ქართული ღვინო პოლონეთში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი (Skin Cintact)  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera“ –ს ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის მწერლები დაესწრნენ.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: „მევენახეობა ვაზიანი“, „ჯიველი“, „ვინო მარტვილი“, „მანდილი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „გოცას საოჯახო მეურნეობა“, „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“ და „ნიკა ბახიას მარანი“.
დეგუსტაციას უძღვებოდა „Vinisfera“ –ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და ქართლის რეგიონებიდან.
პოლონეთი ქართული ღვინის  ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და  ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.  2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტირებულია  741 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც  32 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *