ფრინველის გამოზრდა საკარმიდამო და ფერმერული ტიპის მეურნეობებში

მეფრინველეობის პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით განიცდის დიდ კონკურენციას. იმისათვის, რომ ბაზარზე შენარჩუნდეს კონკრენტუნარიანობა, საჭირო ხდება, უშუალოდ მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინება. მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ პირობებში გამოზრდილი ფრინველისაგან მიღებულ ორგანულ პროდუქციას, ამიტომ მათი საბაზრო ფასი უფრო მეტია.

კონკურენტუნარიანობა განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში ფრინველისათვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რაც დადებით გავლენას ახდენს კვერცხისა და ხორცის ხარისხზე. ძირითადად ასეთი გარემოს შექმნა შესაძლებელია ბიომეურნეობებში, სადაც ფრინველის კეთილდღეობისთვის გათვალისწინებულია ეზოს ფართობი (1 ფრთაზე 6-8 მ2), ვინაიდან ფრინველი უმეტეს ნაწილს ატარებს სუფთა ჰაერზე, სარგებლობს ბუნებრივი საკვებით და მზის სხივებით, ნიადაგში კენკვის გზით დამატებით მოიპოვებს საკვებს. სწორედ ასეთ პირობებს ადგილობრივი ფრინველი ყველაზე უკეთ ეგუება. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ფრინველის გენეტიკური რესურსების შენარჩუნება არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო პრობლემაცაა, რადგან მეფრინველეობა ეყრდნობა მცირე გენეტიკურ ბაზას. ცნობილია, რომ ფრინველის სასოფლო-სამეურნეო ჯიშები თავიანთი წარმოშობით თითქმის ერთგვაროვანია, ამიტომ ევოლუციური პროცესი შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს ძვირფასი ალელებით გაღარიბებას, ან დაკარგვას.

სელექციის შემდგომი პროგრესი კი შეუძლებელია გენეტიკური მრავალფეროვნების გარეშე, რადგანაც ახალი ჰიბრიდების გამოყვანა აუცილებლად მოითხოვს ამჟამად “არაეკონომიური” ფრინველის გენოფონდის სელექციაში ფართო ჩართვას. სწორედ ასეთი იშვიათი გენების მატარებელია საქართველოში უხსოვარი დროიდან გავრცელებული ჩალისფერი, შავი, მეგრულა ყელტიტველა და ნაცარა ქათმები, რომლებიც ხასიათდებიან კვერცხისა და ხორცის საუკეთესო ხარისხით, რეზისტენტობით, არ მოითხოვენ კვება-მოვლის იდეალურ პირობებს და მსუბუქი ტიპის საფრინველეშიც თავს კარგად გრძნობენ. უკანასკნელ წლებში ჩვენ ქვეყანაში შემოყვანილმა ჰიბრიდულმა ფრინველმა გაქრობის პირამდე მიიყვანა ეს უნიკალური ჯიშები. მათზე შეწყვეტილია ყოველგვარი მეცნიერული მუშაობა, რომლის განახლებაც აღნიშნული ფრინველის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

ჩვენ ქვეყანას მეფრინველეობის განვითარების უდიდესი ტრადიციები გააჩნია. თუ დავეყრდნობით ისტორიულ წყაროებს, ვნახავთ, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან გაჰქონდათ ცოცხალი ფრინველი და მეფრინველეობის პროდუქტები (კვერცხი, ხორცი და ბუმბული) ევროპის ისეთ ცნობილ ბაზრებზე, როგორებიც იყო ჰამბურგის, ვენის, ლონდონის და ა.შ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მეცხოველეობა და მათ შორის მეფრინველეობა თითქმის აღარ ვითარდებოდა ჩვენ ქვეყანაში, რამაც დიდი დაღი დაასვა ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ დარგს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, სასიხარულოდ, კვლავ შეიმჩნევა მართალია უმნიშვნელო, მაგრამ სასიკეთო ძვრები მეფრინველეობის კუთხით. მოსახლეობა კვლავ ინტერესდება საკარმიდამო (ფერმერული) ტიპის მეურნეობებში ფრინველის მოშენებით.

ადგილობრივი ქათმები კომბინირებული, ანუ მეკვერცხულ-მეხორცული მიმართულებისაა. მათი მოშენება საკარმიდამო მეურნეობებში საკმაოდ იოლია. ფერმერულ მეურნეობებში ასევე შესაძლებელია შემოყვანილი და კულტურული ჯიშების მოშენებაც. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ მეურნეობებში გაცილებით მარტივია ადგილობრივი პოპულაციის ფრინველის მოშენება. სტატიაში შემოგთავაზებთ საკარმიდამო (ფერმერული) ტიპის მეურნეობებში ფრინველის მოშენების შედარებით რენტაბელურ გზებს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ფრინველის შენახვის ორი სისტემა: 1. გალიური შენახვა და 2. იატაკზე შენახვა. ეს უკანასკნელი იყოფა ღრმა საფენზე, მავთულ, ან პლასტმასისბადიან იატაკზე შენახვად.

მეურნეობებში უფრო მიღებულია ღრმა საფენზე შენახვა. ღრმა საფენზე გამოზრდისას ფრინველი თავისუფლად მოძრაობს და უფრო მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხორცის ხარისხს. მისი მოწყობის წესი ასეთია: ბეტონის იატაკზე ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე აყრიან 0,5 კგ. ჩამქრალ კირს, შემდეგ 5სმ. სიმაღლეზე უმატებენ საფენს, რომელიც უნდა იყოს მშრალი (ტენიანობა 25%). საფენად იყენებენ ნახერხს, ნამჯას, ბურბუშელას და სხვ. დაბინძურების მიხედვით საფენს თანდათან უმატებენ. მას ცვლიან 6-7 კვირაში ერთხელ.

გალიური გამოზრდის უპირატესობა შემდეგია: იზრდება საფრინველეში დასმის სიმჭიდროვე; ადვილდება ფრინველის ყოველდღიური დათვალიერება; მცირდება საკვების დანახარჯი; თავიდან არის აცილებული საფენის შეძენისას გაწეული ხარჯები; ადვილდება ვეტ-პროფილაქტიკური ღონისძიებები.

საკარმიდამო ტიპის მეურნეობაში ფრინველის შენახვის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოეწყოს მარტივი ტიპის საფრინველე. ასეთი საქათმე შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი გათვლით: 4 კვერცხმდებელ ქათამზე 1 მ2. შენობის იატაკი ამაღლებულია ნიადაგიდან 15-20 სმ-ით, ღრმა საფენზე შენახვის შემთხვევაში საფრინველეში უნდა მოწყობილი იყოს საკვებურები, სარწყულებლები, სხვადასხვა ინვენტარი (საბუდარი, ქვიშიანი ყუთი). საფრინველესთან აუცილებლად უნდა მოეწყოს სეირანი. 2,2 მ. სიმაღლის მავთულბადით უნდა შემოიღობოს საფრინველის მიმდებარე ტერიტორია. ეწყობა 40×40 სმ. ზომის ხვრელი შენობიდან სეირანზე გასასვლელად. საბუდარი მზადდება გარანდული და ნავთით გაჟღენთილი ფიცრისაგან. საბუდარი მაგრდება 55-70 სმ სიმაღლეზე. საბუდარის ქვეშ იდება 15-18 სმ. სიმაღლის ყუთები ნაცრისა და სილის ნარევით. ნაცარი საჭიროა პარაზიტებთან საბრძოლველად.

საფრინველის მშენებლობისას და შემდგომ პერიოდში აუცილებელია ზოოჰიგიენური პირობების დაცვა. ქანდარების მოსაწყობად იხმარება მრგვალი, გარანდული, ნავთში გაჟღენთილი ჯოხი; საფრინველეში უნდა იყოს +18-220C ტემპერატურა. საქათმეში ჰაერის ცვლისათვის ჭერში უნდა გაკეთდეს რამდენიმე გამწოვი მილი ფიცრებისაგან (22×22 სმ.), რომელიც სახურავს ასცდება 60 სმ-ით. აუცილებლად უნდა გამოინახოს ფანჯრების გაღების შესაძლებლობა შენობის განიავებისთვის. განათების უზრუნველსაყოფად ყოველ 10 მ2 ფართობზე საკმარისია ერთი 60 ვტ. ნათურა, დამაგრებული 2მ. სიმაღლეზე. სასეირანო ადგილი უნდა ისე დავიანგარიშოთ, რომ სასურველია თითო ქათამზე მოდიოდეს 2-3 მ2 მაინც;

ქათმის კვება. 40%-იანი კვერცხდების ინტენსივობის პირობებში 1 ფრთას დღეში ეძლევა საშუალოდ 140-145 გ საკვები, რომლის ყოველი 100 გ უნდა შეიცავდეს 16-17 გრ. ნედლ პროტეინს, 220 კ/კალ მიმოცვლის ენერგიას და 1-1,2 საკვებ ერთეულს. თითო კვერცხის წარმოსაქმნელად ორგანიზმი ხარჯავს 2,1-2,2 გრ კალციუმს. სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე კიდევ იხარჯება 0,2 გრ. ფრინველის ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს მხოლოდ 50% კალციუმს, ამიტომ საჭიროა კვერცხმდებელს დღეში მიეცეს 2-ჯერ მეტი კალციუმი, ანუ 4,5 გ-დან 5 გრ-მდე. კალციუმი ფრინველს შესაძლებელია მიეცეს ცარცის, წვრილი ქვიშის ან დაფქული ნიჟარის სახით. ამასთან ერთად, ფრინველისთვის აუცილებელია მწვანე მასა 1 ფრთაზე 15-20 გრ. დღეში. საკვები რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი. ზამთარში ვიტამინების საუკეთესო წყაროა წვრილად დაქუცმაცებული წიწვები (დღეღამეში 2-5 გრ.). აუცილებელია საკვებში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნება. მათი ოპტიმალური შეფარდებაა 2 : 1. კალციუმის და ფოსფორის თანაფარდობას არეგულირებენ ვიტამინები.

ზაფხულში დილით უკეთესია რბილი საკვების მიცემა —  ხორბლის ქატო, შერეული სადილის ნარჩენებთან. შუადღისას —  ცოტაოდენი წიწიბურა, ბრინჯი, ბარდა; საღამოს კი —  ქერი ან შვრია. კვერცხმდებელი ქათმებისათვის დილით შვრია მწვანილით, შუადღეზე —  ბარდა ან ოსპი. ქერი ნაკლებად ყუათიანია ქათმებისთვის. ქერი უმჯობესია მივცეთ დაღერღილი სახით. ყვითელი სიმინდი და ხორბალი ასევე კარგი საკვებია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. შეიძლება მივცეთ დილით და შუადღეზე. წიწიბურა კარგია მეხორცული ქათმებისათვის. ზამთრისათვის შეიძლება დავამზადოთ ვიტამინიანი საკვები. სიმინდის მარცვალი მდიდარია ცხიმით და სახამებლით იგი ითვლება საუკეთესო ზამთრის საკვებად. საღამოს კვების დროს დაახლოებით 0,4 კგ. 4 ქათამზე (2 კგ. ცოცხალი მასით) შეიძლება მივცეთ მწვანილი და სხვადასხვა ბოსტნეული შერეული ქატოსთან ოდნავ მოხარშული და დაქუცმაცებული სახით.

წიწილებისთვის პირველი საკვების მიცემა გამოჩეკიდან 12-18 საათის შემდეგ შეიძლება. ეძლევა ცოტაოდენი მაგრად მოხარშული წვრილად დაჭრილი კვერცხი —  პირველი 4-5 დღე. მე-2 დღიდან შესაძლებელია დაღერღილი სახით მარცვლოვანი საკვების მიცემა. მარცვლეულიდან კარგია დაღერღილი სიმინდი, შვრია, ხორბალი, ხოლო დაუღერღავი მარცვლეულის მიცემა შეიძლება 2 თვის შემდეგ.

საშუალოდ ერთ კვერცხმდებელზე დღე-ღამეში საჭიროა 115 გრ. საკვები გალიური შენახვისას და 120 გრ. საკვები იატაკზე შენახვისას.

შესაძლებელია დამზადდეს წიწილის (განსაკუთრებით მეხორცული — ბროილერული) საკვების შემდეგი ვარიანტი: 1 კგ. ცილოვან-ვიტამინოვანი დანამატი (პრემიქსი) შერეული 7 კგ. დაღერღილ სიმინდში. მოზარდისათვის სასურველია წყალში ხსნადი ვიტამინოვანი დანამატების (ჩიკტონიკი, განამინოვიტი) მიცემა. პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია მოზარდის დამუშავება ვეტ-პრეპარატებით. კერძოდ, ვაქცინაციის და დეჰელმინთიზაციის ჩატარება.

ამრიგად, საკარმიდამო (ფერმერული) ტიპის მეურნეობებში ფრინველის გამოსაზრდელად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შერჩეულ იქნას ისეთი ჯიშები, რომელთა მოშენება შესაძლებელი იქნება შედარებით უფრო მარტივად, ნაკლები შრომითი და ეკონომიკური დანახარჯებით. ამასთან ერთად აუცილებელია გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ზოოტექნიკური და ვეტერინარული ღონისძიებების გათვალისწინება.

კობა ნაცვალაძე,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *