ბლოგიმე და ჩემი სოფელიფერმერი ფერმერს

პენსიაზე გასვლასდანატრებული გლეხია თანამედროვე საქართველოს აგრარული პოლიტიკის სახე

ჩემს ბოლო ბლოგს იმდენი თბილი და კოლეგიალური გამოხმაურება მოჰყვა, არ შემიძლია წერა მადლიერების გარეშე დავიწყო. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ჩემებურად შევეცდები, თქვენი მოწოდებული ცოდნა გავიზიარო და აქ მცხოვრებ გლეხებს საქმით დავანახო. ვიცი, რომ მოსმენილს ნანახი ურჩევნიათ.

ახლა სოფლის ამბებს მოგიყვებით, რა ხდება აქ, როგორ ცხოვრობს და რით სულდგმულობს კონტუათი.  ნახირის მინდვრად გაყვანა წლეულს, გასულ წელთან შედარებით, ადრე დაიწყო. ამიტომ სოფელთან ერთად მეც ექვს საათზე ვიღვიძებ. ექვსი ეს ჩემთვის არის სისხამი დილა, თორემ ზოგი უფრო ადრეც ებმება შრომის ფერხულში. რვა საათზე საქონელი უკვე მეც გამზადებული მყავს გასაშვებად, მწყემსებიც ჩამოივლიან ჭიშკართან და ჩემი ძროხებიც უერთდებიან „კოლექტივს“. ნადიმი საღამოს ექვს საათამდე გრძელდება, საიდანაც მიწის სიმცირის გამო გასესინ-გატიკინებულები ვერა, მაგრამ არც მთლად  დანაყრებულები კი გვიბრუნდებიან შინ. დილით, საქონელი რომ თვალს მოეფარება, მეზობლები „სოფლის მარკეტის“ მოლოდინში ვიკრიბებით ე.წ. ბირჟაზე.

მარკეტი ისე ვთქვი, თორე სინამდვილეში რა არის იცით? მანქანით მოაქვთ პური, ფუნთუშა და ქალაქის (ამ შემთხვევაში ხონის) ცხელ-ცხელი ამბები. ლოდინის დროს ზოგი პოლიტიკაზე კამათობს _ ესენი უკეთესები არიან, არა ისინი ჯობდნენო; ქალები სერიალების დაიჯესტს აკეთებენ: _ გაიგე გოგო? ის დედა კი არა მამა ყოფილაო; ზოგიც კიდევ ძველ სასიამოვნო ამბებს იხსენებს, ბევრჯერ რომ გაქვს მოსმენილი და მაინც გეღიმება. ამასობაში „მობილური მარკეტიც“ მოდის და საუბრის თემაც ქალაქიდან მოსული ამბების შესაბამისად გრძელდება, ოღონდ ამჯერად ცხელი პურის ყუით პირში. ამ ამბებს „დასაყოლებელს“ ეძახიან ხუმრობით.

ამ ჯერზე საუბარი სოფლის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხო. სამწუხაროდ მაინდამაინც კარგი  დასაყოლებელი ვერ გამოდგა ეს თემა. ყველას ტონს უკმაყოფილება, ხელჩაქნეულობა და უნდობლობა შეერია და საუბარი თითქმის ერთხმად წარმოთქმული სამ სიტყვიანი კომენტარით დასრულდა. სახლში მიბრუნებულს, მეზობელმა სიცილით მომაძახა, – ამ ქალაქელ კაცს მაინც რა მოგარბენინებდა აქ, უბრალო სამსახური გეპოვნა, ახლა რომ დაქცეულ  სოფელში ვინმე ჩამოვა საცხოვრებლად… გავუღიმე, მაგრამ პასუხი არ გამიცია.

სახლში რომ შევედი, საშინელმა ბრაზმა დამრია ხელი.  თან ახალი წაკითხული მქონდა „რეზონანის“ ინტერნეტ სტატია, სადაც სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები ეწერა – 22 წელიწადში რაჭა მთლიანად გაუკაცრიელდება, 39 წელიწადში კი – იმერეთი და გურიაო.  როგორ შეიძლება ამაზე მობილიზაციას არ აკეთებდეს სახელმწიფო, არ იქმნებოდეს გეგმები, როგორ გადავარჩინოთ სოფელი, როგორ დავაკავოთ ახალგაზრდები თავიანთ საცხოვრებელ ადგილას ელემენტარული საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების შექმნით?! სოფელში ცხოვრების მოსურნე ახალგაზრდებიც უმცირესობაში ვართ, ორიენტაციაც შებრუნებული გვაქვს – სოფლისკენ და არა სოფლიდან. მუდმივად უმცირესობის და ირიენტაციაშებრუნებულების თემებს განიხილავს მასმედია და ტელევიზიები, იქნებ ოჯახური მეურნეობების ასეთი ფორმულირებით მაინც დაინტერესდნენ. მართლა გაუსაძლისია ამდენი მოჩვენებითი პროგრამები, არასამთავრობოების მიერ ზარ-ზეიმით შექმნილი რაღაც-რუღაცეები, რომელიც შარშანდელი თოვლივით ქრება და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას და ა.შ. ემსახურება. ჩემი აზრით, პენსიაში გასვლასდანატრებული გლეხია თანამედროვე საქართველოს აგრარული პოლიტიკის სახე.

„უსაქმური ბლოგი“ რომ არ გამომივიდეს, ჩემს დასრულებულ ექსპერიმენტზეც გიამბობთ ორიოდე სიტყვით. ყველას გექნებათ ნანახი სააღდგომო სუფრაზე ჯეჯილში ჩაწყობილი წითელი კვერცხები. ჰოდა, დამაინტერესა როგორ შემეძლო დიდი რაოდენობით მსგავსი რამის გახარება სახლის პირობებში. თავდაპირველად გამყიდველს დავეკითხე, მითხრა ბამბაში თესლს ჩაყრი, ეგაა და ეგო.

ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ჩემი ღორები მუდმივად მწვანე ბალახით გავანებივრო-მეთქი. ძალიან მომეწონა იდეა. ჩავთვალე, რომ ბამბის დაფენა ზარმაცი კაცის მოფიქრებულია, ზედმეტი მორწყვა რომ თავიდან აიცილოს. მერე agronews.ge -ზე სტატია ვნახე (ლინკი http://agronews.ge/7-dgheshi-martsvleuli-da-parkosani-kulturebisgan-sakvebi-mtsvane-masis-utsqhveti-tsarmoebis-teqnologia), რამაც კიდევ უფრო წამახალისა და მორიგი ექსპერიმენტის ხასიათზე დამაყენა.  სახელდახელოდ შევჭედე სამთაროიანი „სტელაჟი“, სადაც ჯეჯილის მოსაწევმა ფართობმა მხოლოდ 2.55 კვადრატი შეადგინა. დავთესე 5 კილოგრამი ქერი, არც მორწყვა დამიკლია და არც მზის სინათლე. 9-10 დღის შემდეგ 23 კილოგრამი მწვანე მასა ავიღე. ძალიან გამიხარდა რომ გამომივიდა.

ჩემი გათვლებით 10 ასეთი სტელაჟი დამჭირდება ჩემი ღორების გამოსაკვებად. რაც შეეხება ახლანდელ დანახარჯებს, ღორებზე დღიური კვების რაციონი შეადგენს 25 კილოგრამ სიმინდს. ფასი 17 ლარი. 5 კილოგრამი ქერი  – 3.5 ლარი. ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი ძალიან მომგებიანი იქნება არა სიმინდის ჩასანაცვლებლად, არამედ მრავალფეროვნებისთვის.

აი, ის რაც ამ ჯერზე მინდოდა მეთქვა. თქვენც მომიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ, მე სურვილი მაქვს მეტი ვისწავლო მეურნეობის უკეთ მართვის შესახებ. უამრავი კარგი ცოდნაა დაგროვილი ხალხში, რომელიც უსათუოდ გამოსაყენებელია. ჩვენ მაინც ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში და გავუზიაროთ საჭირო გამოცდილება.

მომავალ შეხვედრამდე.

ირაკლი სოხაძე