ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი _ რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ

კარტოფილი ძალზე პოპულარულია, მაგრამ კონკრეტულად რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რა სამკურნალო დანიშნულება გააჩნია და რა შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ მის მიღებას ამის შესახებ ბევრ ჩვენგანს ცოტა რამ თუ სმენია.

ხშირად ხდება, რომ რომელიმე საკვები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი საჭმელია უმრავლესობისთვის, მაგრამ მისი სასარგებლო ან უარყოფითი თვისებების შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ასეა კარტოფილის შემთხვევაშიც – ვიცით, რომ ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ კონკრეტულად რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რა სამკურნალო დანიშნულება გააჩნია და რა შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ მის მიღებას – ამის შესახებ ცოტა რამ ვიცით.

კარტოფილი (Solánum tuberósum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი გორგლიანი მცენარეა. არსებობს 200-მდე ველური და კულტურული სახეობა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად ორი მონათესავე სახეობა: ანდიური კარტოფილი (Solanum andigenum) და ჩილური კარტოფილი (Solanumtuberosum).

კარტოფილის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, სადაც მას ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ იყენებდნენ.

ევროპაში კარტოფილი მე–16 საუკუნის შუა წლებში შემოვიდა. საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად თბილისის შემოგარენში 1820-იან წლებში გაჩნდა. ამჟამად საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: „მაჟესტიკი“, „თრიალეთური სახალხო“, „ლორხი“, „ეპიკური“ და სხვა.

კარტოფილის კალორიულობა – 100 გრამ პროდუქტზე 76 კკალორია.

კარტოფილის შემადგენლობა

კარტოფილში დიდი რაოდენობითაა სახამებელი, ასევე მის შემადგენლობაშია შესანიშნავად დაბალანსებული ამინომჟავების ნაკრები, В, С, Н და РР ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა. კარტოფილი შეიცავს პრაქტიკულად ყველა სასარგებლო მინერალურ ნივთიერებას: კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს, სპილენძსა და მანგანუმს, რკინას, ქლორს, გოგირდს, იოდს, ქრომს, ფტორს, მოლიბდენს, ბორს, ტიტანს, კაჟს, კობალტს, ნიკელს, ალუმინს, ფოსფორს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით კალიუმს.

კარტოფილის სასარგებლო თვისებები

კარტოფილი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და ხელს უშლის ქოლესტერინის საცობების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე.

პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი არ არის აგრესიული და არ აღიზიანებს კუჭის კედლებს, ამიტომ მოხარშული კარტოფილი შედის გასტრიტებითა და წყლულით დაავადებული ადამიანების მენიუში. ასევე კარტოფილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებები აწუხებს.

კარტოფილი რეკომენდებულია ართრიტისა და პოდაგრის, ასევე თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

განსაკუთრებით სასარგებლოა ქერქიანად მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი, რადგან ამ დროს პროდუქტში პრაქტიკულად ყველა ვიტამინი და მინერალური ნივთიერება შენარჩუნებულია.

დაჭყლეტილი ცხელი კარტოფილი შესანიშნავი კომპრესია ხველების დროს, ასევე შველის ეგზემისა და კანსაფარის ანთებითი დაავადებების დროს.

უმი გახეხილი კარტოფილი გამოიყენება დამწვრობისას, სოკოვანი და წითელი ქარის დაზიანებისას – მას იდებენ დაზიანებულ ადგილზე, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და შეხორცების უნარი.

მიუხედავად მაღალკალორიულობისა, კარტოფილს ხშირად რთავენ დიეტების მენიუსა და განტვირთვის დღეებში და სხვა პროდუქტებს უთავსებენ. სწორად შედგენილი კარტოფილის დიეტა წონაში დაკლებასა და წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კარტოფილის ყვავილი ძვირფასი სამკურნალო ნედლეულია სიმსივნეების მკურნალობისთვის. ყვავილების ნაყენი აქვეითებს არტერიულ წნევას და ააქტიურებს სუნთქვას.

კარტოფილი ასევე კარგი კოსმეტიკური საშუალებაა – მოხარშული სახით ის მშრალი, ასევე მზეზე დამწვარი კანისთვის მისწრებაა. ამისთვის კარტოფილი ქერქიანად უნდა მოხარშოთ, გახეხოთ ახალ ზეთისხილთან ერთად, ან შეურიოთ არაჟანი; სახეზე წაისვით თბილი.

რა შემთხვევაშია საზიანო კარტოფილი?

ის მაღალკალორიული პროდუქტია და ბევრ სახამებელს შეიცავს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება ჭარბწონიანი და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა მიიღოთ კარტოფილის გამწვანებული ადგილები – სინათლის ზემოქმედებით კარტოფილში წარმოიქმნება სოლანინი – ადამიანისთვის შხამიანი ნივთიერება. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ საკმარისია მწვანე ადგილების მოშორება, თუმცა სხვები აცხადებენ, რომ თუ კარტოფილს სადმე სიმწვანე გაუჩნდა, ის უკვე უვარგისია. დიდი რაოდენობით სოლანინის მიღება ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

კარტოფილის მიღება რეკომენდებული არა არის ასევე ადამიანებისთვის, ვისაც ვენერიული დაავადებები აქვს, ან მომატებული სქესობრივი აღგზნება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდსასქესო ორგანოების კენჭოვანი დაავადებების გამწვავება, მეტეორიზმი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *