ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დაწყების პირველივე დღეს რეესტრში ათეულობით ფერმა და ფერმერი დარეგისტრირდა

 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დაანონსებული ფერმების და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი    დაიწყო.

როგორც სააგენტო იტყობინება ფერმერთა მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და პირველივე დღეს ათეულობით ფერმერი დარეგისტრირდა ბაზაში.

პროექტით დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამების განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად შეირჩეს.

პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან.

აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმების და ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის და ფერმერის რეგისტრაციას. ფერმების და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყვეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები.

მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმების და ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და შემოდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით.

პირველ ეტაპზე ფერმების და ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში აქვთ, ან სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ით, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის ანპროგრამის ბენეფიციარები და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *