ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს.
 სიმინდის ქართული ჯიშები – „ქართული კრუგი“, „აჯამეთის თეთრი“, „აბაშური ყვითელი“, ჰიბრიდული ფორმები – „წეროვანი 1“, „ყაზბეგი“, „წილკანი 1“, „წილკანი 2“ ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 8-12 ტონა მოსავალს იძლევა და დაავადებების მიმართ გამძლეობა ახასიათებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი სიმინდის ახალ ჯიშებს – „მაღალლიზინიანი ქართული კრუგი“, „შავი სიმინდი სახამებლიანი“ და ჰიბრიდები – „საბა“ და „კახურა“ – ეკოლოგიურ პირობებთან ადაპტაციის უნარი და ხარისხის მაღალი მაჩვენებელი აქვს; გამოყვანილი ჯიშები უამინდობის პირობებშიც გარანტირებულ მოსავალს იძლევა.

ფერმერებთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი გოგოლა მარგველშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მარცვლეული კულტურების სადემონტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს და სიმინდის ქართული ჯიშების მოსავლიანობის და აგროტექნოლოგიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *