ნიადაგის ანეულად დამუშავების სისტემა

ანეულად დამუშავება  ქრონოლოგიურად ემთხვეოდა გაზაფხულ-ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდს, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ნაკვეთს წლის დანარჩენ დროს საძოვრად ან სათიბად იყენებდნენ და მხოლოდ ზაფხულში, სხვა ნაკვეთებზე მოსავლის აღების შემდეგ, ხდებოდა შესაძლებელი მისი მოხვნა, რის გამოც დაანეულებისათვის ძალზე მცირე დრო რჩებოდა.

თუ შემოდგომაზე მოხნულს მზრალი ეწოდა იმის გამო, რომ ხნული შემოდგომა-ზამთრის დაბალი ტემპერატურის გავლენას განიცდიდა, „ანეული“ ნიშნავს გაზფხულის მაღალი ტემპერატურის გავლენას.

ცნობილია, რომ ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებისათვის მაღალი ტემპერატურის რყევადობის მოქმედებას ისეთივე დადებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც ყინვებს.

იადაგის ანეულად დამუშავების ამოცანაა:

1. გაწმინდოს ნაკვეთი სარეველა მცენარეებისაგან;

2. ნიადაგში შეიქმნას ტენის მარაგი და შეინარჩუნოს;

3. მოახდინოს საკვებ ნივთიერებათა მობილიზაცია, ე.ი. მათ ადვილშესათვისებელ ფორმებს თავი მოუყაროს ნიადაგში და სხვა.

ანეულად დამუშავებული ნიადაგი ჩვეულებრივ საშემოდგომო კულტურების დასათესად გამოიყენება.

არჩევენ სუფთა ანეულებს და მოთესილ ანეულებს, რომლებიც თავის მხრივ იყოფა ცალკე სახეებად.

სუფთა ანეულები ეწოდება ისეთ მინდვრებს, რომელთა დამუშავება იწყება თავთავიანი კულტურების აღებიდან და გრძელდება მომავალი წლის გაზაფხულამდე.

არჩევენ საშემოდგომო, ანუ შავ ანეულს და ადრეულ, ანუ საგაზაფხულო ანეულს.

პირველს საშემოდგომო ეწოდება იმიტომ, რომ მისი სრულ სიღრმეზე მოხვნა ხდება შემოდგომაზე, ხოლო შავი ეწოდება იმიტომ, რომ ხშირი დამუშავების გამო იგი მთელი წლის განმავლობაში გადაშავებულია. ადრეული კი ეწოდება ძველი, გლეხური ანეულისაგან განასხვავებლად, რომელიც ზაფხულის მეორე ნახევარში იხვნებოდა, ამის მოხვნა კი ტარდება გაზაფხულზე, არაუგვიანეს ივნისის პირველი დეკადისა, რისთვისაც მას საგაზაფხულო ანეულსაც უწოდებენ. საერთოდ მათ სუფთა ანეულები ეწოდებათ იმიტომ, რომ ამ წლის განმავლობაში მასზე კულტურა არ ითვისება და ნაკვეთი სუფთა უნდა იყოს სარეველებისგანნ. სუფთა ანეულად დამუშავებას მისდევენ მარცვლეული კულტურების მთესველ რაიონებში, სადაც სათოხნი კულტურები სრულიად არ ითესება, ან ცოტა მოჰყავთ. სუფთა ანეულებს ყველაზე მეტი მნიშვნელობა ურწყავ და ამავე დროს ნალექებით ღარიბ რაიონებში ენიჭება.

ადრეული, ანუ საგაზაფხულო ანეულის დამუშავება ძალზე განირჩევა საშემოდგომო ანეულისაგან.

მისი დამუშავება იწყება გაზაფხულზე. იხვნება სრულ სიღრმეზე წინმხვნელიანი გუთნით  და დაუყონებლივ იფარცხება. მოხვნის დროს უნდა მოხდეს ნაკელის ჩახვნაც, რომელიც წინასწარ უნდა იყო გადატანილი და გაშლილი. შემდგომი მოვლის მხრივ ის არაფრით განირჩევა საშემოდგომო ანეულისაგან, მაგრამ იმის გამო, რომ ნაწვერალს არ ჩეჩავენ და ნაკვეთი შემოდგომა – ზამთრის განმავლობაში დაუმუშავებელი რჩება, გაზაფხულზე ჩატარებული ღონისძიებები აღარ იძლევა სასურველ შედეგებს, რის გამოც ადრეული, ანუ საგაზაფხულო ანეულს ახასიათებს ძლიერი დასარევლიანება, ტენის ნაკლებობა, წყლის, ჰაერისა და კვების ცუდი რეჟიმი. ყოველივე ამის გამო ადრეული ანეული მნიშვნელობას კარგავს.

ნ. ნაკაშიძე დ. ჯაში
„ორგანული სოფლის მეურნეობა“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *