ნიადაგის დამუშავება საშემოდგომო თავთავიანი კულტურებისთვის

თავთავიანი კულტურებისსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დროულად სწორად დამუშავებას და დასათესად მომზადებას.
თავთავიანი კულტურებისთვის მოსავლის აღებისთანავე ხდება ნაწვერალის აჩეჩვა ბრტყლადმჭრელი კულტივატორით  8-10 სმ-ზე. სარეველების აღმოცენების შემდეგ კულტივაცია ტარდება იგივე კულტივატორ-ბრტყლადმჭრელით. თუ ამ ოპერაციის ჩატარება საჭირო არ არის, მაშინ ნაწვერალი მოიხვნება ოპტიმალურ ვადაში ბრტყლადმჭრელი ღრმადგამაფხვიერებლით და  ფარცხით, ხოლო თესვა სეზ -2,1 მ. სათესით.

იმ ზონაში, სადაც საშემოდგომო თავთავიანების მოსავლის აღებიდან საშემოდგომო თესვის ოპტიმალური ვადის დადგომამდე მცირე დრო რჩება, ნაწვერალის აჩეჩვა დანიშნულებას კარგავს. ამ შემთხვევაში მოსავლის აღებისთანავე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ძირითადი დამუშავება ბრტყლადმჭრელი ღრმადგამაფხვიერებლით 22-27 სმ სიღრმეზე. დანარჩენი ღონისძიებები ტარდება ისე, როგორც ზემოთ არის ნაჩვენები.

ქარებისაგან ნიადაგის და საშემოდგომო ნათესების დაცვის ეფექტური ღონისძიებაა აგრეთვე თოვლის დაკავება კულისური ნათესების გამოყენებით. კულისური ნათესი გულისხმობს საშემოდგომო თავთავიანების დასათესად გამოყოფილ ნასიმინდარ და ნამზესუმზირალ ნათესებში მოსავლის აღების შემდეგ ერთმანეთისაგან 30-40 მეტრის დაშორებით სიმინდის ან მზესუმზირის 6 მწკრივის დატოვებას, რომელიც აკავებს თოვლს და არეგულირებს მის დნობას.

ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის შესამცირებლად დიდ გავლენას ახდენს მცენარეული საფარი. შემოდგომაზე კარგად დაბუჩქებული საშემოდგომო ხორბლის აღმონაცენი დაუზიანებლად იტანს ძლიერი ქარების მოქმედებას და ნიადაგიც არ იქარება.

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ნიადაგის თავის დროზე და მაღალხარისხიანად დამუშავებას, თესვის ოპტიმალური ვადისა და ნორმის დაცვას.

ასევე ეფექტურია საშემოდგომო თავთავიანების ვიწრო მწკრივად (7,5სმ) და ღრმად (6-8 სმ) თესვა.

ზაურ ჯულახიძე, სმმ დოქტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *