ფუტკრის საკვები ბაზა და მთაბარობა

 ფუტკრის საკვები ბაზა ის ფაქტორია, რომლის გარეშე მეფუტკრეობა არ  არსებობს. საფუტკრის მოწყობის დროს, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რა სახის თაფლოვანი მცენარეები არსებობს სიახლოვეს, როდის შეუძლია ფუტკარს მათგან ნექტრისა და ყვავილის მტვრის მოპოვება და აქედან გამომდინარე, განსაზღვროთ თქვენი საქმიანობის ხასიათი ფუტკრის  მოვლა – მოშენების საკითხებში. აქვე იხილეთ ქვეყნის თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეების დახასიათება და ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესების ამოცანები.
მინდვრის სასოფლო-სამეურნეო და საკვები თაფლოვანი მცენარეები

  მზესუმზირა 

გავრცელებული ტექნიკური (ზეთოვანი) კულტურაა, მოჰყავთ ძირითადად კახეთში. იგი რთულყვავილოვანია, კალათის გარშემო არსებული წაგრძელებული ყვავილები მწერების მისაზიდადაა განკუთვნილი, ორსქესიანი ყვავილების რაოდენობა 600-1200 ცალს შეადგენს, გვალვაგამძლე, სითბოსმოყვარული მცენარეა, ყვავილობა იწყება ივნისის ბოლოს  და მისი ხანგრძლივობა 30 დღეს უდრის. ფუტკარი 1 ჰა-ზე 40 კგ-მდე თაფლს აგროვებს. თაფლი ღია ოქროსფერია, გემოთი ნაზი, სასიამოვნო, ნაკლებად არომატული, სწრაფად კრისტალდება, აღნიშნულია ფიჭაში დაკრისტალების შემთხვევები.

 ესპარცეტი 

უმნიშვნელოვანესი საკვები და თაფლოვანი მცენარეა პარკოსნებიდან, გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, ყვავილები თავთუნებადაა შეკრული. ყვავილობა იწყება მაისში და გრძელდება ივნისში. ლიტერატურაში ცნობილია, როგორც კარგი თაფლოვანი (90-400 კგ თაფლი 1 ჰა-ზე). საქართველოში მისი სათაფლე პროდუქტიულობა მერყეობდა 28-172 კგ-მდე. თაფლი ღია ქარვისფერია, გემოთი სასიამოვნო, ნაზი არომატით, საკმაოდ სწრაფად კრისტალდება.

სამყურა

სამყურა, როგორც თაფლოვანი, ცნობილია სამი სახის: ვარდისფერი, თეთრი და წითელი. ძალზე მნიშვნელოვანი თაფლოვანია, რომლის პროდუქტიულობა 100-120 კგ/ჰა-ს შეადგენს. წითელი სამყურას აგროტექნიკაში გრძელხორთუმიანი ქართული ფუტკრის მონაწილეობა ყველა სხვა ფუტკარზე უფრო ეფექტიანია. სამყურა მომთხოვნია ნიადაგში კირის შემცველობის მიმართ. ვარდისფერი სამყურა თითქმის მთელ ზაფხულს ყვავილობს. იგი უფრო გამძლეა მჟავე ნიადაგების მიმართ; თაფლი თეთრი ფერის, გამჭვირვალეა, საკმაოდ სწრაფად კრისტალდება, ახასიათებს შედარებით სუსტი არომატი.

ძიძო

მაღალმოსავლიანი საკვები კულტურაა და მაღალი სანექტრე პროდუქტიულობით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტენიან წელიწადს. ყველაზე გავრცელებულია თეთრი და ყვითელი ორწლიანი ძიძო. იგი იტანს გვალვას და საკმაოდ ზამთარგამძლეა, კარგად ეგუება დამლაშებულ ნი-ადაგებს, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. კარგია, როგორც თაფლოვანი (300 კგ/ჰა) კულტურა.

წიწიბურა

მნიშვნელოვანი სასურსათო და თაფლოვანი კულტურაა, რომელიც საქართველოში ხხ საუკუნის ბოლოს გავრცელდა. მისი ყვავილობა 25-30 დღეს გრძელდება, საქართველოში იგი 2-3-ჯერ ითესება, გვალვიან, ცხელ და ცივ ამინდში ნექტარს თითქმის არ გამოყოფს. კარგ ამინდში სანექტრე პროდუქტიულობა 70-90 კგ-ს შეადგენს. თაფლი შედარებით მუქია, თავისებური არომატით და კარგად გამოხატული გემოთი, რითაც ის გამოირჩევა თაფლის სხვა სახეობათაგან.

იონჯ

ძალზე მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა, მაგრამ როგორც თაფლოვანი მცენარე, ურწყავ ნიადაგებზე ფუტკრისათვის საინტერესო არ არის. სარწყავ მიწებზე მისი პროდუქტიულობა 250-300 კგ-ს შეადგენს. არსებობს ცნობები, რომ იონჯის ყვავილის მტვერი მეთაფლე ფუტკრისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს   შეიცავს.

შოროქნის ცოცხი

შოროქნის ცოცხი, როგორც თაფლოვანი მცენარე, იძლევა საკმაოდ მაღალ საგვიანო (სექტემბერი) სანექტრე პროდუქციას და ბარტყიანობის განახლებისათვის საკმაოდ კარგი საშუალებაა, ამტანია დამლაშებული ნიადაგების მიმართ.

 ოქროწკეპლა

ოქროწკეპლა უკანასკნელ პერიოდში გამოჩენილი თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეა, რომელიც ხარობს, როგორც სარეველა (მიგდებულ ჩაის პლანტაციებში). ლიტერატურაში ცნობილია, როგორც კარგი თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარე. ამ მცენარის სათაფლე პროდუქტიულობა საქართველოში არ შესწავლილა. არსებობს ცნობები, რომ მისი თაფლი სწრაფადკრისტალებადია, რაც საკმაოდ საგანგაშოა, რადგან ოქროწკეპლა ყვავილობს შემოდგომაზე და მისი თაფლი შეიძლება საზამთრე მარაგში მოხვდეს.

 მდელოს ბალახებიდან როგორც თაფლოვანები, აღსანიშნავია: სალბი, შავბალახა, ჭინჭრისდედა და სხვა, რომლებიც ფუტკარს საკმაოდ კარგად იზიდავენ და უზრუნველყოფენ ნექტრით. ეს მცენარეები საქართველოში თაფლოვან  მასივებს არ ქმნიან, მათი სანექტრე პროდუქტიულობა არ არის შესწავლილი და შესაბამისად ლიტერატურაში მათ შესახებ ცნობები ნაკლებადაა.

თეთრეკალა, ტყის ცოცხი და ფუჭფუჭა საინტერესოა არა მარტო როგორც თაფლოვანი მცენარეები, არამედ ეროზიის საწინააღმდეგოდაც, რომლებსაც ნიადაგის საფარის გასამაგრებლად იყენებენ.

მდელოს ბუჩქოვანი  მცენარეებიდან აღსანიშნავია ძეძვი, მაყვალი და სხვა, რომლებიც აქტიურ სეზონზე (მაისის ბოლო-ივნისი) ფუტკარს უზრუნველყოფენ საკმაოდ ინტენსიური ღალით, თუმცა მათი როლი ფუტკრის საერთო პროდუქტიულობაში ბოლომდე გარკვეული არ არის. იმის გამო, რომ ამ მცენარეთა ერთიანი მასივები არ არსებობს, მათგან მიღებული თაფლიც ჩვეულებრივად წარმოებული პოლიფლორული თაფლის შემადგენელი კომპონენტია.

გიორგი მაძღარაშვილი, სმმ დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *