მე და ჩემი სოფელირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ფერმერ ქალთა წარმატება და სილამაზე

კენკროვანი კულტურები მარწყვი, მაყვალი, ჟოლო მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების  გამო,  ფართოდ არის გავრცელებული და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.  კენკროვანთა  გემრიელი და არომატული ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო  თვისებებით, მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის კენკროვნები ერთ-ერთი ძვირად ღირებული მაღალი  პოტენციალის მქონე კულტურაა. მათი ნაყოფის სარეალიზაციო ბაზარი პერსპექტიულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სამეგრელოს რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების იდეას ბევრი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა.  ასეთი განწყობის მიუხედავად, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდა, რომ არსებული ბუნებრივ-კლიმატური პირობებით და თანამედროვე აგროტექნოლოგიებით შესაძლებელია, როგორც ადგილობრივი ისე ევროპული ბაზრისათვის მაღალი  სასაქონლო  ღირებულების მქონე  კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქციის წარმოება.

გამოჩნდნენ ენთუზიასტები ამ საქმის პიონერები, აქტიური ქალები ეკა მიქენაია და ნანა ფიფია.

 კენკროვანი კულტურების განვითარებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით 2012 წელს დააფუძნეს „ხილ–კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია.“ იმ პერიოდში მათი იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების USAID/NEO-ს მიერ რეგიონში განხორცილებულმა პროექტებმა, რომელიც კენკროვანთა გაშენების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.  შემოიტანეს მარწყვის, უეკლო მაყვლის, ჟოლოს კულტურული, მაღალმოსავლიანი ჯიშები ნერგები. დამუშავდა მათი მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია.

ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია“  მარწყვი, მაყვალი და ჟოლოს წარმოებაში დასაქმებულ ფერმერებს აერთიანებს. დაარსებიდან დღემდე ასოციაციას ეს ქალბატონები უძღვებიან, ერთი როგორც ხელმძღვანელი, მეორე კი როგორც ექსპერტი. რეგიონში მათი რეკომენდაციებით კენკროვანი კულტურები შენდება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. მათი რჩევებით და კონსულტაციებით ათეულობით ფერმერი სარგებლობს.

სწორი მენეჯმენტით კენკროვანი კულტურებისადმი დაინტერესებულ ფერმერებთან მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრმლობით, მათ შეძლეს გაეზარდათ კენკროვანი კულტურების წარმოება. გაიზარდა ამ კულტურებით გაშენებული მიწის ფართობები, შესაბამისად გაიზარდა წარმოებული პროდუქციის როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი. წარმოებული პროდუქცია ჯერ შიდა ბაზარს მოიცავს, საბოლოო მიზანი კი ევროპის ბაზარზე გასვლაა.

რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენება ხელს შეუწყობს სოფლად სამუშაო ადგილების გაჩენას,  სოფლად მოსახლეობის დამაგრებას, მაღალი სასაქონლო ღირებულების, კონკურენტუნარიანი,  ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებას და იმპორტის  ჩანაცვლებას.

თამაზ ხასაია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო