ყოველ ძირზე იზრუნე, რათა მარწყვის უხვი მოსავალი მოიწიო

მარწყვის კვლის ქონა ძალიან კარგია. როცა კენკრა თავად მოგყავთ, ზუსტად იცით, რომ ის ქიმიკატების გარეშე და უსაფრთხოდ არის გაზრდილი.

უხვი მოსავლის მისაღებად მცენარის სწორად მოვლა უნდა ვიცოდეთ.

დღეს გიამბობთ რა და როგორ გააკეთოთ, რომ მარწყვის კარგი მოსავალი მოიწიოთ.

თავდაპირველად უნდა შეაფასოთ, ბუჩქმა როგორ გამოიზამთრა, ხომ არ გაიყინა, ახალი ძირის დარგვა და ძველის მკურნალობა ხომ არ არის აუცილებელი.

როცა მიწა ოდნავ დათბება, მარწყვის კვალი ძველი ნარჩენებიდან გაწმინდეთ.

გამხმარი და დაზიანებული ფოთლები და შარშანდელი კალმები მოაშორეთ. მცენარე 1 %-იანი ბორდოს ხსნარით დანამეთ.

მარწყვის ბუჩქები სწრაფად რომ გაიზარდოს და ტემპერატურის შესაძლო ცვლილებისგან დაიცვათ, ბუჩქებს მკვრივი აგროფირი დააფარეთ.

რა თქმა უნდა, საუკეთესო იქნება თუ აგრობოჭკოს გამოიყენებთ. მისი გამოყენება მებაღეების ცხოვრებას ამარტივებს. ის ტენს ატარებს, სითბოს ინარჩუნებს, თხევად სასუქს ატარებს, ამასთან სარეველას მიწიდან ზედაპირზე ამოსვლაში ხელს უშლის.

კვალს შეგიძლიათ მარწყვის ძირების დარგვამდე ან შემდეგ დააფაროთ. ზამთარში მისი მოხსნა აუცილებელი არაა. ერთი აგროქსოვილის ნაჭერი შეგიძლიათ რამდენიმე წელი გამოიყენოთ.

თუ მას არ გამოიყენებთ, გამოსავალი არსებობს – მულჩირება.

ამისთვის ნებისმიერი მასალა გამოდგება:  ნახერხი, ჩალა, წვრილი ტოტები, წიწვები, ტორფი.

მულჩირება საშუალებად მოგცემთ ნაკლებად გამარგვლოთ და მორწყათ, გაფხვიერებაზე დროს დაზოგავთ და სუფთა კენკრის აღების საშუალებას მოგცემთ. აგრობოჭკოსგან განსხვავებით მულჩის მიწაზე დატოვება არ შეიძლება. ის დალპება და ნიადაგს დაამჟავებს.

რით უნდა გამოკვებოთ მარწყვი კარგი მოსავლის მისაღებად?

აპრილის შუა რიცხვებში, როცა ბუჩქებში უკვე პირველი ფოთლები გამოჩნდება, მარწყვს აზოტის შემცველი სასუქი მიეცით.

რა სასუქის გამოყენება შეიძლება მარწყვისთვის
  1. 2 ჭიქა საქონლის ნაკელი და 1 ს/კ ამონიუმის სულფატი 10 ლ წყალში გახსენით. თითოეულ ბუჩქს ძირში 1 ლიტრი ნარევი დაასხით.
  2. 1 ს/კ აზოფოქსი და 10 ლ წყლის ნარევი. თითოეულ ბუჩქს ძირში ნახევარი ლიტრი ნარევი დაასხით.
  3. 1 ლ. ქათმის ან საქონლის ნაკელი და 10 ლ. წყლის ნარევი. თითოეულ ბუჩქს ძირში ნახევარი ლიტრი დაასხით.

ბუჩქებზე პირველი კვირტების გამოჩენისთანავე კალიუმის შემცველი სასუქები მიეცით. 1 ჩ/კ კალიუმის ნიტრატი 10 ლ წყალში გახსენით და თითოეულ ბუჩქს ძირში ნახევარი ლიტრი ნარევი დაასხით.

სანამ მარწყვი ყვავილობას დაიწყებთ, კვირაში 1-ელ მორწყეთ. კვირაში 2-ჯერ მიწა გააფხვიერეთ და სარეველები მოაშორეთ.

გაფხვიერების დროს ბუჩქებს ოდნავ მიწა მოაყარეთ, რომ დამატებითი ფესვების განვითარებას სტიმული მისცეთ. 

ყვავილობისას მცენარეს სარეველები მოაშორეთ, მაგრამ გამოკვება შეწყვიტეთ და მავნებლების საწინააღმდეგოდ მაღაზიაში ნაყიდი შხამები არ გამოიყენოთ.

მაგალითად, თუ ყვავილობის დროს შეამჩნიეთ ისეთი მავნებელი, როგორიცაა ცხვირგრძელა, მასთან საბრძოლველად ხალხური მეთოდი გამოიყენეთ: ნივრის, მდოგვის და თამბაქოს მტვრის ნაყენი.

გაზაფხულზე მცენარეს კალმები აქტიურად უჩნდება. ეს აღმონაცენები მხოლოდ იმ მცენარეებზე დატოვეთ, რომელთაც გასამრავლებლად ზრდით. ხოლო თუ ბუჩქიდან მაქსიმალური მოსავლის მოწევა გსურთ, რეგულარულად შეაცალეთ.

თეა გუბელაძე