ფუტკრის მასობრივი და ინდივიდუალური სელექცია  

მეფუტკრეობაში სანაშენე მუშაობის უპირველესი მიზანია პროდუქტიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება.   სანაშენე მუშაობა ორი უმთავრესი ელემენტისგან შედგება: გადარჩევა  სასურველი ნიშანთვისების მიხედვით და განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა შერჩევა. სასარგებლო თვისებების გათვალისწინებით, ფუტკრის ოჯახების გადარჩევისას ითვალისწინებენ ხალასჯიშიანობას და სამი ძირითადი მაჩვენებლის განსაზღვრით ადგენენ ფუტკრის ოჯახის კლასს 5-ბალიანი სისტემით.  ხალასჯიშიანობას ადგენენ მაჩვენებელთა კომპლექსის მიხედვით, რომელშიც შედის: ფუტკრის სხეულის შეფერილობა, ქცევა ფიჭის დათვალიერებისას და სკის გახსნის დროს, ზამთარგამძლეობა, ხორთუმის სიგრძე (მმ), III თერგიტის სიგანე (მმ), კუბიტალური ინდექსი (%), ერთდღიანი მუშა ფუტკრის, გაუნაყოფიერებელი და განაყოფიერებული დედა ფუტკრების სხეულის მასა (მგ), დედა ფუტკრის სადღეღამისო კვერცხმდებლობა (ცალი).

ფუტკრის ოჯახის კლასის დადგენისას განისაზღვრება სამი მაჩვენებელი: სათაფლე პროდუქტიულობა (კგ), ფუტკრის რაოდენობა, ფუტკრის კლება ზამთრობის პერიოდში.

სათაფლე პროდუქტიულობა ისაზღვრება აქტიურ სეზონზე წარმოებული თაფლის საერთო რაოდენობით. ფუტკრის რაოდენობა მთავარი ღალის წინ ისაზღვრება ფუტკრის ოჯახის მიერ დაკავებული ფიჭების მიხედვით. ზამთრობის პერიოდში მისი კლება გამოითვლება პროცენტულად, საშემოდგომო და საგაზაფხულო დათვალიერებისას განსაზღვრულ რაოდენობათა შორის სხვაობით. მათგან შემოდგომაზე ფუტკრის რაოდენობას მიიჩნევენ 100%-ად. ფუტკრის კლება %-ულად დგინდება ფორმულით:

(კლება ზამთრის განმავლობაში): ფუტკრისრაოდენობა შემოდგომაზე) x100 ზემოთაღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით განისაზღვრება ფუტკრის ოჯახის კლასი. I კლასში მოხვედრილი დედეული და მამეული ოჯახები 5-ბალიან შეფასებას იღებენ, 1-ბალიან ოჯახებს საერთოდ იწუნებენ.

 ფუტკრის ოჯახების ბონიტირება

  ფუტკრის ოჯახების ბონიტირება ტარდება ყოველწლიურად სანაშენე საფუტკრეებში. მთელი სულადობა სამ ჯგუფად იყოფა: სანაშენე ჯგუფი (3-10 ოჯახი), წუნდებული (საერთო სულადობის 10-15%), საფუტკრის დარჩენილ რაოდენობას II ჯგუფს აკუთვნებენ. I ჯგუფში მოხვედრილი დედა ფუტკრებისა და მამლების წარმოშობის დადგენის შემთხვევაში (დედისა _ საფუტკრის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებით, ხოლო მამლებისა – დედა ფუტკრების ხელოვნური დათესვლის მეშვეობით დადგენილი წარმოშობის მამლებით) ისინი ელიტურ ჯგუფში შეჰყავთ. მათი მონაცემები რეგისტრირდება ბონიტირების უწყისში.

სანაშენე მუშაობის თავისებურებანი მეფუტკრეობაში იმით გამოირჩევა, რომ ოჯახში არის ინდივიდების სამი სახეობა (დედა, მამლები და მუშა ფუტკრები), რომელთაგან ორი პროდუქციას არ ქმნის და მათ სანაშენე ღირებულებაზე წარმოდგენა იქმნება მუშა ფუტკრების ქმედების მიხედვით;

_ მამლებთან დედა ფუტკრის ჰაერში შეწყვილება ართულებს მათი შერჩევის გაკონტროლებას, ხოლო მამლების  დაღუპვა შეწყვილების შემდეგ, მათი შთამომავლობის ხარისხის შეფასებას შეუძლებელს ხდის;

_ ფუტკრის ოჯახის საფუძველი დედა ფუტკრიდან მოდის. მისგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მრავალი ათასი შთამომავლის მიღება შეიძლება, რასაც ხელს უწყობს მამალი ფუტკრების მალმწიფადობა და შესაბამისად, ახალი ოჯახების შექმნის შესაძლებლობა.

ფუტკრის მიერ სასარგებლო სამეურნეო ნიშან-თვისებების გამოხატვაში მონაწილეობს ორი ფაქტორი: გენოტიპი _ მემკვიდრული ნიშანთვისებების მატარებელი სუბსტანციის – გენების ერთობლიობა და გენოტიპისა და გარემო პირობების ურთიერთობის შედეგი – ფენოტიპი, რომელიც ვლინდება ორგანიზმის ნიშან-თვისებებში.

სასარგებლო სამეურნეო ნიშან-თვისებები პოლიგენური ხასიათისაა, ცალცალკე თითოეული გენი მათ ვერ განსაზღვრავს. პროცესს, ერთი მხრივ, აკონტროლებს გენების გარკვეული ჯგუფის ერთობლიობა და, მეორე მხრივ, გარემო პირობები. ორგანიზმის ბიოლოგიური ცვალებადობა შედეგია მემკვიდრული (გენოტიპური) და არამემკვიდრული (ფენოტიპური) კომპონენტების ჯამისა. აღნიშნულის გამო ფუტკრის მაღალი მემკვიდრული პოტენციალის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ მოვლა_შენახვის ოპტიმალურ პირობებში, რასაც პრაქტიკულ სელექციაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვეყნის მეფუტკრეობის სისტემაში სანაშენე – სასელექციო მუშაობის სქემა შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი:

მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ქართული ფუტკრის ცალკეული პოპულაციების ბუნებრივი გავრცელების ზონებში      (ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ჩოხატაურის, გუდაუთისა და დუშეთის რაიონებში) ხელმძღვანელობდა საჯიშე მეურნეობებსა და ინსტიტუტის საყრდენ პუნქტებზე სანაშენე საქმიანობას. აქ მიღებული საჯიშე მასალა ნაწილდებოდა როგორც საზოგადოებრივ, ისე სამოყვარულო საფუტკრეებში. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შეიქმნა მაღალპროდუქტიული ხაზები მ-23 სქური და გ-6 მეგრული და გურული პოპულაციების ფონზე. აფხაზეთში (გუდაუთის რაიონი) ამ მიმართულებით დაწყებული სამუშაო შეწყდა რეგიონში გაჩაღებული სეპარატისტული ამბოხების შედეგად.

ფუტკრის გადარჩევა და შერჩევა 

 სანაშენე პროდუქციის მისაღებად გადარჩევა შეიძლება იყოს:

ა) მასობრივი, რომელსაც საფუძვლად უდევს მაღალპროდუქტიული ფუტკრის ოჯახების გამოვლენა ძირითადად სამეურნეო შედეგების მიხედვით. ზოგჯერ ამას ემატება ცნობები სადედე სულადობის ან მამლების წარმოშობის შესახებ. ძირითადი სამეურნეო მაჩვენებლების მემკვიდრულობის კოეფიციენტი მაღალი არ არის, რის გამოც მასობრივ გადარჩევას მაღალი ეფექტი არ ახლავს თან. მასობრივი გადარჩევისას ყოველწლიურად მთლიანი სულადობა ჯგუფებად იყოფა.

 ბ) პირველ ჯგუფში ხვდება ყველაზე უკეთესი, მაღალპროდუქტიული ოჯახები (10% საერთო რაოდენობიდან). ყველაზე ცუდი ოჯახები (სავარაუდოდ 10-15 %) რჩება მე-3 ჯგუფში, რომელიც გამოიწუნება. დანარჩენი შედის მე-2 ჯგუფში, რომლისთვისაც მომდევნო სეზონზე პირველი ჯგუფის ყველაზე პროდუქტიული ოჯახებიდან დედა ფუტკრები გამოიზრდება და აღნიშნული ჯგუფიდან ოჯახები დაკომპლექტდება. პირველი ჯგუფიდანვე გამოიყოფა მამეული ოჯახები (არანაკლებ 5), აქ სტიმული მიეცემა მამლების გამოზრდას, ხოლო დანარჩენ ოჯახებში სამამლე ბარტყი მაქსიმალურად შეიზღუდება. დედეული და მამეული ოჯახები ერთმანეთს არ უნდა ენათესავებოდნენ (ინბრიდინგი). ამისათვის პერიოდულად (3-4 წელიწადში ერთხელ) საფუტკრეებში, რომლებიც ერთმანეთს  დაშორებულები არიან 25-30 კმ მანძილით, უნდა შევიდეს უცხო წარმოშობის (არანათესაური) მაღალპროდუქტიული ოჯახები სისხლის განახლებისათვის.

ფუტკრის ოჯახების გადარჩევა ან მათი დაკომპლექტება ახალი, მაღალი სანაშენე ღირსების სადედე მასალით უნდა მოხდეს მთელი რაიონის ან რეგიონის მასშტაბით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი და შეყვანილი ფუტკრების ერთმანეთში აღრევა გაურკვეველი წარმოშობის, ხშირად სრულიად უსარგებლო თაობებს იძლევა. ამასთან, ერთდროულად უნდა მოხდეს დაბალპროდუქტიული ოჯახების წუნდება და მამლების გამოჩეკა მხოლოდ განსაზღვრულ, მაღალპროდუქტიულ მამეულ ოჯახებში.

ფუტკრის სელექციის მეორე მხარეა დედეული და მამეული ოჯახების შერჩევა იმ მიზნით, რომ მივიღოთ თაობა, რომლის თვისებები წინასწარ არის განსაზღვრული. შერჩევა შეიძლება იყოს:

1) ერთგვაროვანი, როცა დედეული და მამეული ოჯახების თვისებები ერთნაირია და ემსახურება შთამომავლობაში ამ თვისებების მყარად დამკვიდრებას;

2) ნაირგვაროვანი, შერჩევის დროს შესაწყვილებელი ინდივიდები სამეურნეო თვისებებით განსხვავებულია და ორივე მხარის დადებითი თვისებები შთამომავლობას გადაეცემა.

სანაშენე მუშაობის დასაწყისში იყენებენ ნაირგვაროვან შერჩევას, ხოლო სასურველი თვისებების მქონე თაობის მიღების შემდეგ გადადიან ერთგვაროვან შერჩევაზე.

 ხალასჯიშიანი მოშენების ხერხები

საქართველოში ფუტკრის გენოფონდის მყარად შენარჩუნების მიზნით დაუშვებელია სხვა ჯიშის ფუტკრის შემოყვანა, რაც მხოლოდ ხალასად მოშენების შესაძლებლობას ტოვებს. ამ სიტუაციაში ერთ-ერთი ხერხია ხაზობრივი მოშენება.

სხვა დარგებისაგან განსხვავებით ხაზის საწყის ერთეულად გამორჩეული თვისებების  მქონე დედა ფუტკარია, შემდგომი თაობები მის მიერაა წარმოშობილი.

ხაზის მიღება, საწყისი ჯგუფის შერჩევა  

 ამ ჯგუფში ბონიტირების შედეგების მიხედვით მოხვდება 100-150 ფუტკრის ოჯახი, რომლებიც განლაგებულია 2-3 საფუტკრეში. დასაწყისში სანაშენე ჯგუფში შეყვანილი დედეული და მამეული ოჯახები უნდა ეკუთვნოდნენ მხოლოდ პირველ ან მე-2 კლასს და უნდა იყვნენ შემოწმებული წარმოშობის მიხედვით. ამასთან ერთ – ერთი აუცილებელი მოთხოვნაა წინაპრების მაღალი პროდუქტიულობა, მარტო პირადი თვისებები ამისთვის საკმარისი არ არის.

 სადედე ოჯახებიდან ბარტყი აიღება ჩვეულებრივი წესით. აღმზრდელ ოჯახში გადავა 24-26 სადედე ბარტყი, გამოჩეკის შემდეგ დედა ფუტკარი აიწონება და დაინომრება. მამლებთან შეწყვილება მოხდება მხოლოდ იზოლირებულ შესაწყვილებელ პუნქტზე, რომელიც ახლობელ საფუტკრეებს დაშორებულია 4-5 კმ-ის რადიუსით. პუნქტზე შევა მამეული ოჯახები (10-15 ყოველ 200-300 ნუკლეუსზე) და გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკრები ნუკლეუსებით. განაყოფიერებული დედა ფუტკრები უნდა ჩაისვას ანალოგიური კონდიციის ოჯახებში შთამომავლობის ხარისხზე შესამოწმებლად. სულ შედგება 3 საცდელი ჯგუფი, თითოეულში 30 ფუტკრის ოჯახით, ამასთან ერთად აიღება ერთი საკონტროლო ჯგუფი, რომელიც საწყისი ჯგუფიდან მიღებული დედა ფუტკრებით დაკომპლექტდება. ამ ჯგუფების მოვლა – შენახვის პირობები იდენტურია.  საცდელი და საკონტროლო ჯგუფები ერთიმეორეს შედარდება სამი ძირითადი სამეურნეო მაჩვენებლის მიხედვით (პროდუქტიულობა, ზამთარგამძლეობა, დედა ფუტკრის კვერცხმდებლობა). პირველი შედეგები შეჯამდება პირველი წლის აქტიური სეზონის ბოლოს. თუ გამომჟღავნდება რომელიმე ოჯახის განსაკუთრებული უპირატესობა, ხაზის საწყისი დედის შთამომავლობის გამრავლება უნდა დაიწყოს.

თუ პირველი შედეგები მომდევნო წელს დადასტურდა, სელექციონერს უფრო მეტი დრო რჩება ამ მასალის გასამრავლებლად. ამრიგად, შთამომავლობის ხარისხზე შემოწმებას ორი წელი სჭირდება. ხაზის საწყისად იმ რეკორდულ დედა ფუტკარს მიიჩნევენ, რომლის შთამომავლობის 70% მაინც ასევე რეკორდულია. უარესი ოჯახების ინდივიდებს იწუნებენ. რამდენიმე მაღალპროდუქტიულ, ერთნაირი მონაცემების მქონე დედა ფუტკრებს ცალცალკე საფუტკრეებში ამრავლებენ, რასაც შემდეგში გამოიყენებენ ერთ საფუტკრეში ინბრიდინგის აუცილებლობის შემთხვევაში.

 ხაზის გამგრძელებლის ამორჩევა

ხაზის საწყისი დედის (შემდეგში დამწყები) ქალიშვილებს გამოზრდიან, იზოლირებულ შესაწყვილებელ პუნქტზე გაანაყოფიერებენ საწყისი ჯგუფის მამეული ოჯახის მამლებით. ხაზის გამგრძელებლის პირველ შთამომავლობას აფასებენ მეთოდით ქალიშვილები – თანატოლები. საკონტროლო ჯგუფში ჰყავთ ხაზის საწყისი დედის ქალიშვილები, რომლებიც შეფასებულია გენოტიპურად. მეთოდი ატარებს საკონტროლო გაუმჯობესებლის სახელს. თუ ხაზის გამგრძელებელს იწუნებენ, მაშინ ირჩევენ ხაზის დამწყები დედის საუკეთესო ქალიშვილ დედებს.

 ხაზში დამწყები დედის თვისებების სტაბილიზაცია

ამ ეტაპზე მე-2 და შემდგომი თაობების გამოცდა ხდება ერთდროულად შესაწყვილებელი დედა ფუტკრებისა და მამლების ერთგვაროვანი შერჩევის მეთოდით. ზოგჯერ დასაშვებია ხანმოკლე ინბრიდინგი ხაზის დამწყებ დედაზე.

ხაზის გამგრძელებლის ქალიშვილ დედებს ზრდიან და აფასებენ შთამომავლობის ხარისხით. თუ დამწყებ დედაზე ინბრიდინგს იყენებენ, მაშინ მამეულ ოჯახებს ირჩევენ ხაზის დამწყები დედის ქალიშვილებიდან და შვილიშვილებიდან. ნათესაური შეწყვილება ხდება სქემით: ბიძაშვილი მამა X და  და ბიძაშვილი, ბიცოლა X ძმისშვილი. ხაზის დამწყები დედის ტიპს და შეწყვილების სისუფთავეს ამოწმებენ მორფოლოგიური გაზომვებით.  ინბრიდინგის გამოყენების დროს საყურადღებოა ფუტკრის ოჯახების ცხოველმყოფელობა. ჩამორჩენილ ოჯახებს მკაცრი წუნდებით გამოყოფენ. გამოცდის დამთავრების შემდეგ ხაზის გამგრძელებლის დანიშნულებას განსაზღვრავენ.

მე-3 და მე-4 თაობებში იყენებენ  ერთგვაროვან შეწყვილებას, შეიძლება გამოიყენონ სხვა ქვეხაზების წარმომადგენლები და ინბრიდინგი სქემით: ბიძაშვილები ხ დეიდაშვილები, (EPage a. Laidlaw 2010) დედა  ფუტკრების ხელოვნური დათესვლის მეთოდის გამოყენებით.  შთამომავლობას აფასებენ ძირითად სამეურნეო  ნიშან-თვისებებზე ხაზების შიგნით ერთიმეორესთან და საწყის მასალასთან შედარებით. ფუტკრის ოჯახების ერთგვაროვნების მიღწევის შემდეგ იყენებენ დედა ფუტკრებისა და მამლების შეწყვილებას შორეული ნათესაობის ხარისხით, აგრეთვე შეჯვარებას ისეთ ხაზებს შორის, რომლებსაც გადაარჩევენ ერთი მიმართულების სელექციის პრინციპით. მე-3 და მე-4 თაობების წარმომადგენლების საწარმოო გამოცდას ატარებენ იმ ვარაუდით, რომ საუკეთესო დედა ფუტკრების მასობრივი აღ. წარმოება დაიწყონ. მიღებული ოჯახებით საფუტკრეების ერთიან მასივს ქმნიან რეგიონში.

 ხაზების შემოწმება ურთიერთშეხამებაზე

ხაზისათვის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია კომბინაციური უნარი, რომლის შედეგად სხვა ხაზებთან მოცემული  ხაზის ნაჯვარები ავლენენ  გაუმჯობესებულ საპროდუქტო თვისებებს და ცხოველმყოფელობას.

კომბინაციური უნარის გამოსავლენად სხვადასხვა ხაზს ერთიმეორეში აჯვარებენ და გამოიცდება მიღებული ჰიბრიდული თაობა. თუ მოცემული ხაზი სხვა ხაზთან შეჯვარებისას იძლევა პერსპექტიულ თაობას, ეს ხაზები სპეციფიკურად შეხამებულია. ამ ეფექტის გასაძლიერებლად პერიოდული რეციპროკული სელექციის მეთოდი გამოიყენება.

თუ თქვენი საფუტკრე არასანაშენეა, ე.ი. ჩვეულებრივ სასაქონლო პროდუქციას აწარმოებთ, ოჯახებში იყოლიეთ მხოლოდ ჰიბრიდული დედა ფუტკრები (ხაზთაშორისი ან პოპულაციათაშორისი). ამით თქვენი საფუტკრის პროდუქტიულობას გაზრდით. მთავარია, გამოიყენოთ ჰიბრიდიზაციის ის მეთოდი, რომელიც რეკომენდებულია სპეციალისტების მიერ!

ორხაზიანი რეციპროკული სელექცია შემდეგნაირად ხდება: ერთი ხაზის საუკეთესო დედა ფუტკრებს შეუწყვილებენ მეორის საუკეთესო მამლებს, ჰიბრიდულ თაობას საწყის ხაზებს ადარებენ. თუ ეს თაობა ავლენს მაღალ პროდუქტიულობას, მაშინ მას შეხამების უნარიც მაღალი აქვს. ხანდახან სამხაზიან ნაჯვარებსაც იღებენ, რისთვისაც ჯერ ორხაზიან ჰიბრიდებს მიიღებენ, ხოლო შემდეგ მიღებულ ჰიბრიდულ დედებს მე-3 ხაზის მამლებს შეუწყვილებენ.

„მეფუტკრეობა“

გიორგი მაძღარაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *