პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს – ნამდვილი და ყალბი ალადასტური

ალადასტური, პირველ რიგში,  მისი დასახელების გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ვაზის ჯიშია და მის შესახებ ჩვენს მკითხველებს უკვე ბევრი საინტერესო ცნობა მივაწოდეთ. ქართული ღვინის მოყვარულებმა ალბათ კარგად იციან, რომ ალადასტური დასავლურქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და  ძირითადად ქვემო იმერეთსა და გურიის სოფლებშია გავრცელებული.

ცობილია, რომ ჯიშის დასახელება — ალადასტური, არაბული სიტყვათშეთანხმებითაა მიღებული (ალაჰ დასტურ), რაც ალაჰის თანხმობას ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად რელიგიური აკრძალვებისა, საქართველოში მოსულ არაბ დამპყრობლებს ალადასტური ძალიან მოეწონათ და ამ ღვინის სიყვარულის გამო, თავის გასამართლებლად თქვეს, რომ ეს ისეთი კარგი ღვინოა, ამის დალევაზე ალაჰმაც კი მოგვცა დასტურიო.

თუმცა დღეს აღმოსავლეთ საქართველოში და ძირითადად დედაქალაქ თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე კერძო ნაკვეთებში მასობრივად გაშენებულია სრულიად სხვა ვაზის ჯიში, რომელსაც რატომღაც ყველა ალადასტურს ეძახის და ამ ვაზს ნამდვილ ალადასტურთან საერთოდ არაფერი აკავშირებს.

 მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტები უკვე რამდენიმე წელია ღიად აცხადებენ და წერენ ამ პრობლემის შესახებ, თუმცა ეს საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, თბილისში და დედაქალაქის მიმდებარე კერძო ნაკვეთებში ხეივნებზე ძირითადად ჰიბრიდული მოლდოვური ვაზის ჯიშებია გაშენებული, რომლებსაც ცხადია განსაკუთრებული მოვლა და წამლვა არ ჭირდება და სწორედ ამის გამო გახდა ეს უხარისხო და მეღვინეობისათვის სრულიად გამოუსადეგარი ვაზი ასე პოპულარული.

ასე გამოიყურება ნამდვილი ალადასტურის ფოთოლი და მტევანი

როგორც „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ ვკითხულობთ, ქართულ ლიტერატურასა და ხალხურ ფოლკლორში ისე ფართოდ ქართული ვაზის ალბათ არც ერთი ჯიში არ დამკვიდრებულა, როგორც ალადასტური. ალადასტური შეგხვდებათ ისტორიულ წყაროებში, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ თქმებსა და ანდაზებშიც კი. ეს მაშინ, როდესაც ალადასტურის გავრცელების არეალი სხვა ქართულ ჯიშებზე (მაგალითად: რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი და სხვა) უფრო მცირე იყო და ძირითადად დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებულად კი, გურია-იმერეთს მოიცავდა.

ამის მიუხედავად, როგორც ჩანს ისტორიული მეხსიერების იქით, გემოვნურ მეხსიერებაში საქართველოში ალადასტური საეროდ გაქრა და მხოლოდ ამის გამო შეიძლება მოხდა ამ უნიკალური ვაზის ჯიშის სრულიად გაურკვეველი ჰიბრიდული ჯიშით ჩანაცვლება. როგორც მეღვინეობის სპეციალისტები ვარაუდობენ, ალადასტურის სახელწოდების სხვა ჯიშზე მიკერება ყველაზე ნათლად მეტყველებს თუ რა პრობლემები შეუქმნა ქართულ მეღვინეობას საბჭოთა კავშირის დროინდელმა ღვინის წარმოების მასობრიობამ და ვაზის მხოლოდ რამდენიმე ჯიშის წინ წამოწევამ.

ლევან სეფისკვერაძე

წყარო:allwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *