აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ქონდარი

ქონდრის სამშობლო სამხრეთ ევროპა და აღმოსავლეთის ქვეყნებია. შუა საუკუნეებში ევროპის ღარიბი მოსახლეობა მას ფართოდ იყენებდა წვნიანებში, ხორცეულის და თევზეულის კერძებში, როგორც მადის აღმძვრელ სურნელოვან საკაზმს.

ამჟამად მოჰყავთ ევროპის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში, სადაც გვხვდება აგრეთვე გაველურებული სარეველას სახით. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, სადაც უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა კერძებში საკაზმად.

ქონდარი უხდება კიტრისა და პომიდვრის მარინადებს და მწნილებს, კიტრისა და კარტოფილის სალათებს. გამხმარი და დაფქვილი გამოიყენება ტომატის სოუსებში, სალათებში, სოკოსა და თევზეულის კერძებში. ქართულ კულინარიაში შეუცვლელია კუჭმაჭის, ტოლმის, ყაურმის და ხორციანი კერძების მომზადებისას. გამოიყენება ძეხვეულის წარმოებაში და მედიცინაში, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე.

ცერევიტინოვის მიხედვით ქონდრის შემადგენლობაში 71,88% წყალია, 4,15% აზოტოვანი ნივთიერებები, 1,65 % ცხიმი, 2,45% შაქრები, 9,1% უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებები, 8,6% უჯრედანა, 2,11% ნაცარი.

საქართველოს პირობებში მოყვანილ ქონდარში 28-73,8 მგ % C ვიტამინია და 7,62% კაროტინი (გ. კანდელაკი); B1 ვიტამინი 0,027 მგ%, B2 0,195 მგ%,PP 26,14 მგ%, კაროტინი 1,8 მგ% (თ. კეზელი)C ვიტამინი 30,4-50 მგ% (თ. რობაქიძე).

ქონდრის გამხმარი მასა შეიცავს 0,1 % ეთერზეთს (გურევიჩი, გაჯიევი). ეთერზეთების რაოდენობა ყველაზე მეტია ყვავილობის პერიოდში. ქონდრის ეთერზეთი არის ღია ყვითელი ფერის სითხე, რომელიც მოგვაგონებს ბეგქონდარას სურნელებას.

ქონდარი ერთწლოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან. აქვს წვრილი, სწორი, თითქმის ცილინდრული ფესვები, 20-30-დან 70 სმ-მდე სიმაღლის დატოტვილი ღერო. ფოთოლი წვრილია, სწორხაზოვანი ან სწორხაზოვან-ლანცეტისებრი. ღია იისფერი, მოვარდისფრო ან თითქმის თეთრი ყვავილები შეკრებილია ფაშარი აგებულების მოგრძო ყვავილედში.

თესლი წვრილია, კვერცხისებური ფორმის, ფერს იცვლის სიმწიფის ხარისხის მიხედვით. დასაწყისში (ახალ თესლს) აქვს მომწვანო-მორუხო ფერი შავი წინწკლებით (წერტილებით), შემდგომში მუქი-მოშავო ყავისფერი. სიგრძეში 1-1,5 მმ-ია, სიგანეში 1 მმ, თესლის სიწმინდე 93%-ია, 1000 მარცვლის მასა 0,6-0,8 გ. 1 გ-ში 1450-დან-1980 ცალი თესლია. დათესვიდან აღმოცენებამდე საჭიროებს 10-14 დღეს. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 1-2 წლამდე.
მცენარე მასობრივად ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებიდან. დიღმის პირობებში აღმოცენებიდან მწვანილად გამოყენებამდე (8-10 სმ სიმაღლე) საჭიროებს 40 დღეს, საყვავილე კოკრების წარმოქმნამდე 54-66 დღეს, ყვავილობის დაწყებამდე 64-72 დღეს, თესლის სიმწიფემდე 99-115 დღეს.
ქონდარი სითბოსმოყვარული მცენარეა. ითესება ნიადაგის საკმაოდ გათბობის შემდეგ.

დაბლობში აპრილის შუა რიცხვებიდან მოჰყავთ გრუნტში თესვით ან ჩითილის დარგვით. მცირე ფართობებზე მწკრივებს ერთმანეთისგან 15-20 სმ-ით აცილებენ. დიდ ფართობებზე რიგთაშორისების მექანიზებულად დამუშავებისას მწკრივებს ერთმანეთისგან 45-40-35 სმ-ით აცილებენ. ზოლებრივი თესვისას ზოლებს შორის 50-60 სმ მანძილს ტოვებენ, გამეჩხერების შემდეგ მწკრივებში მცენარეებს ერთმანეთისგან 15-20 სმ-ით აშორებენ.

დასარგავი ჩითილი 30-35 დღის უნდა იყოს. ხელით მოვლისას მცენარეებს მცირე კვების არეს აძლევენ (20-25 — 20-25 სმ). მექანიზებული მოვლისას კი ისეთსავეს, როგორსაც უშუალოდ გრუნტში თესვისას. ითესება ზედაპირულად 0,5 სმ სიღრმეზე. ჩითილით მოყვანისას ჰა-ზე საჭიროა 250-300 გ თესლი. გრუნტში თესვისას 2-3 კგ/ჰა.

მოვლაში შედის ნიადაგის გაფხვიერება, გამარგვლა, გამეჩხერება, გამოკვება და მორწყვა.
პირველი გაფხვიერება ტარდება თესლის აღმოცენებისთანავე, მომდევნო — სარეველებისა და ნიადაგზე ქერქის გაჩენის შესაბამისად. გამეჩხერებას იწყებენ მცენარეების 2 ფოთლის ფაზაში. გამეჩხერების შემდეგ მწკრივებში მცენარეთა შორის ტოვებენ 15-20 სმ-ს. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ ატარებენ პირველ გამოკვებას მინერალური სასუქებით. ამ დროს 1 მ2-ზე შეაქვთ 10 გ ამონიუმის გვარჯილა, 20 გ სუპერფოსფატი და 10 გ კალიუმის მარილი. მეორე გამოკვება პირველიდან 10-14 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. 1 მ2-ზე შეაქვთ 15 გ ამონიუმის გვარჯილა, 30 გ სუპერფოსფატი და 15 გ კალიუმის მარილი.

იკრიფება ყვავილობის დროს. ზამთარში მოსახმარად მცენარეებს ჭრიან ან თხრიან ძირიანად, კრავენ კონებად და აშრობენ ისეთ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება.

ვაჟა ჯაფარიძე,
ირმა ირემაშვილი,
სსიპ სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი