დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახის შეძენისას სათანადო დროისა და კონდიციის განსაზღვრა 

ფუტკრის ოჯახის შეძენის ოპტიმალური პერიოდი და პირობები

საფუტკრის მოწყობის შემდგომ საჭიროა ფუტკრის ოჯახების შეძენა, რისთვისაც მიზანშეწონილია გამოცდილ მეფუტკრეებსა და ფუტკრის დაავადების სპეციალისტებთან დაკავშირება. ისინი დაეხმარებიან შეძენის მსურველს ჯანსაღი სანაშენე მასალის შერჩევაში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ფუტკრის ოჯახების ადგილობრივ პირობებთან შეგუების უნარი, მათი სიცოცხლისუნარიანობა და რეზისტენტობა დაავადებების მიმართ.

ფუტკრის ოჯახის შეძენა შესაძლებელია გაზაფხულზე, ზაფხულის პერიოდში ან შემოდგომაზე. ზამთარში, ან გვიან შემოდგომაზე ფუტკრის ოჯახების შეძენა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს შეუძლებელია ფუტკრის ოჯახების სრულფასოვანი დათვალიერება და მისი ხარისხის განსაზღვრა.

ფუტკრის ოჯახის შეძენა, მაღალპროდუქტული ოჯახის შერჩევა, მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და ხარისხის გათვალისწინებით

 ფუტკრის შეძენისას უნდა დათვალიერდეს ფუტკრის თითოეული ოჯახი, შემოწმდეს მისი ფიზიოლოგიური მდგომარება, აღიწეროს: შეფერილობის (ფუტკარი უნდა იყოს რუხი, არ უნდა იყოს გაცვეთილი), სიძლიერის (ფუტკრის რაოდენობით ჩარჩოზე) მიხედვით, ასევე, უნდა შემოწმდეს ჰყავს თუ არა ფუტკრის ოჯახს ახალგაზრდა განაყოფიერებული დედა, არის თუ არა ოჯახში ბარტყი და საკვები (სკაში თაფლის რაოდენობა), ასევე აუცილებელია ოჯახების შემოწმება ფუტკრისა და ბარტყის დაავადებების ნიშნებზე.

ადრე გაზაფხულზე შესაძლებელია ხელოვნური ნაყრის შეძენა, თავის მხრივ ნაყრები შეიძება იყოს ინდივიდუალური – ერთი ნაყარი ერთი ოჯახიდან, ან ნაკრები – რამდენიმე ოჯახიდან შედგენილი; აგრეთვე, ფიჭიანი, როდესაც ნაყარი შედგება ჩარჩოიანი ფიჭებისგან იქ არსებული ფუტკრით, ბარტყით და საკვების მარაგით და უფიჭო – როდესაც ნაყარი წარმოდგენილია მხოლოდ მუშა ფუტკრით. 

ხელოვნური ნაყარი უნდა შედგებოდეს განაყოფიერებული დედისგან (არა უხნეს 1 წლისა) და 4 ჩარჩოსგან, სადაც 2 ჩარჩო იქნება გადაბეჭდილი და ღიაბარტყიანი და
ორი ჩარჩო სამარაგო საკვებით, მუშა ფუტკრის მასა 1-1,2 კგ. როდესაც საფუტკრის ოჯახების კონდიცია საკმარისი არ არის ინდივიდუალური ნაყრების შესადგენად,
მაშინ მთავარი ღალიანობის დაწყებამდე 2-3 კვირით ადრე ხდება ნაკრები ნაყრის შედგენა, რომელსაც ეძლევა დედა ფუტკარი ან მწიფე სადედე, სასურველია ძირითადი ოჯახების გაძლიერებისთვის; უფიჭო ხელოვნურ ნაყარს ადგენენ ბარტყის ინფექციური დაავადებების გავრცელების შესაზღუდად, აგრეთვე, ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად (ნაყრის მასა ყუთიანად სამჯერ ნაკლებია ფიჭიანთან შედარებით). იგი გათვალისწინებულია იმ შემთხვევისათვის, როდესაც ნაყრის მყიდველს სკების გარდა აქვს საჭირო რაოდენობის აშენებული ფიჭებიც ნაყრის დასაბინავებლად.

მთელი აქტიური სეზონის განმავლობაში, ასევე, შესაძლებელია როგორც ხელოვნური ნაყრის, ისე ფუტკრის ოჯახის შეძენა. ამ პერიოდში ფუტკრის ოჯახის შეძენისას
გასათვალისწინებელია ფუტკრის ოჯახის სიძლიერე, ღია და გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოების და ბუდეში არსებული საკვების რაოდენობა, ასევე, ფუტკრის სიჯანსაღე.
ზემოთჩამოთვლილი პარამეტრების გათვალისწინებით განისაზღვრება ფუტკრის ოჯახის ფასი. შემოდგომით ფუტკრის ოჯახების შეძენისას ვითვალისწინებთ ოჯახების
სიძლიერეს და გამოზამთრებისთვის საჭირო სამარაგო საკვების რაოდენობას.

თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი,
ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი