სოფლის მეურნეობის ორნიშნულიანი ზრდის პროგნოზი არ გამართლდა

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ სოფლის მეურნეობის სექტორის ორ ნიშნულიან ზრდას პროგნოზირებდა. დარგმა 5  წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო, მაგრამ ამისა მიუხედავად სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ტემპი დაბალია.
რა გამოწვევების წინაშე არიან ფერმერები?
 მთავარი გამოწვევა _ განათლება

მეფუტკრე ფერმერი ნიკო წივწივაძე, ამბობს, რომ 2017 წელს სახელმწიფოს თუ დონორების მიერ დაფინანსებულ 69 ტრენინგს ესწრებოდა, თუმცა საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო:

„საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ტრენინგებზე და განათლებაზე, მაგრამ ამას ეფექტი ვერ მოაქვს. ინფორმაციას მოძველებული ტექნოლოგიების შესახებ გვაწვდიან. ქართულ თაფლს აქვს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა. მთავრობის პოლიტიკა ფერმერების განალთების შესახებ უფრო გააზრებული უნდა იყოს“.

მეორე გამოწვევა _ ლაბორატორიები

უცხოეთის ბაზარზე ადგილობრივ თაფლზე და თხილზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა თაფლის და თხილის მწარმოებელი ფერმერები „კომერსანტთან“ საუბარში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა ლაბორატორიებია, სადაც  ევროსტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი უნდა მიიღონ.

კოოპერატივ „გურიის თხილის“ გამგეობის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ თხილის ბიზნესის განვითარება ვერ მოხერხდება, თუ ნაწარმი კვალიფიციურად   ადგილზე ვერ შემოწმდება:

„ევროკავშირის ბაზარზე თხილზე მოთხოვნა არის. პროდუქცია გადის, მაგრამ რისკები მაღალია, რომ შემოწმება ვერ გაიაროს და უკან დაბრუნდეს. ხელისუფლება ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და ქვეყანაში სათანადო ლაბორატორია უნდა გაიხსნას, სადაც თხილის ხარისხი შემოწმდება. შესაბამისად ეს უცხოეთის ბაზარზე უხარისხო პროდუქტის მოხვედრის რისკს გამორიცხავს“ _ ამბობს მუხაშავრია.

ანალოგიური პრობლემის წინაშეა თაფლის წარმოებაც. კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ამბობს, რომ 2019 წლის 1  იანვრიდან თაფლის ხარისხის შემოწმება ევროსტანდარტებით ადგილზე მოხდება.

„მიმდინარე კვირას დაიწყება  თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, რომელიც სათანადო ლაბორატორიით აღიჭურვება. საწარმოს მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება “ _ აცხადებს მიშელაძე.

თაფლის მწარმოებლებს პროდუქტის ნიმუშები შესამოწმებლად ანტიბიოტიკებზე და დაავადებებზე ლიტვის ლაბორატორიაში მიაქვთ.

ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენცია მძაფრია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველ წელს მოსახლეობის გამოსაკვებად ქვეყანაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქცია შემოდის. ადგილობრივ წარმოებას იმპორტთან კონკურენცია უჭირს. ამას ემატება მსხვილი  მარკეტების კაბალური ხელშეკრულებები, რაც ადგილობრივი ნაწარმის ქსელში დაშვებას პრობლემას უქმნის:

„მთავარი გამოწვევა არის ბაზარი. რაც უფრო მაღალ ღირებულ პროდუქტს ქმნი, მით უფრო რთულია მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება. ამიტომ ევროპული ბაზარი არის მთავარი გამოსავალი და გამოწვევაც ის არის, როგორ გაიტანო პროდუქცია“ _ ამბობს მეწარმე ნატალია ფარცხალაძე. 

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ჩაის კომპოზიციებს აწარმოებს ნატალია ფარცხალაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  მსხვილ სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანა რთულია. „მაგალითად „გუდვილი“, უწყვეტ მომარაგებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 50 ათასი ლარია. მცირე მეწარმეებისთვის მსხვილი სუპერმარკეტები მიუწვდომელია. “

ფალსიფიკაციის პრობლემაზე ლაპარაკობს თუშური ყველის მწარმოებელი  კოოპერატივი „ალაზნისთავის“ ერთერთი დამფუძნებელი დავით მუმლაძე.  მისი თქმით,  ყველის ადგილობრივ ბაზარზე  ფალსიფიკაციის დონე  მაღალია:

„გუდის ყველის წარმოებაში ფალსიფიცირების დონე მაღალია. ამ პროდუქტის წარმოებას თავისი ციკლი აქვს. დღეს  აწარმოებენ პროდუქტს ცელოფანში და გუდის ყველის სახელით ყიდიან. სტანდარტებია შესაქმნელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს  გაწერილი როგორ იწარმოება გუდის ყველი, მაგრამ  ამ რეგულაციის იმპლემენტაციაა საჭირო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოლიდური დაფინანსების ფონზე, ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლიდან წლამდე მცირდება. 2017 წელს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) სოფლის მეურნეობის სექტორის წილი 8,2 % -ია. ეს მაჩვენებელი 2012 წლის ნიშნულზე  დაბალია. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი პროდუქტი ექსპორტით თურქეთში გააქვს, შემდეგ რუსეთსა და ჩინეთში. ამ ქვეყნების სიის ათეულში ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიაა [მე-7 ადგილი], ბულგარეთი [მე-9 ადგილი] იტალიაა [მე-10ადგილი].

საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მხოლოდ ქართული ღვინოა. 

საქართველოდან ექსპორტით ყველაზე მეტად სპილენძი და ფეროშენადნობი გადის, ასევე მსუბუქი ავტომანქანები [იგულისხმება  ავტომობილების რეექსპორტი].

სტატისტიკური მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორი ინვესტორების  ინტერესის სფერო ვერ გახდა.

საინვესტიციო პორტფელში ეს დარგი არ ფიგურირებს.

წყარო: https://commersant.ge/ge/post/sofeli

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *