დარგებიმემცენარეობა

ოროვანდი

ოროვანდი (ბერძნულად Arctium, ითარგმნება, როგორც დათვი) ორწლოვანი რთულყვავილოვანი, მოზრდილი ბალახოვანი მცენარეა.

ოროვანდს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უწოდებენ: დელხვინას, დილხვენას, ოლაღუას, ოხაკუას, ოხაკუეს, ოხოკუას, ფათარს, ღალაღუნტას, ღელაღუნტას, ღელეღუნტას, ღორიფუშას, ღულაღუნას, ზურხვინას, ზურხუნაჲს, ძირხვენას, უჩა-ტყას, ყვალმაჩს.

არსებობს ოროვანდის 19 სახეობა.

ოროვანდი ფართოდ გავრცელებული სარეველა მცენარეა.

შემადგენლობა და კალორიულობა

ოროვანდის შემადგენლობაშია: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, მინერალები – კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია; ვიტამინები – C, E, B3, B6, B2, B1, B9, K.

კალორიულობაა 100 გრამ ნედლ ფესვზე – 72 კკალორია.

ოროვანდის სამკურნალო თვისებები
სამკურნალო მიზნით იყენებენ ოროვანდის ფესვებს, ფოთლებსა და თესლს. ფესვისგან ამზადებენ ნაყენსა და ნახარშს. ფესვი ხშირად შედის სხვადასხვა კრემისა და ნაყენის შემადგენლობაში. ოროვანდის ახლად დაყენებულ წვენს იყენებენ კანის სხვადასხვა დაავადების დროს. ის ფართოდ გამოიყენება ჰომეოპათიაში.

ოროვანდი ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შესახორცებელი და ანტიდიაბეტური საშუალებაა.

მის ფესვებში არის 45%-მდე პოლისაქარიდი ინულინი, ლორწო, ეთერზეთი, მთრიმლავი, მწარე და ცხიმის მსგავსი ნივთიერებები, ფისი, პროტეინი, დიდი რაოდენობით С-ვიტამინი, მინერალური მარილები. ოროვანდის ფოთლებშია ეთერზეთი, ლორწო, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა. ნაყოფში საკმაოდ ბევრი ცხიმია (20%-მდე).

ოროვანდის ფესვებს აქვს შარდმდენი, ნაღვლმდენი, ოფლმდენი და ზომიერად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ის ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების წარმოქმნას; მოქმედებს, როგორც მსუბუქად გამხსნელი საშუალება, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ასევე აქვს ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი თვისებები; ხსნის ქავილს და ალერგიულ გამოვლინებებს.

ოროვანდზე დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელ, დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებს. ინულინის წყალობით ის აუმჯობესებს სისხლში ლეიკოციტების შემადგენლობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს თმის ზრდას. გამოიყენება, როგორც კენჭებისა და მარილების დაგროვების პროფილაქტიკური საშუალება.

ოროვანდი კულინარიაში
ოროვანდი გამოიყენება კულინარიაში: მისი ქორფა ფოთლებისგან დამზადებული სალათები სამკურნალო-პროფილაქტიკური რაციონის შემადგენლობაში ფართოდ გამოიყენება. მცენარის ახალგაზრდა ფესვი გამომცხვარი ან შემწვარი სახით კარტოფილის შემცვლელად გამოიყენება. ასევე, გამომშრალი ფესვი, დაჭრილი პატარა ნაწილებად და ღუმელში მოხალული, ყავის შესანიშნავი სუროგატია. მისგან ასევე ამზადებენ ჟელესმაგვარ, მოყვითალო-მომწვანო ფერის მურაბას.
ოროვანდის ნაყენის დამზადების წესი
10-25 გრამ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 1 საათი. მიიღეთ თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი კარგია თირკმელებსა და ნაღველში კენჭოვანი დაავადებების, რევმატიზმის, პოდაგრის დროს, შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას, გასტრიტის, ჰემოროი, ეგზემის, ექსუდატიური დიათეზის, ფურუნკულიოზისა და რაქიტის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 20-დან 50 დღემდე.

ამ ნაყენის წასმა შეიძლება ჭრილობაზე, დაწყლულებულ ადგილებზე, ყელში გამოვლება ანგინის დროს, თავის დაბანა ან დაბანის შემდეგ თმაზე გადავლება – აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს თმის ხარისხს, აქრობს ქერტლს.
ქრონიკული შეკრულობის დროს კარგია ოროვანდის თესლის ნაყენი. 20 გრამ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
ოროვანდს იყენებენ სიმსივნური დაავადებების დროსაც. ფესვს, თაფლსა და სამედიცინო სპირტს ერთნაირი რაოდენობით ურევენ ერთმანეთში. აჩერებენ ორი კვირის განმავლობაში. გამოიყენება დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

ოროვანდის მიღება არ შეიძლება
ამ მცენარეს ბევრი უკუჩვენება არა აქვს. მისი მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს ოროვანდის შემადგენლობაში არსებული რ0მელიმე ნივთიერების ინდივიდუალური აუტანლობა. ასევე არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის და ლაქტაციის პერიოდში.
საინტერესო ცნობები ოროვანდზე
ოროვანდს იყენებენ ბოსტნის მავნებლების წინააღმდეგ.

ასტროლოგები ოროვანდის ფოთლების მოკრეფას მთვარის პირველ ფაზაში ურჩევენ, როდესაც მზე სასწორის პირველ დეკადაში იმყოფება, ფოთლები მზის ამოსვლიდან შუადღემდე უნდა დაიკრიფოს. ფესვებს კი კრეფენ მთვარის მესამე ფაზაში, მზის ჩასვლისას. ოროვანდი იუპიტერისა და სატურნის ენერგეტიკას უკავშირდება.

წყარო: sputnik-georgia.com