„ნიკოლაძეების მარანი” _ გამორჩეული ხასიათის ღვინო

“ნიკოლაძეების მარანი” 2007 წელს დაარსდა, სოფელ ნახშირღელეში.  რამაზ ნიკოლაძემ  დიდი ბაბუის მარანი განაახლა და ტრადიცია გააგრძელა, მეღვინეობა მისი ცხოვრებაა,  ერთ ჰექტარამდე ვენახი აქვს და ღვინოს ქვევრებში საკუთარი ხელით აყენებს. ციცქას და ცოლიკოურის ჯიშის ვაზთან ერთად  ცოტაოდენ ალადასტურს განსაკუთრებულად უვლის.

ნიკოლაძეები ღვინოს როგორც უჭაჭოდ, ასევე ჭაჭაზე ავარგებენ. ვენახი გაშენებულია სოფელ ნახშირღელეში, ნიადაგი მდიდარია თიხნარით და კაჟის ქვებით. ვენახის მოვლისას გამოიყენება მხოლოდ ორგანული და ბიოდინამიკური მეთოდები. ღვინო ყენდება ყოველგვარი დანამატების გარეშე, ჩამოსხმისას არ მუშავდება და არ იფილტრება.

 

მარანს ხშირად სტუმრობენ ღვინის მოყვარულები და ტურისტები. აქ ღვინის დეგუსტაციასთან ერთად იმერიული სამზარეულოს გამორჩეული კრძების დაგემოვნებაც არის შესაძლებელი. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პროდუქტების ხარისხთან ერთად მასპინძლის უბრალოებაც ახდენს. მასპინძელს საკუთარი ღვინის ქება არ უყვარს, დააგემოვნებ და  თავად მიხვდები, რა გემო და სურნელი აქვს მისი შვილივით ნაზარდ ვაზის ნაჟურს. მიიჩნევს, რომ რასაც გასცემს, მისია, რასაც არა… სწორედ ამიტომ ნიკოლაძეების ღვინო ნატურალური და ბუნებრივია, გამორჩეული ხასიათით და თითოეულ ბოთლში მისი სულის ნაწილი დევს.

ნიკოლაძეების მარნის ღვინო არ შეიცავს კონსერვანტებს, შესაბამისად უნდა ინახებოდეს გრილ და ბნელ ადგილას.  ეტიკეტიც არ დაგტოვებთ გულგრილს – მარტივი და ბევრის მთქმელია. ღვინო უხდება ქართულ სამზარეულოს კერძებს _ უფრო იმერულს.

2011 წელს ფრანგულმა ღვინის ჟურნალმა la revue vin de France „ნიკოლაძეების მარნის“ ციცქა-ცოლიკოური  საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში  შეიყვანა ხოლო, 2016 წელს ბრიტანულმა decanter-მა _ აუკეთესო ოცეულში. არც ტელეკომპანია ბიბისის ყურადღება მოჰკლებია.

„ნიკოლაძეების მარანი“ სამომავლოდ ვენახის და ღვინის წარმოების გაფართოებას გეგმავს, ღვინის მოყვარულებს კი ურჩევს ხშირად მიირთვით  მცირე მარნების ნატურალური ღვინოები, ბუნებრივი ღვინით მიღებული  სიამოვნების გარდა, ამით  თქვენ მცირე საოჯახო მარნებს განვითარებაშიც დაეხმარებით.

წყარო: fortuna.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *