფარდებითს ანუ კაპილარულ ტენტევადობას და უმცირეს ანუ აბსოლუტურ ტენტევადობას.

ნიადაგის წყლის ფორმები ნიადაგის წყლის შემდეგი კატეგორიები არსებობს: კრისტალიზებული, მაგარი, ორთქლისებური, მჭიდროდბმული, ფაშარადბმული და თავისუფალი.  წყალი ნიადაგში მოიპოვება მისთვის დამახასიათებელ სამივე ფიზიკურ მდგომარეობაში_თხევადში, ორთქლისებრში და მყარში. აქედან მცენარისათვის მისაწვდომია მხოლოდ თხევადი წყალი.

ნიადაგური ჰაერი. ნიადაგი, როგორც ფორიანი სხეული, ყოველთვის შეიცავს ჰაერს. ნიადაგში ჰაერი გვხვდება სამგვარად: თავისუფალ, ადსორბციულ, ხსნად მდგომარეობაში.

ნიადაგური ჰაერი ატმოსფერული ჰაერისაგან განსხვავდება. ნიადაგის ჰაერი ნახშირორჟანგს ბევრად მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ატმოსფერული, ჟანგბადი კი ნიადაგის ჰაერში მცირეა. მცენარის ზრდა_განვითარებისათვის, ბაქტერიების ცხოველმყოფელობისათვის და ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისათვის, ნიადაგის ჰაერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგის ჰაერის და ატმოსფეროს ჰაერის შედგენილობა განსხვავდება ერთმანეთისაგან, ატმოსფეროს ჰაერი შეიცავს 79,07% აზოტს, 20,96% ჟანგბადს და 0,03% ნახშირორჟანგს, ნიადაგის ჰაერი კი შეიცავს 79% აზოტს, 20,3% ჟანგბადს, 0,15-0,6% ნახშირორჟანგს.

ნიადაგის თბური თვისებები. მცენარის ზრდა-განვითარების, აგრეთვე ნიადაგწარმოქმნის პროცესისათვის, სითბო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნიადაგის სითბოს მთავარ წყაროს წარმოადგენს მზის ენერგია. ნიადაგის სითბურ რეჟიმზე დიდადაა დამოკიდებული კულტურულ მცენარეთა ზრდა_განვითარება.

 ნიადაგის შთანთქმითი უნარიანობა. ნიადაგის მიერ თხიერ ან გაზისებრ მდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა შენაერთის შთანთქმას_შთანთქმის უნარიანობას უწოდებენ. იგი მიწათმოქმედებაში დიდ როლს ასრულებს. შთანთქმითი უნარიანობა განაპირობებს სხვადასხვა ხსნადი შენაერთების შეკავებას, მათ შორის ფესვური კვების მნიშვნელოვან ელემენტებს. არჩევენ შთანთქმითი უნარიანობის ხუთ სახეს: ბიოლოგიურს, მექანიკურს, ქიმიურს, ფიზიკურ _ ქიმიურს და ფიზიკურს.

ნიადაგის რეაქცია. ნიადაგის რეაქცია უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებასა და მიკროორგანიზმების ცხოველმყოფლობაზე. არის მცენარეები, რომლებიც ტუტე რეაქციას ვერ იტანს – იღუპება და, პირიქით_ტუტე რეაქციის პირობებთან შეგუებულ მცენარეებს უჭირთ მჟავე რეაქციის ნიადაგში განვითარება. ნიადაგის რეაქცია დაკავშირებულია ნიადაგწარმოქმნის პროცესთან.

აგრონომიულ მეცნიერებას ნიადაგების რეაქციის რეგულირების მძლავრი საშუალებანი გააჩნია მჟავე რეაქციის ნიადაგების მოკირიანებისა და ტუტე რეაქციის ნიადაგების შემჟავების ღონისძიებათა სახით.

ორგანული ნაწილი. ნიადაგის ორგანული ნაწილი წარმოიქმნება მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების დაშლისა და ნიადაგთან მათი შეერთების შედეგად, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებას. ორგანული ნაწილი ნიადაგში ორი სახით გვხვდება_მკვდარი და ცოცხალი სახით, რომლებიც მოქმედებენ და ვითარდებიან. მიკროორგანიზმების მოქმედება მიმდინარეობს აერობულ (ჟანგბადოვან) ან ანაერობულ (უჟანგბადო) პირობებში. აერობულ პირობებში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესის შედეგად ნიადაგის ორგანული ნაწილი განიცდის სრულ მინერალიზაციას, რომლის შედეგად მიიღება დაჟანგული მყარი მარტივი ნაერთები. ანაერობული მიკრობიოლოგიური პროცესის შედეგად კი მიიღება დაუჟანგავი ნაერთები. გარდა ამ პროცესებისა, ნიადაგში მიმდინარეობს უაღრესად დიდი მნიშვნელობის პროცესი_ჰუმიფიკაცია, რის შედეგადაც ნიადაგში არსებული, ორგანული ნივთიერებების ნაწილი მიკროორგანიზმების მოქმედებით გარდაიქმნება ჰუმუსად. ჰუმუსის ნიადაგთან შეერთებას  ჰუმიფიკაციას უწოდებენ.

ორგანულ ნივთიერებებს მცენარე ვერ იყენებს, იგი უნდა დაიშალოს მარტივ მინერალურ ნივთიერებად. იმ პროცესს, როდესაც ორგანული ნივთიერება ბოლომდე დაიშლება, ორგანული ნივთიერების მინერალიზაცია ეწოდება. ჰუმუსი წარმოადგენს ნიადაგის მეტად რთულ ნაწილს, ორგანულ_მინერალურ კომპლექსს. ჰუმუსი ნიადაგში უდიდესი მნიშვნელობისაა მცენარეთა კვების საქმეში. ჰუმუსით მდიდარი სტრუქტურიანი ნიადაგი მაღალი მოსავლის მიღების  რეალური გარანტიაა.  

ჰუმუსის აგრონომიული მნიშვნელობა მეტად დიდია. მართალია მცენარე უშუალოდ ჰუმუსით არ იკვებება, მაგრამ იგი საკვებ ნივთიერებათა ძირითადი წყაროა.

ნიადაგის ქიმიური შედგენილობა და კვების რეჟიმი. ნიადაგში საკვები ნივთიერებები იმყოფება წყალში ხსნად და უხსნად მდგომარეობაში. კვების ელემენტების უმეტესობა ნიადაგში მოიპოვება წყალში ძნელად ხსნადი ორგანული და მინერალური შენაერთების სახით. მიკროორგანიზმების მეშვეობით ხდება საკვები ნივთიერებების მცენარისათვის შესათვისებელ მდგომარეობაში გადაყვანა. ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად, ნიადაგის წყალში უხსნადი შენაერთები გადადიან ხსნად_შესათვისებელ მდგომარეობაში. ამ პროცესს შეიძლება ხელი შევუწყოთ ნიადაგის წესიერი დამუშავებით, თესლბრუნვების შემოღებით, ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანით, მჟავე ნიადაგების მოკირიანებით, დამლაშებული ნიადაგების მოთაბაშირებით და წყლის რეჟიმის გაუმჯობესებით. მცენარის კვების უმთავრესი ელემენტები: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ბორი, რკინა და სხვა ნიადაგში სხვადასხვაგვარ მდგომარეობაში გვხვდებიან.

აზოტი. აზოტი შედის ყველა მარტივი და რთული ცილების, ნუკლეინმჟავების, ქლოროფილის, ვიტამინების, ფერმენტების, ალკალოიდების და სხვა ორგანული შენაერთების შემადგენლობაში. ამ ელემენტის სიმცირის დროს ფერხდება და კნინდება მცენარის მიწისზედა ორგანოებისა და ფესვთა სისტემის ზრდა-განვითარება.     აზოტით ჭარბი კვება ხელს უწყობს მძლავრი სავეგეტაციო მასის წარმოქმნას, მკვეთრად მცირდება რეპროდუქციული ორგანოების ჩასახვა, განვითარება და ნაყოფმსხმოიარობა.

ფოსფორი. ფოსფორი მონაწილეობს ფოტოსინთეზის, სუნთქვის დუღილის, გამრავლების, ნივთიერებათა ცვლის, ნახშირწყლებისა და ცილების წარმოქმნის დაშლის და სხვა პროცესებში. ის შედის პროტოპლაზმის ბირთვის, ჰორმონების, ვიტამინების, ფერმენტების, ნუკლეინმჟავების, ფოსფატიდების და სხვა ორგანული შენაერთების შემადგენლობაში. ამ ელემენტის სიმცირე აფერხებს და აკნინებს მცენარის მიწისზედა ორგანოებისა და ფესვთა სისტემის ზრდა_განვითარებას.

ფოსფორით ჭარბი კვებისას ჩქარდება მცენარის განვითარების ფაზების გავლა,  ფოთლები ნაადრევად ჭკნება და ხმება, ადრე მთავრდება ვეგეტაცია.

კალიუმი. კალიუმი დიდ როლს ასრულებს მცენარეში ადენოზინტრიფოსფატის წარმოქმნაში, რომელიც ენერგიით ამარაგებს ფოტოსინთეზის, შაქრებისა და ცილების სინთეზის პროცესებს. ის ააქტიურებს ფერმენტებს, არეგულირებს ბაგეების გახსნას და დახურვას, ადიდებს აზოტიანი სასუქების ეფექტურობას. ამ ელემენტის სიმცირის დროს მუხრუჭდება უჯრედის დაყოფა, ზრდა და გაჭიმვა, ფერხდება მცენარის ზრდა_განვითარება, მცირდება მოსავლიანობა და სოკოვანი დაავადებათა მიმართ გამძლეობა.

კალიუმის სიჭარბის სიმპტომები სიმცირის ანალოგიურია და იწვევს ,,კიდეების სიდამწვრეს”.

კალციუმი. კალციუმი მართალია არ შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, მაგრამ დიდ როლს ასრულებს ფოტოსინთესზის, ნივთიერებათა ცვლის, ნახშირწყლების გადანაცვლების, აზოტოვანი შენაერთების გარდაქმნაში და სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობის გადიდებაში. მისი სიმცირის დროს ზიანდება ფესვებისა და მიწისზედა ორგანოების ზრდის წერტილები და კვირტები.

კალციუმის სიჭარბე იწვევს მცენარის ნაადრევად დაბერებას.

მაგნიუმი. მაგნიუმი შედის ქლოროფილის შედგენილობაში. ააქტიურებს ფერმენტებისა და ასკორბინმჟავას წარმოქმნის პროცესს, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ხელს უწყობს ფოსფორის შეთვისებას, დადებით გავლენას ახდენს ნაყოფწარმოქმნისა და მათ მომწიფებაზე. ამ ელემენტის სიმცირე იწვევს ქლოროზს, რომლის დროსაც მცენარის ქვედა ფოთლების ძარღვთშორისები იღებენ აჭრელებულ_ღია მწვანე, ღია ჱყვითელ, ნარინჯისფერ ან წითელ შეფერვას და ფოთლის ფირფიტა ზემოთა მხარეს ეხვევა. ხანგრძლივი შიმშილის დროს ქლოროზით დაავადებული უბნები ხმება, იმტვრევა და ფოთლები ცვივა.    მაგნიუმით ჭარბი კვებისას ფერხდება მცენარეში კალციუმისა და კალიუმის შესვლა.

გოგირდი. გოგირდი შედის ყველა ცილის, ზოგიერთი ამინომჟავის, მცენარეული ზეთების, ვიტამინების შედგენილობაში. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. აზოტოვან ნახშირწყლოვან ცვლაში, სუნთქვისა და ცხიმების ცვლის პროცესში. მცენარეზე გოგირდის სიმცირის სიმპტომები ძალიან წააგავს აზოტის შიმშილის ნიშნებს.

ბორი. ბორი დიდ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ნუკლეინოვან ცვლაზე. მისი სიმცირის დროს ირღვევა სინთეზური და ნახშირწყლების გადანაცვლების, რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნისა და განაყოფიერების პროცესები, მცირდება ნაყოფმსხმოიარობა.

ბორის სიჭარბე აპირობებს მახინჯი თავთავების, ტაროებისა და ნაყოფების წარმოქმნას.

რკინა. რკინა მონაწილეობს ქლოროფილის სინთეზში, სუნთქვისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. შედის ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტების შემადგენლობაში. ამ ელემენტის სიმცირის დროს ადგილი აქვს ქლოროფილის წარმოქმნის დარღვევას, რის გამოც ფოთლები კარგავენ მწვანე შეფერილობას და ვითარდება ქლოროზი.

რ. ძიძიშვილი

„აგრონომიის საფუძვლები“

One thought on “ნიადაგი და მისი ნაყოფიერება

  • 14/12/2018 at 17:10
    Permalink

    კლასიკური, შინაარსიანი და უაღრესად საჭირო ნაშრომია, ის, რასაც ყველა ფერმერი უნდა ითვალისწინებდეს. ნიადაგი არის მიწადმოქმედების საფუძველი, მიწადმოქმედება და მისი კანონები კი მეურნის სამოქმედო პროგრამა.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *