პეკანი (carya pecan)

უკანასკნელ წლებში გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა ინტენსიური გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მასიური დაზიანება, მოსავლიანობის მნიშვნელოვანი შემცირება და მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება დაფიქსირდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად მიზანშეწონილია ისეთი კულტურების მოძიება და გამრავლება, რომლებიც გაცილებით მდგრადი იქნებიან არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და მავნებელ-დაავადებათა მიმართ. ერთ-ერთ ასეთ კულტურად შესაძლებელია მივიჩნიოთ პეკანი, რომელიც კაკლოვან კულტურებს შორის ფართო მოხმარებით გამორჩევა.

პეკანი, როგორც მაღალმოსავლიანი, ხანგრძლივად მოზარდი კაკლოვანი მცენარეა. პეკანის ნაყოფი, რომელიც შეკრებილია მტევნისებურად ძალიან გავს კაკალს. ის ხასიათდება საუკეთესო გემოთი და მაღალი კალორიულობით, მისი კაკლის გული შეიცავს 80% ცხიმს, 11,3% ნახშირწყლებს 10,3% პროტეინს. ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, კულინარიაში. პეკანის მოუმწიფებელი ნაყოფები შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, რომლისგანაც ამზადებენ მურაბას. პეკანის ნარგაობა ფართოდ გამოიყენება ხეივნების მოსაწყობად, რადგან იგი ხანგრძლივად მზარდი ლამაზი მცენარეა. პეკანის ფოთლები ფიტონციდების მაღალი შემცველობის გამო გამოიყენება კოღოებისა და სხვა მავნე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად.

პეკანის სამშობლო ჩრდილო ამერიკაა, საქართველოში პირველად 1901 წელს შემოიტანეს ჩაქვში. პეკანის საუკეთესო ჯიშების კოლექცია თავმოყრილი იყო სოხუმის სასელექციო სადგურში, საიდანაც მისი პერსპექტიული ჯიშები ფართოდ გავრცელდა შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკულ ზონაში, შუა აზიის რესპუბლიკებში, ყირიმსა და აზერბაიჯანში. ჩვენთან გავრცელებული პეკანის ჯიშებია: შლეი, სტიუარტი, კერტისი, ინდიანა, ფროტჩერი და სხვა.

პეკანი საუკეთესოდ ეგუება მჟავე რეაქციის მქონე წითელმიწა, ეწერმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი კაკალი ასეთ ნიადაგებზე სუსტი ზრდით და ადრეული ხმობით ხასიათდება. პეკანის ძირითად ნაკლს წარმოადგენს ნათესარების გვიან შესვლა მსხმოიარობაში, მეწლეობა და ზოგიერთი ჯიშისათვის წვრილთესლიანობა: ამ მიმართულებით ფართო სელექციური მუშაობა მიმდინარეობდა გასული საუკუნის 70-90-იან წლებში ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც გამოყვანილია პეკანის უხვადმსხმოიარე მსხვილნაყოფა და რეგულარულად მსხმოიარე ფორმები. (ბ. თუთბერიძე. ც. ქაშაკაშვილი). სამწუხაროდ დღეისათვის ერთეული ხეების სახითაა შემორჩენილი პეკანის სელექციური ფორმები, ამ მხრივ აუცილებელია მათი მოძიება და საკოლექციო ბაღის გაშენება.

საქართველოში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე თუ ყოფილ სატყეო მეურნეობებში გაშენებული პეკანის ნარგაობა საკმაოდ ხანდაზმული და მობერებული (60-70 წელი), რის გამოც დღის წესრიგში დგება ნარგაობის განახლების აუცილებლობა მაღალმოსავლიანი, მსხვილნაყოფა ჯიშებითა და ფორმებით.

მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია. პეკანი ტენის მოყვარული მცენარეა, თუმცა ჭარბ ტენს ვერ ეგუება ისე, როგორც ვერ ეგუება ნიადაგის ზედმეტ სიმშრალეს. პეკანისათვის საუკეთესოა ტენიანი თიხნარი ნიადაგები, რომელიც მდიდარია ჰუმუსით. შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში პეკანი ყინვებისაგან არ ზიანდება, მას შეუძლია დაუზიანებლად გადაიტანოს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემა -29-30 გრადუსამდე. თუმცა როგორც სხვა კაკლოვნები პეკანის ყვავილედები ზოგჯერ ზიანდება გვიანი გაზაფხულის წაყინვებით.

პეკანი ჯვარედინად დამამტვერიანებელი მცენარეა, ამიტომ თესლით გამრავლებისას ითიშება და მიიღება დედა მცენარისაგან განსხვავებული თაობა. ძვირფასი ჯიშების ნიშანთვისებების შესანარჩუნებლად მიმართავენ კაკლის ვეგეტატიურად ანუ მყნობით გამრავლებას. საძირედ გამოიყენება იგივე პეკანის 2 წლიანი ნათესარები.

პეკანის კაკლის სანერგეებში დასათესად თესლს ამზადებენ ჯანმრთელი და უხვმსხმოიარე ხეებისაგან. სანერგისათვის განკუთვნილი ნიადაგი ღრმად (40-45 სმ) იხვნება, შეაქვთ ორგანული 35-40 ტ ნაკელი- ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები. ზედაპირის მოსწორების შემდეგ გაყავთ 8-10 სმ სიღრმის სათესი კვლები, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია 70- სმ-ით. კვალში პეკანის თესლს ზურგზე დაწვენილად აწყობენ ერთმანეთთან 20 სმ-ით დაშორებით. კვლებს ტკეპნიან და ყოველ 5 მეტრში უსობენ ჭიგოს კვლის აღსანიშნავად. თესვა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. აუცილებელია სანერგეში კვლების რეგულარული გაწმენდა სარეველებისაგან, ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა და გამოკვება აზოტისა და ფოსფორის მცირე დოზებით. ასევე მიზანშეწონილია თხევადი ორგანული სასუქების ,,ორგანიკა“ და ,,ჯეო-ჰუმატის“ გამოყენება.

კარგი მოვლის პირობებში  ორწლიანი პეკანის თესლნერგი 60-70 სმ სიმაღლეს აღწევს და როგორც საძირე  საუკეთესო სამყნობ მასალას წარმოადგენს. დასამყნობი მასალა კალმების სახით აღებული უნდა იქნეს წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან. მყნობის საუკეთესო დროა ზაფხული, ივნისიდან აგვისტომდე, თუმცა არიან სპეციალისტები, რომლებიც საგაზაფხულო ვადასაც იყენებენ. კაკლის მყნობა რთული ტექნოლოგიური პროცესია და მას მხოლოდ გამოცდილი მყნობელ-სპეციალისტები ატარებენ. მყნობიდან მეორე წელს ნერგები 1,5-2,0 მეტრ სიმაღლეს აღწევენ და ვარგისია სამრეწველო ბაღების გასაშენებლად. დღეისათვის კერძო სანერგეებში ფერმერები პეკანის საძირეებს აქტიურად იყენებენ ჩვეულებრივი ნიგვზის ხის და ჯუჯა კაკლის ,,ჩანდლერის“ კვირტების დასამყნობად და გასამრავლებლად.

როგორც აღვნიშნეთ საქართველოში პეკანის გაშენების არეალი ფართოა, თუმცა მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მაინც დასავლეთ საქართველოს თბილი და ტენიანი კლიმატური პირობებია.

პეკანი შესაძლებელია გაშენდეს როგორც პლანტაციების ასევე ინდივიდუალური ნარგავების სახით. პლანტაციების გასაშენებლად შერჩეულ ფართობს წინასწარ ასუფთავებენ და ხნავენ 50-60 სმ. სიღრმეზე პლანტაჟური გუთნით. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით წინასწარ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით, ღრმად დამუშავების დროს, შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქები. თუ ნიადაგის სტრუქტურა დაბალია და ასევე ღარიბია საკვები ნივთიერებებით, მაშინ დაპლანტაჟებულ ფართობზე პირველი ორი წლის განმავლობაში თესავენ მარცვლოვან და პარკოსან კულტურებს მათი ნიადაგში ჩახვნის მიზნით. სამრეწველო ბაღების გაშენების წინ ნიადაგის ზედაპირს მსუბუქად გადახნავენ, მოასწორებენ და დააგეგმარებენ. სწორ ნაკვეთზე რეკომენდირებულია პეკანის კვადრატულად დარგვა 10×10 მეტრზე. კარგად დრენირებულ და ნოყიერ ნიადაგებზე შესაძლებელია კვების არე გაიზარდოს 15×15 მეტრზე. ერთ ჰექტარზე თავსდება 70-100 მცენარე. კვების არე ასევე შესაძლებელია იცვლებოდეს ჯიშური მახასიათებლების მიხედვით. ვინაიდან პეკანი ნელად მზარდი მცენარეა რიგთაშორისები პირველი 7-8 წლის განმავლობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთწლიანი ან კენკროვანი კულტურების საწარმოებლად.

პეკანს რგავენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. იქ სადაც პლანტაჟია ჩატარებული იღებენ 50 სმ- სიღრმისა და 70 სმ სიგანის ორმოებს, ხოლო ტერასებზე ან ინდივიდუალური რგვის შემთხვევაში, ორმოს სიღრმე 70 სმ და სიგანე 100 სმ უნდა იყოს. სტანდარტული ნერგების მიწისზედა სიმაღლე უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 1 მეტრს, ხოლო ფესვთა სისტემის სიგრძე 35-50 სმ-ს. დარგვის წინ ორმოებში სასურველია 10 კგ. გადამწვარი ნაკელის და 50 გრ NPK- რთული კომპლექსური სასუქის შეტანა. შეტანილი კომპონენტები მიწასთან ერთად კარგად აირევა და მზადდება დასარგავად. ნერგებს აჭრიან მთავარღერძა ფესვის ერთ მესამედს, დანარჩენ ფესვებს ანაწილებენ ორმოს ცენტრში, აყრიან მიწას, ტკეპნიან, რწყავენ და უსობენ ჭიგოს ასაკრავად. ასევე კარგ შედეგს იძლევა დარგვის წინ ფესვთა სისტემის წუნწუხში ამოვლება. დარგვის შემდეგ მთავარ ღეროს თავს არ აჭრიან, აცილებენ მხოლოდ გვერდით ტოტებს. ნერგი რბილი სახვევით ორ ადგილზე აიკვრება ჭიგოზე. ბაღი მე 4-5 წლიდან შედის მსხმოიარობაში, ხოლო სრულ მოსავლიანია 10-15 წლის შემდეგ.

სასოფლო-სამეურნეო  მიზნებისათვის გამოუყენებელ ფართობებზე კაკლის კორომების მოსაწყობად, ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად ან გზების გასწვრივ ხეივნების მოსაწყობად პეკანს აშენებენ ნათესარებით. ნათესარების ფესვთა სისტემა გაცილებით ძლიერია და ის სწრაფად აღწევს ნიადაგის ნოყიერ შრეებს. დადგენილია, რომ ზრდასრული პეკანის ფესვთა სისტემა პერიფერიულად ძალზე შორს ვრცელდება, რის გამოც ის ხშირად მის გვერდით მზარდ სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებს მძაფრ კონკურენციას უწევს. პეკანის სამრეწველო ბაღებში ყოველწლიურად წარმოებს ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერება, რიგთაშორის გაცელვა, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა ერთ ხეზე საშუალოდ გადამწვარი ნაკელი 50 კგ. რთული მინერალური სასუქი NPK – 1კგ. რაოდენობით. გვალვიან პერიოდში მაღალეფექტურია მორწყვა.

როგორც აღვნიშნეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში არსებული პეკანის ნარგაობა საკმაოდ ხანდაზმულია. აუცილებელია ნარგაობის განახლება და ახლის გაშენება არამარტო ინდივიდუალურ საკარმიდამო სავარგულებზე, არამედ საზოგადოებრივ დღემდე გამოუყენებელ ფართობებზე. აქვე შეგვიძლია მოსახლეობას მივცეთ რჩევა – იმის თაობაზე, რომ პეკანი რომელიც გაცილებით იმუნურია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების მიმართ სხვა კაკლოვნებთან შედარებით, იძლევა სტაბილურ მოსავალს, ნაყოფი ინახება ხანგრძლივად და მიზანშეწონილია მისი კულინარიაში და სხვა დანიშნულებით ჩვენთვის სასურველ დროს გამოყენება.

პლანეტაზე გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან ერთად იცვლება ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობებიც, ამიტომ შესაძლებელია ბევრი კულტურული ე.წ. ,,ნაზი“ ჯიშები განადგურდეს, შენარჩუნდეს მხოლოდ ძლიერი კონსტანტური თვისებების მქონე და მავნებელ-დაავადებათა მიმართ იმუნური ჯიშები; სწორედ ასეთ ჯიშათ კაკლოვანთა ოჯახში პეკანი მოისაზრება.

ლიტერატურა:    1.  ზ. გაბრიჩიძე – ეკოლოგია – ეს ყველას ეხება.  ,,ახალი აგრალური საქართველო“ N9. 2017წ.    2.  გ. ჩხაიძე – სუბტროპიკული კულტურები – თბილისი. 1996 წ. 3.  ც.  ქაშაკაშვილი – პეკანის ფორმათა წარმოქმნა   ქიმიური მუტაგენების გამოყენებით. ,,სუბტროპიკული კულტურები“ N1-4. 2010  4.  ა.  კორახაშვილი – პეკანის კულტურა და მისი  პერსპექტივები საქართველოში, ,,აგროინფო“  N 3. 2006 წ.

 

ზაურ გაბრიჩიძე, ს.მ.მ. დოქტორი. პროფესორი,

იოსებ ბასილია, სმმ დოქტორი,

ნიკა გუნთაძე, სპეციალისტი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის

ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური,

ოზურგეთი, ანასეული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *