აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

ფეტვის ბიოაგროწარმოება

ფეტვი (ლათ. Panicum miliaceum L) მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მისი ფესვთა სისტემის ფუნჯა გაღივების დროს თესლს გამოაქვს ერთი ფესვი. მეორადი ფესვები გამოდიან ბარტყობის ნასკვიდან და მის ფესვებს აქვთ ნიადაგიდან წყლის შეთვისების დიდი უნარი.

ფეტვის ღერო ცილინდრულია, შედგება მუხლთშორისებისაგან, აქვს დატოტვის უნარი. ღეროს სიმაღლე ჯიშების მიხედვით 85-100 სმ-მდე აღწევს. აქვს გრძელი, ფართო ფოთლები და ტაროსებრი საგველა ყვავილედი. ყვავილი ორსქესიანია, დაფარულია ყვავილის კილებით, რომლებიც მარცვლის მომწიფების დროს ჯიშისათვის დამახასიათებელ ფერს იღებენ: თეთრი, ყვითელი, წითელი და სხვა. ფეტვის მარცვალი წვრილია, მრგვალი, ოდნავ ოვალური. ფეტვის 1000 მარცვლის მასა საშუალოდ 5-8 გრამს შეადგენს. ყვავილედის აგებულების მიხედვით ჩვეულებრივი ფეტვი 5 ქვესახეობად არის დაჯგუფებული:

მეჩხერი ანუ გადაშლილი,
ფარჩხატი,
დახრილ-საგველიანი,
კოშტურა,
ნახევრად კოშტურა.

მეჩხერ-საგველიანი ანუ გადაშლილი ფეტვი უფრო საადრეოა, მალე შემოდის, კარგად ეგუება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს, მაგრამ ნაკლებად უძლებს გვალვებს, მარცვალი ადვილად ცვივა. შეკრულ-საგველიანი კოშტურა ფეტვი, პირიქით, მეტ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის მიმართ და კარგად იტანს გვალვას. მისი სავეგეტაციო პერიოდი უფრო მეტია და მარცვალი ნაკლებად ცვივა.

ძველად საქართველოში წითელი, თეთრი, ყვითელი და შავი ფეტვი ითესებოდა. ამათგან სასარგებლოა ყვითელი და წითელი. ფეტვი — იმერულად და გურულად — „ჭადი“, აფხაზურად — „აშაგ’რძ“, კახურად — „ფარჩხა“. რაჭაში ფეტვს ჭადს, ლეჩხუმში „ფეტვსა“ და „შავ ჭადსაც“ უწოდებენ. ფეტვი მოხსენიებულია ათონის მონასტრის XI ს.-ის, აგრეთვე, ნიკორწმინდის (XI ს.) ხელნაწერებში. ძვ. წ. II ათასწლეულიდან დაწყებული I ათასწლეულის ბოლომდე ფეტვი მასობრივად იყო გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვლ. მენაბდე (ვ.Менабде, 1948) აღნიშნავს, ძველი კოლხეთის არქეოლოგიურ მასალებში უხვად აღმოჩენილი მცენარეული ნარჩენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად ფეტვნაირი პურეული (ფეტვი, ქვიმრა), შემდეგ ხორბალი და ქერი იყო გავრცელებული. უახლესი გამოკვლევებით ფეტვის ნაშთები აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს (ნოქალაქევი, IV-III სს; ვანი ვ ს.) არქეოლოგიურ მასალებში (ბოკერია, 2013; 2014). სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით შესაძლებელია გამოიყოს ქართული ფეტვის ორი გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ჯგუფი: 1. ფეტვის მთის ჯგუფი, რომელსაც აქვს მოკლე სავეგეტაციო პერიოდი და აღმოცენებიდან სრულ შემოსვლამდე საჭიროებს დაახლოებით 70-80 დღეს. ამ ჯგუფის წარმომადგენელია სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზოგიერთ სხვა მაღალმთიან მხარეში გავრცელებული ფეტვის ჯიშები. 2. ფეტვის დაბლობის ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა შედარებით გრძელი სავეგეტაციო პერიოდით და აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროებს დაახლოებით 100-120 დღეს. ამ ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელია გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზოგიერთი სხვა მხარის დაბლობ ადგილას გავრცელებული ფეტვი. ამჟამად საქართველოში გვხვდება მოჰარი ანუ ძურწა-ფეტვი (ქვიმრა), რომელიც ძვირფას სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს. იგი ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით, გვალვაგამძლეობით, შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, მაღალი ყუათიანობით — 100კგ მწვანე მასა შეიცავს 16 კგ. საკვებ ერთეულს. საუკეთესო საკვებია ფრინველებისა და ღორებისათვის. თუ ფეტვით გამოვკვებავთ წიწილებს, მათ არც ვიტამინის და არც სხვა სახის საკვების მიცემა დასჭირდებათ. იგი სანაწვერალო კულტურაა. გამოიყენება დაღუპული საშემოდგომო და საგაზაფხოლო პურეულის გადასათესად. მას შეუძლია ორჯერ მოგვცეს მწვანე მასა. კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურებისათვის. საგველა შეიცავს 1200 მარცვალს 10 გ წონით. მცენარის სიმაღლეა 70-100 სმ 4-10 მუხლთშორისებით და მიეკუთვნება საბურღულე — ფეტვნაირ თავთავიან პურეულს. საშუალო მოსავალი 1,4-2,5ტ/ჰა-ს შეადგენს. ბარტყობა იწყება 5-6 ფოთლის ფაზაში. 1000 მარცვლის მასა საშუალოდ 6-8 გრამია. აღება ხდება საგველას რუხი შეფერილობისას. ფეტვის მარცვალი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებსა და ცხიმებს, სახამებელს, შაქარს, უჯრედისს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ნიკელს. თუთიას, ვიტამინებს. აძლიერებს სისხლწარმოქმნას, ააქტიურებს ორგანიზმის ფერმენტულ სისტემებს. ნედლი მარცვალი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ათეროსკლეროზის, შეკრულობის, ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ. ფეტვს ახასიათებს ლიპოტროპული მოქმედება — ღვიძლში აჩქარებს ცხიმების დაშლის პროცესს. ლიპოტროპიკები ორგანიზმში ანაზღაურებენ C ვიტამინის, ბეტაინის, ინოზიტისა და კოენზიმ Q 10-ის ნაკლებობას. ფეტვი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდისგან, რადიონუკლეიდებისაგან, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, სასარგებლოა ჭარბი წონის დროს, უხდება კანს, განსაკუთრებით ეგზემით დაზიანებულს. ფეტვი ნაკლებად ალერგიულია, ვიდრე სხვა მარცვლეული კულტურები. ფეტვის ღივი კარგია ანემიისა და ავიტამინოზის დროს. ფეტვის მჭადებიც ძალიან გემრიელია. თავის დროზე საქართველოში სიმინდის კულტურის გავრცელებამ განდევნა ღომი და ფეტვი, რომელთაგანაც უწინ ღომი და მჭადი მზადდებოდა.

ნიადაგის დამუშავება — ფეტვის წარმოებისათვის ხელსაყრელია საკვები ნივთიერებებით მდიდარი, ფხვიერი ნიადაგები. იგი ვერ იტანს დამლაშებულ ნიადაგებს. სამარცვლე პარკოსნებისა და თავთავიანი კულტურების შემდეგ ნიადაგი უნდა აიჩეჩოს და გვიან შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს — ნოემბრის დასაწყისში მოიხნას მზრალად. ადრე გაზაფხულზე მზრალი უნდა დაიფარცხოს. ფეტვი გვიან გაზაფხულზე დასათესი კულტურაა, ამიტომ ნაკვეთის დასარევლიანების რაც შეიძლება მეტად შემცირების მიზნით ფეტვის თესვამდე საჭიროა რამდენიმე კულტივაციის ჩატარება თანმიყოლებული ფარცხვით.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა — სათესლედ უნდა გამოვიყენოთ სუფთა ჯიშის მსხვილი და მძიმე მარცვალი, რომელიც აღებულია კარგად განვითარებული ცოცხების ზედა ნაწილიდან. გუდაფშუტოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად თესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს ბიოპრეპარატებით. ფეტვი ითესება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა თესლის ჩათესვის სიღრმეზე მიაღწევს 12-14 გრადუსს. ფეტვის ნაადრევად თესვა სასურველი არ არის. ცივ ნიადაგში მოხვედრილი თესლი გვიან აღმოცენდება და სარეველები უფრო ადვილად მოერევა, მაგრამ თესვის დაგვიანებაც არ შეიძლება, რადგან შესაძლებელია ნიადაგის ზედა ფენის სიმშრალის გამო თესლი დიდხანს არ აღმოცენდეს. თესვის პერიოდი საქართველოს ბარის ზონაში აპრილის მეორე ნახევარია, მთიან ნაწილში კი მაისის თვე. ფეტვი უნდა დაითესოს ჩვეულებრივი მწკრივად ვიწრო მწკრივად ან ფართო მწკრივად 45 სმ მწკრივთაშორისებით. ჩვეულებრივ და ვიწრომწკრივად, თესვა ტარდება ხორბლის სათესი მანქანით, ხოლო ფართომწკრივად — ბოსტნეულის სათესით. თესვის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს საგორავებით.ფეტვის სათესი ნორმა დამოკიდებულია თესვის წესზე. ფართო მწკრივებად თესვის დროს საკმარისია 14კგ.ჰა-ზე, ჩვეულებრივი მწკრივად თესვის დროს კი 18 კგ.ჰა-ზე.ფეტვი ითესება 2-3 სმ-ის სიღრმეზე, მაგრამ განსაკუთრებით მშრალ ნიადაგებზე საჭიროა უფრო ღრმად ჩაითესოს — საშუალოდ 5-6 სმ-ის სიღრმეზე.

ნათესის მოვლა — ფეტვის აღმოცენებამდე თუ ნიადაგმა ქერქი გაიკეთა, ამ დროს საჭიროა დაფარცხვა. აღმოცენების შემდეგ, როდესაც მცენარეები საკმაოდ მომაგრდებიან, საჭიროა ნათესი დაიფარცხოს მსუბუქი ფარცხით, მწკრივების გარდიგარდმო, ხოლო ფართო მწკრივებად ნათესი ფეტვი კი გაფხვიერდეს კულტივატორით.

კულტივაციები ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით და წესით:

პირველი — კულტივაცია — ტარდება ბარტყობის ფაზაში, 6-8 სმ-ის სიღრმეზე.

მეორე — კულტივაცია — ტარდება მეორე კულტივაციიდან 15-20 დღის შემდეგ, 10 სმ-ის სიღრმეზე.

ნიადაგის განოყიერება — ნიადაგის განოყიერება თესვის წინ უნდა ჩატარდეს ორგანული სასუქებით (შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატები, ბომსი, ბაქტოფერტი, ბიოდეპოზიტელექსირი, ბიოჰუმუსი, აგროვიტა). სავეგეტაციო პერიოდში საჭიროა ფეტვის 3-ჯერადი ფესვური და ფოთლოვანი გამოკვება ბიოპრეპარატებით: შპს„ ბიოაგრო“-ს პრეპარატები (ორგანიკა, ფიტოკატენა, ბიოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ტურინგენი ) და ფლორასტიმი.

— ფეტვი კარგად იყენებს ნაკელს.

მორწყვა — ფეტვი წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია ყვავილობის და აღერების ფაზებში. მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.

ადგილი თესლბრუნვაში — ფეტვის ადგილი თესლბრუნვაში იმით განისაზღვრება, რომ იგი დიდ მოთხოვნას აყენებს სარეველებისაგან ნიადაგის გაწმენდის მიმართ, განსაკუთრებით განვითარების პირველ ეტაპზე. ამ თვალსაზრისით მისი კარგი წინამორბედია მრავალწლიანი ბალახების კორდი, სამარცვლე პარკოსნები, სათოხნი კულტურები და საშემოდგომო თავთავიანები, მაგრამ ფეტვი ყველაზე მაღალ მოსავალს იძლევა ყამირზე და მრავალწლიანი ბალახების კორდზე. მისი თესვა არ შეიძლება სიმინდის შემდეგ, რადგან ორივე კულტურა ზიანდება სიმინდის ფარვანათი. ფეტვი ვერ იტანს ზედიზედ თესვას. იგი ერთი და იგივე ნაკვეთზე შეიძლება დაბრუნდეს 5-6 წლის შემდეგ.

მავნებელ-დაავადებები — მავნებელ-დაავადებებიდან ფეტვზე, ისე როგორც სხვა ფეტვნაირ კულტურებზე, აღსანიშნავია თაგვისებრი მღრღნელები, ხვატარები,მტვრიანა გუდაფშუტა, ჟანგა და სხვა. მათ წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იქნას ბიოპესტიციდები. ფეტვის ერთ-ერთ დამახასიათებელ ბიოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს თავდაპირველად შედარებით ნელი ზრდა, რის გამოც მცენარე ადვილად იჩაგრება სარეველებით. ამიტომ აგროტექნიკური ღონისძიებებიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თესლბრუნვაში ფეტვის წინამორბედი კულტურების შერჩევას. ამ მხრივ კარგია სამარცვლე პარკოსანი მცენარეები, რომლებიც ნიადაგს აზოტითაც ამდიდრებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეტვი თავისთავად სხვა კულტურების კარგი წინამორბედია. ფეტვი უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე სხვა პურეული და ამიტომ შესაძლებელია მისი დათესვა გვიან გაზაფხულზე. ჩვეულებრივ ამ დროისათვის მინდვრად უკვე ჩნდება სარეველა მცენარეები. კარგად დამუშავებულ მიწაზე დათესილი ფეტვი იძლევა არამარტო კარგ მოსავალს, არამედ ასუფთავებს ნიადაგს სხვა კულტურებისათვის. სამეურნეო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თვისებები — გვალვაგამძლეობა და მოკლე სავეგეტაციო პერიოდი ფეტვს სადაზღვევო კულტურის მნიშვნელობას ანიჭებს. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ამა თუ იმ მიზეზით დაღუპვის შემდეგ შესაძლებელია დაღუპული ნათესების გადათესვა ფეტვით. ადრე გაზაფხულზე ფეტვი დიდი რაოდენობით ითესებოდა კახეთის თითქმის ყველა სოფელში. ფეტვი ჩვეულებრივ მარტსა და აპრილში უნდა დაითესოს, რომ აგვისტოს დასაწყისისათვის მოსავალი მივიღოთ. დათესვიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ფეტვი იწყებს აღმოცენებას. როგორც კი მწკრივები გამოჩნდება, საჭიროა ხშირი ნათესი გამოიხშიროს — გაიმარგლოს და მწკრივთაშორისები მაშინვე 2-3 ჯერ გაითოხნოს — გაფხვიერდეს. მოსავალი უნდა ავიღოთ მცენარის სრული სიმწიფის პერიოდში. ფეტვის მარცვალში ცილების რაოდენობა მერყეობს 16-19%-ის ფარგლებში. ცილების შემცველობა ყველაზე მაღალია ქართულ ფეტვში (19,1%). ქართული ფეტვი გამოირჩევა, აგრეთვე, ლიზინის მაღალი შემცველობით (5,5% — 6,2%). მასში მაღალია გლუტამინის მჟავის (12,7-17,7%) შემცველობაც. ფეტვის ფქვილი სამკურნალოდ იხმარებოდა, როგორც შემკვრელი და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. ფეტვი წმინდავს თირკმელებს, გამოჰყავს ქვიშა, პატარა ქვები და ლორწო, მკურნალობს ცისტიტს.

ფეტვის მოსავლის აღება-შენახვა — ფეტვის მოსავალი თანაბრად არ შემოდის. პირველად მწიფდება საგველას ზედა ნაწილი. მოსავალი აღებული უნდა იქნას მაშინ, როცა საგველაში 75-80% მარცვალი მომწიფდება.აღების ვადის გარეგნულ ნიშნად ითვლება მცენარის საგველას წვეროს რუხი შეფერილობა. მარცვალი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. შენახვისათვის განსაზღვრული ფეტვის მარცვლის ტენიანობა 13-14%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ექსპერიმენტულ ბაზაზე იცდებოდა ფეტვის კულტურა, რომლის მოვლა-მოყვანა ხდებოდა ბიოლოგიური მეთოდებით. ცდები ჩატარდა საცდელ (ბიო) და საკონტროლო ვარიანტებში. ბიონაკვეთში ფეტვზე გამოიცადა როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე უცხოეთიდან შემოტანილი ბიოპრეპარატები: შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატები (ორგანიკა, ფიტოკატენა, ბიოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ტურინგენი ) და ფლორასტიმი.

დაკვირვებებს მცენარეთა განვითარებაზე (აღმოცენება, ბარტყობა, დათავთავება, სიმწიფე) ვაწარმოებდით მინდვრის პირობებში. შევისწავლეთ ბიო-სამეურნეო მაჩვენებლები (საგველას სიგრძე, საგველაში მარცვლის რაოდენობა, ერთი საგველას მარცვლის მასა, 1000 მარცვლის მასა).

როგორც № 1 ცხრილიდან ჩანს, საკონტროლოსთან შედარებით უკეთესი შედეგები მოგვცა შპს„ ბიოაგრო“-ს პრეპარატებმა — 1000 მარცვლის წონა გაიზარდა 4,6 გ -ით, ერთი საგველას მარცვლის წონა 3გ-ით, მოსავალი 0.9ტ-ით ჰექტარზე.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახური

ზეინაბ სარალიძე, ს/მ დოქტორი;

გოჩა წერეთელი, ს/მ დოქტორი;

მზია ბერუაშვილი, ს/მ დოქტორი;

გივი წილოსანი, ბ/მ დოქტორი;

ზურა ბილანიშვილი, სპეციალისტი;

თინათინ მამესწარაშვილი, დოქტორანტი