დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრი, ხარისხი და ფასი

 მარნების მშენებლობას დღეს საკმაოდ ფართო ხასიათი აქვს. ამჟამინდელი ტენდენცია სავარაუდოდ კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაბამისად ქვევრზე მოთხოვნა ერთიორად გაიზრდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მექვევრეებს მომდევნო სეზონის შეკვეთები წინასწარ აქვთ აღებული. ქვევრზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში სრულდება, არამედ უცხოეთიდანაც საკმაოდაა. ეს თავის მხრივ მისასალმებელია, რადგან თუკი აქამდე მსოფლიო მეღვინეობის კლასიკურ ჭურჭლად ფრანგული კასრი ითვლებოდა, დღეს ღვინის სამყაროს ქვეყნები საკმაოდ ბევრს საუბრობენ ქართულ ქვევრზეც. მეორე მხრივ ეს გარემოება ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც ღვინის ცივილიზაციის საწყისს…

  რა სიტუაციაა ამჟამად საქართველოში ქვევრის ფასებისა და მათი ხარისხის მხრივ? აი ის ორი ძირითადი საგანი, რის გარშემოც გვინდა, მცირედი ცნობები მოგაწოდოთ. ჩვენი ქვეყნის მექვევრეობის ყველაზე მსხვილ კერას ამჟამად ზემო იმერეთი წარმოადგენს. ამ ადგილას ქვევები მზადდება: შროშაში, საწაბლეში, მაქათუბანში, ტყემლოვანასა და მანდაეთში. ცნობილია, რომ ტყემლოვანისა და მანდაეთის მექვევრეობა სათავეს იღებს სოფელი ჩხიროულიდან. ეს სოფელი, როგორც ისტორიული მექვევრეობის კერა, მოხსენიებულია ძველ წყაროებში. ასევე მოგვეპოვება ამ სოფელში დამზადებული ქვევრის დამღები, რომლებზეც წერია სოფელ ჩხიროულის სახელი, ან მისი შემოკლებული ფორმა „ჩხირ“.

დღესდღეობით ქვევრი მზადდება კახეთში, გურიასა და სამეგრელოშიც, ერთეულ მექვევრეებთან. საქართველოში ამჟამად 30-მდე მექვევრეა, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამათგან ნამდვილი მექვევრე ოსტატი ნახევარიც არაა…

სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი დამზადებული ქვევრიც კი დამზადებისთანავე უხარისხო და  წუნდებულია. ხარისხიანი და უხარისხო ქვევრების გარჩევა მემარნეების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ძალუძს და, აქედან გამომდინარე, მათ გარკვეულ ნაწილს უხარისხო ქვევრის შეძენა უწევს.

ქვევრის უხარისხობის მიზეზი არაერთია. მაგალითად: თიხისა და ქვიშის შერევის პროპორციების დარღვევა; გამოწვის პროცედურის არასტაბილურობა; უხარისხო და შეუსაბამო თიხა; არასაკმარისად დამუშავებული თიხა; წყლის ხარისხი… ხშირად ირღვევა ახლად აშენებული ქვევრის გამოშრობის პროცესიც, რის შედეგადაც ქვევრს უჩნდება ბზარები. ამის გამო (ზოგჯერ მემარნის დაკვეთითაც) ქვევრი რეალიზაციამდე ილესება მაღალი კონცენტრაციის ცემენტის ხსნარით მათი ბზარების შესანიღბად. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქვევრის ბზარები შეუკეთებიათ კალმატრონითა და თხევადი მინის ხსნარითაც, რაც ყოვლად დაუშვებელია. იმედია, რომ ქვევრზე გაზრდილი მოთხოვნილება ამ პრობლემებს თავისთავად მოაგვარებს. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ უხარისხო ქვევრი შესაძლოა უცხოეთშიც მოხვდეს, რაც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს და ასეც მომხდარა.

  რაც შეეხება ქვევრის დღევანდელი ფასებს, მათი ხარისხისა არ იყოს, ეს საკმაოდ განსხვავებულია. სხვადასხვა მექვევრესთან ქვევრის ფასები მერყეობს და ერთი ლიტრი ქვევრის მოცულობის ფასი შედგება 70-80 თეთრიდან 2,5 ლარამდე.

ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მექვევრე ქვევრის საფასურიდან გამომდინარე მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

ქვევრის დამზადებას;

ქვევრის ცვილით დამუშავებას;

ტრანსპორტირებას მარნამდე;

ქვევრების ორმოში მონტაჟსა და მათ კირით დადუღაბებას.

ამგვარი მომსახურების თანხა ერთ ლიტრ ქვევრზე გადაანგარიშებით შეადგენს დაახლოებით 1,5 ლარს, ე.ი. 10 ტონა ქვევრის შემთხვევაში 15 000 ლარს. როგორც ვნახეთ, მომსახურებაცა და ფასებიც საკმაოდ განსხვავებულია, რადგან თუკი ზოგიერთი მექვევრე ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებს 1,5 ლარად გვთავაზობს, ზოგიერთთან მხოლოდ 1 ლიტრი ქვევრის ფასი შესაძლოა 2 ლარსაც გადასცდეს ყოველგვარი მომსახურების გარეშე, ადგილზე… შესაძლოა ეს გარემოება საკმაოდ რთული იყოს, მაგრამ მემარნე თუ ქვევრის დამკვეთი, თავდაპირველად თვითონ უნდა გაერკვეს ამ საგანში და ქვევრებიც ამის შემდეგ დაუკვეთოს.

ამჟამად საქართველოში ქვევრის ფასი მაღალი ნამდვილად არ არის და ის დღევანდელ სიტუაციას ნამდვილად ესადაგება. ხშირად ისმება კითხვა, თუ რომელი კუთხის თიხაა საუკეთესო ქვევრის ასაშენებლად.

ამ საგნის გარშემო არსებობს აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა. ამ საკითხის გასარკვევად უცხოელი სპეციალისტებიც კი ჩამოიყვანეს ამ ორიოდე წლის წინ საქართველოში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელთა ჯგუფის ხანმოკლე და არასრულმა მოღვაწოებამ ნაკლები შედეგი გამოიღო, რადგან მათ ინფორმაციის არქონის გამო არ გაითვალისწინეს რიგი საკითხები. ასევე მათ, რიგ შემთხვევებში მიეწოდათ არასწორი ინფორმაცია და სხვ.

ზოგადად, სანამ კაცი სხვას და მეტადრე უცხოელ სპეციალისტს ურჩევს რამეს, მანამდე იგი თავად უნდა ერკვეოდეს საკითხში… ჩვენი მოკლე წერილის დასასრულს ვიტყვით, რომ ამჟამად ჩვენში მზადდება როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო ქვევრიც. რაც შეეხება თიხის, როგორც ნედლეულის ხარისხს, ის მექვევრეობის ყველა კერაში დაკმაყოფილებულია, თუ კაცი მოინდომებს და მცდელობას არ დააკლებს, ხარისხიანი ქვევრის დამზადება საქართველოს მექვევრეობის ყველა კერაშია შესაძლებელი.

მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ქვევრის გამოსაწვავი ქურების ნაკლებობაა. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო. ძალზე სამწუხაროა, რომ მაგალითად, გურიასა და სამეგრელოში თითო მექვევრეა დარჩენილი, ხოლო მათ დასახმარებლად ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს და შესაძლოა, მათი არსებობა არც კი იციან. ხარისხიან ქვევრზე მოთხოვნა, ცხადია, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც იმედის მომცემია, რომ ქვევრის ხარისხის დაასტაბილურებს.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2019 წ.