აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ნიკო ნიკოლაძის თვალსაზრისი ქართული მეღვინეობის მიმართ

დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე ღვინოს საქართველოს მომავლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად თვლიდა და მიიჩნევდა, რომ ქართულ ღვინოს წინ დიდი მომავალი ჰქონდა. ნიკო ნიკოლაძისთვის ღვინო და მეღვინეობა ერთგვარად მშობლიური ფენომენი იყო.
დიდი ქართველი მოღვაწე ბავშობიდან დაუკავშირდა ღვინოს. დღეს ქუთაისთან ახლოს არსებული ნიკო ნიკოლაძის სამუზეუმო კომპლექსის ძირითადი ნაწილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია ღვინის მარნით, რომელიც 1886 წელს გაკეთდა, შემდეგ კი ორჯერ გადააკეთეს. შენობას საბოლოო სახე 1910 წელს შვედი არქიტექტორის ჰენრიხ ფრიკის პროექტმა მისცა.

ნიკო ნიკოლაძე ახალი თაობის იდეური მეთაური და გზის გამკვალავი იყო. ახალმა დრომ ახალი ამოცანები დააყენა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. “ხალხმა და საზოგადოებამ იგრძნო და დაინახა, რომ საზოგადოებრივი წესი და წყობა ადამიდან შეუცვლელი და ხელუხლებელი კი არ ყოფილა, ის, თურმე, კაცის ხელით შექმნილა და კაცის ხელითვე შეიცვლება. ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნება”, გვმოძღვრავდა დიდი დემოკრატი და იმასაც ამატებდა, რომ “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკური საქმეების საშუალებით იგვარებს უმაღლეს სახელმწიფო საკითხს”.

ნიკოლაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვაჭრობა. ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა ევაჭრათ, ოღონდ, კეთილსინდისიერად. გლეხებს ეხვეწებოდა, ჩამოეტანათ ქალაქში პროდუქტი, თუ ღვინო ღირდა 1 კაპიკი, 10 კაპიკად მიეყიდათ ადგილობრივებისთვის და არა 1 მანეთად, როგორც ამას სირაჯები აკეთებდნენ. მაგრამ მაშინ ვაჭრობას ქართველების უმეტესობა არ კადრულობდა, ეთაკილებოდა. ნიკო ნიკოლაძეს კი სამარცხვინოდ ვაჭრობის მტაცებლური მეთოდები მიაჩნდა. ფიქრობდა, რომ  ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით, შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ ამიტომ სურდა, საქართველოც იმავე გზით განვითარებულიყო.

თავისი მრწამსიდან გამომდინარე, ნიკო ნიკოლაძე ვერ იტანდა კლასობრივი ბრძოლის პროპაგანდისტებს და რადიკალებს, რომელთაც ყოველდღე რევოლუცია ელანდებოდათ. იგი დაბეჯითებით უხსნიდა მათ, რომ “ამბოხება, რევოლუცია ქვეყნიერების არსებობაში ისეთივე იშვიათი, “ერთიწუთი” მოვლენაა, როგორც ელვა, მეხი. შესაძლოა განა, ადამიანი სულ იმას ნატრობდეს, რომ ჭექა-ქუხილი და მეხის ტეხა განუწყვეტელი იყოსო, რომ სხვა ძალა ქვეყანაზე არ მოქმედებდესო და მუდამ მეხის მზადებაში ლევდეს თავის ღონეს? განა მეხი, ფურთვნა, მიწის-ძვრა კაცის ხელით მზადდება? უეჭველია, ღვინო ვერ დადგება, თუ შფოთიანი დუღილი არ გამოიარა… ნუთუ აქედგან ის აზრი გამოდის, რომ ღვინო ნიადაგ უნდა დუღდეს? კაი შვილიც დადგება. ბალღს ღვინის კეთებაში, რასაკვირველია, მარტო ქაფის ფარფაში, ბუშტების ტკაცა-ტკუცი, მოძრაობა, ხმაურობა ახალისებს და ამახსოვრდება, თორემ რა გაეგება იმ ნელის, ჩუმის, შეუმჩნეველი ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ყურძნის სიტკბოს სპირტად აქცევს. ბავშვს ეს არც კი მოეთხოვება, მაგრამ რით აიხსნება ესრეთივე შეცდომა მოზრდილისა?“.

ნიკო ნიკოლაძე წერდა: „გამოცდილება ამტკიცებს, რომ მოწინავე ქვეყნებშიც შეუძლებელია მეღვინეობის კარგათ დაყენება კერძო მეღვინეთაგან, თუ მათს განკარგულებაში არა ფართე სავენახე მამული და, მასთან საკმაოდ დიდი კაპიტალი ან კრედიტი. წვრილი მეღვინისათვის კი შესაძლოა მარტო ყურძნის მოყვანა და მისი ან მისგან დაყენებული ღვინის დაუყოვნებლივი გაყიდვა. ყურძნის წვენისაგან ასეთი ღვინოს მისაღებად, რომელიც ატარებს შენახვას და გადატანას – საჭიროა, რომ ეს წვენი შენახულ-დაძველებული იქნას არა ნაკლებ სამი წელისა, ისეთ სარდაფსა ანუ მარანში, სადაც ზამთარზაფხულ ჰაერის სითბო არ უნდა სცილდებოდეს – არც ზევით და არც ქვევით – რეომიურის 10-12 გრადუსს რუსეთის სხვა კუთხეებთან შედარებით, სახარბიელო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და ეს იმიტომ, რომ დღემდი მევენახეობა-მეღვინეობას არ შეჰხებია მსხვილმრეწველთა ხელი, რამაც ფეხზე დააყენა და საუცხოვოთ განავითარა მეურნეობის ეს დარგი არამცთუ მარტო საფრანგეთსა და იტალიაში, არამედ ყირიმსა და კახეთის საუფლისწულო მამულშიც.

მევენახეობისათვის საუცხოო პირობებით ბუნებას უხვად დაუჯილდოვებია ჩვენი მხარე: მზის სხივთა სიუხვე, ზღვასთან სიახლოვე და სხვა გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებით ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩება არცერთ რუსეთის მხარეს და თვით საფრანგეთსაც, ჟირონდოს მიდამოთა გამოკლებით ბორდო-ლაფიტიდან ვიდრე გრავის ყურემდე”.

წყარო: allwine.ge/ka/blog/rogor-arnisnavda-iliaobas-ilia-wavwavaze_1567/