ფაროსანას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ალტერნატიული მეთოდების მოკლე აღწერა

      პრობლემა, რომელიც აზიური ფაროსანას გავრცელებით არის შექმნილი და ის საშიშროება, რის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეფექტიანი და სწრაფი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, ყველასთვის ცნობილია. აქ ფართოდ  გაშუქდა ხელისუფლების ძალისხმევა, თუმცა, ტრადიციული, მავნე ქიმიური მეთოდების ალტერნატიული, ადამიანისა და  გარემოსთვის უსაფრთხო ბიოლოგიური მეთოდის და ტექნოლოგიის შესაქმნელად მუშაობს  მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი, რომელთაგან ერთმა პარაზიტის დასამარცხებლად გამოიყენა ბიოელექტროაქტივაციით მიღებული სუფთა სასმელი წყალი და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ცდის საშუალებით ფაროსანას განადგურება 8-12 წუთში მოახერხა. თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მავნებლის საბოლოოდ დასამარცხებლად  ჩასატარებელია საკმაოდ სერიოზული კვლევები, კერძოდ, დასადგენია  წყალხსნარების მყარი პარამეტრები, შესასწავლია პარაზიტის მომწამლავი ნივთიერების  გენერირების მასტიმულირებელი საშუალებები, ფაროსანას რეზისტენტულობის მაღალი  უნარი სხვადასხვა პრეპარატებისა და გარემო პირობების მიმართ, მავნებლის მიერ დაზიანებული და დაუზიანებელი საკვები პროდუქტების ადამიანზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების საკითხები და  სხვა. კვლევა ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართება: პირველი – ფაროსანას ფიზიკური განადგურება  ადგილზე და მეორე მიმართულებაა მავნებლის ბიოლოგიური საშუალებებით დათრგუნვა და მისი ბიომეთოდებით გაუვნებელყოფა

 აღნიშნული ტექნოლოგიების ტრადიციულ ქიმიურ ტექნოლოგიებთან შედარებით ძირითადი უპირატესობაა:     

ეკოლოგიური სისუფთავე;   

ეკონომიკური ეფექტიანობა;   

მრავალფეროვნება.

ეკოლოგიური სისუფთავე განპირობებულია ტექნოლოგიურ პროცესებში ქიმიური რეაგენტების მთლიანი აღმოფხვრით ყველგან, სადაც გამოიყენება წყალი და სხვადასხვა დანიშნულების წყალხსნარები.

ტექნოლოგიური და ტექნიკური სისტემების მრავალფეროვნება (უნივერსალიზმი) განპირობებულია, ბოიელექტროაქტივირებული ხსნარების გამოყენებით სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მლაშე ნიადაგების  დამუშავებისათვის, მცენარეულ კულტურათა  მოსავლიანობის ამაღლებაში, სოფლის მეურნეობის   პროდუქციის  შენახვის ვადების  გახანგრძლივებისთვის, მეცხოველეობაში დაავადებების  მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.     

 განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ალტერნატიული  ტექნოლოგია გამოიყენება პესტიციდების და მათი დაშლის პროდუქტების, აგრეთვე, მძიმე მეტალების გაუვნებელყოფის საშუალებად.  აღნიშნული ადასტურებს მეთოდის კვლევის დასრულებას და ფართოდ გამოცდას.   

პრობლემაზე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, მათ შექმნეს პრეპარატი დროებითი სახელწოდებით  ,,ხსნარი N6“, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელია. ეს პრეპარატი ბუნებრივი მცენარეული  ექსტრაქტებისგან არის დამზადებული და  გამოირჩევა მავნებლის განადგურების  საკმაოდ  მაღალი მაჩვენებლით, რაც სერიოზულ მიღწევად შეიძლება  ჩაითვალოს. არსებობს მეცნიერთა კიდევ ერთი ჯგუფის მიერ მიღებული მცენარეული პრეპარატი, რომლის შესხურების შედეგად  პარაზიტი   საერთოდ  არ ეკარება მცენარეებსა და დამუშავებულ არეს.

   პუბლიკაციებიდან ცნობილია, რომ არსებობს პრეპარატი ,,ბოვერია ბასიანა“, რომელიც ახალგაზრდა ფაროსანას 100% კლავს, მაგრამ უჭირს ზრდასრულის განადგურება, რაც  უდავოდ  სერიოზული მიღწევაა და რატომ არ არის გამოყენებული,  ოდნავ გაუგებარია. აღნიშნულიდან შეიძლება შემდეგი  დასკვნის გაკეთება, რომელიც შეიძლება სრული არ იყოს და დამატებით კვლევებს ითხოვდეს, რომ საჭიროა ყველა არსებული ალტერნატიული მეთოდის კომბინირებული გამოყენება, ხოლო იმ მიმართულებით, სადაც აუცილებელია კვლევების გაგრძელება, ხელი უნდა შეეწყოთ მეცნიერებს.

აღნიშნულთან ერთად არსებობს ერთი სერიოზული საკითხიც. შუალედური დადებითი შედეგების ფართო სამსჯავროზე გამოტანა მეცნიერებს არ სურთ, რადგან, შესაძლოა, არასრულფასოვანმა შედეგმა ზიანი მოუტანოს  მათ რეპუტაციას, რაც გარედან გამაღიზიანებლად ჩანს, მაგრამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლებაც და გამართლებაც.

თამაზ ცინარიძე, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის,

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *