ყაზახური ხორბლით რუსულ იმპორტს მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფქვილი 1 ლარიდან 2 ლარამდე გაძვირდა. თუ გავიხსენებთ 2018 წლის დეკემბრის თვეს, ფქვილი 11 ლარით გაძვირდა, რაც აისახა პურის ფასზეც, რომელიც 10 თეთრით ძვირი იყო. მას შემდეგ ფქვილის ფასი ჩამოვიდა 46-47 ლარზე და ახლა ისევ აიწია 1-2 ლარით. დღევანდელი საშუალო ფასი არის 49-51 ლარის ფარგლებში. ეს არის ის ფასი, რომელიც იყო 2018 წლის დეკემბერში, როცა გაძვირდა პური. უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის დრამატულად ფასის გაძვირებაზე არ არის ლაპარაკი“, – განაცხადა რადიო „კომერსანტთან“„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ. 

მისი განცხადებით, ხორბლის ფასთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზარზე შეიმჩნევა სტაბილურობის ტენდენციები.

„ სამწუხაროდ, ჩვენ ვართ არამარტო მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზე დამოკიდებული, არამედ ვალუტის კურსზეც.  საქართველოს აქვს 90% იმპორტირებული ხორბალი და შესაბამისად, ვალუტის ყოველი გაუფასურება  ნედლეულის გაძვირებას იწვევს.  ვალუტის კურსია ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ხორბლის ფასზე და ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე,“ – ამბობს სილაგავა.  

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი პრობლემად მიიჩნევს იმასა, რომ ლარის კურსის მერყეობის გამო ქართველმა ფერმერებმა შეაჩერეს ხორბლის გაყიდვა.

„ფერმერები ხედავენ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ პროცესებს და ფასების მატებას, ამიტომ უნდათ, რომ თავადაც ძვირად გაყიდონ ხორბალი. საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა გვაქვს მარაგები და სტაბილიზაციის პერიოდი გვექნება ერთი თვე ან ცოტა მეტი. იმედია, ვალუტის კურსი დასტაბილურდება,  წონასწორობის ნიშნულს ეძებს და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდება ნიშნული. შესაბამისად, სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები, როგორც ხორბლის, ისე ფქვილის“.

როგორც სილაგავამ რადიო „კომერსანთან“ საუბარში აღნიშნა ხორბლის ქართველ იმპორტიორებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ყაზახური ბაზრიდან ხორბლის შემოტანაზე.

„დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია ყველა პროდუქტზე, განსაკუთრებით ხორბალზე, იმიტომ, რომ ფქვილი არის სტრატეგიული პროდუქტი. ჩვენ გვაქვს სურვილი, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ ხორბლის გარკვეული რაოდენობა, ამისთვის მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება და გამოყოს თანხა. საორიენტაციოდ, დაგეგმილი გვაქვს 320 ათასი ტონის შემოტანა. გარკვეული თანხა უნდა იყოს გამოყენებული სატრანსპორტო მდგენელისთვის, თუმცა ეს ყველაფერი სექტემბრისთვის განხორციელდება, მაშინ როცა ყაზახეთში ხორბლის მოსავალი მოდის. ამის შემდეგ გვეცოდინება ფასი და იქნება თუ არა ის კონკურენტუნარიანი თავისი სატრანსპორტო მდგენელით საქართველოს ბაზარზე.“

როგორც ცნობილია, ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომის გამო  ჩინეთმა უარი თქვა აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვაზე, რის გამოც ყაზახურ  ხორბალს პერსპექტივა გაუჩნდა ჩინურ ბაზარზე, ამიტომ ასოციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ მეტი კომუნიკაცია და აქტივობაა საჭირო არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ უკრაინასთან და რუმინეთთან.

„ დივერსიფიკაციის პროცესი მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ქვეყნების, ასევე სატრანსპორტო მდგენელების მიხედვით, როგორიცაა რკინიგზა, ზღვა, სამანქანო გზა. 

ყაზახური ხორბლით მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ რუსულ ხორბალს, იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახურს ახასიათებს მინისებურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცალკე დაფქვისას იგი პრობლემას უქმნის მანქანა- დანადგარებს. ამიტომ, იგი უნდა დაიფქვას, როგორც რუსულ, ისე ქართულ ხორბალთან ერთად. შესაბამისად, 40/60-ზე გვაქვს განაწილება დაფქვის დროს და როდესაც საორიენტაციო რაოდენობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ პროცენტულობის მიხედვით განვსაზღვრავთ მას. ამდენად, ეს 40%-ით ჩანაცვლებაც მნიშვნელოვანია. ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გვქონდეს ჩვენი ხორბალი, რომ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, ვერ გამოვყოფთ დიდი რაოდენობის მიწებს  ხორბლისთვის. დაახლოებით, 100 ათასი ჰექტარზე გვაქვს დათესილი ხორბალი და მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2 ტონაა. უნდა ავიყვანოთ საშუალო სტატისტიკურ ევროპულ დონეზე ანუ 5 ტონაზე, ამას ცოდნა და ტექნოლოგიები სჭირდება და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ,“ – აცხადებს ლევან სილაგავა.

ნათია კეკენაძე

წყარო: რადიო კომერსანტი