ქვევრში დაყენებულმა ამერიკულმა სიდრმა პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ამერიკულმა ვაშლის ღვინომ, 2016 წლის „ლევითიმ“, რომელსაც კომპანია „ქასლ ჰილ საიდერი“ საქართველოდან ჩამოტანილ ქვევრებში აყენებს, შეერთებულ შტატებში გამართულ ყოველწლიურ კონკურსზე გაიმარჯვა. ვირჯინიის შტატში მდებარე საწარმო პირველია ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, რომელმაც ვაშლის ღვინის, ე.წ. სიდრის დამზადება ქართულ ქვევრებში დაიწყო.

„ლევითი“ ქართულად თავქარიანობას, არასერიოზულობას ნიშნავს. ვაშლის ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 8 პროცენტია. ერთი ბოთლი „ლევითი“ 22 დოლარი ღირს და ყველაზე ძვირი სიდრია „ქასლ ჰილ საიდერის“ მარანში. სიძვირის მიუხედავად, კომპანიას ის მაინც ყველაზე კარგად ეყიდება. გრეგ მურის, საწარმოს ოპერაციების დირექტორის თქმით, მარანში „ლევითის“ სულ ოცამდე ყუთი დარჩათ. “ლევითისთან” ერთად საპატიო ჯილდო მოიპოვა კომანიის მეორე სიდრმა “სერენდიფიდი”.

კონკურსში, სახელწოდებით „ხარისხიანი საკვები პროდუქტის ჯილდო“, წელს 199 კომპანიის 2 ათასზე მეტი ნაწარმი იყო წარდგენილი. გრეგ მურის თქმით, „გამარჯვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენმა მართლაც თავქარიანმა ექსპერიმენტმა გაამართლა, ქვევრებში დაყენებული ვაშლის ღვინო ყველა დანარჩენისგან გამოირჩეოდა და ჯილდოც სამართლიანად მოიპოვა“.

დაჯილდოების ცერემონია სან-ფრანცისკოში გაიმართა. კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ამერიკაში ნაწარმოები პროდუქცია იღებს, უკვე მერვე წელია ტარდება და გამარჯვებულს 15 კატეგორიაში ავლენს. სიდრის გარდა, კონკურსი იმართება ყველის, ზეთის, ლუდის, შოკოლადის, ყავის, თაფლის, მწნილის და სხვა ადგილობრივი პროდუქციის კატეგორიებში.

13 წევრისგან შემდგარ ჟიურის ვაშლის ღვინისთვის მკაცრი სტანდარტები აქვს დაწესებული. 12 მთავარი პირობიდან მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლით: სიდრი რესურსების დაზოგვით, გარემოს მაქსიმალური დაცვით უნდა იყოს ნაწარმოები; არ უნდა ხდებოდეს სინთეტური მინარევების გამოყენება, მათ შორის: პესტიციდების, ჰერბიციდების, ფუნგიციდების და სასუქების; ვაშლის ღვინო არ უნდა შეიცავდეს საღებავებს, დამატებულ არომატებს, ან ხანგრძლივი შენახვისთვის გამიზნულ კონსერვანტებს; სიდრი უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ ადგილობრივი და სეზონური პროდუქტით; საწარმომ უნდა აჩვენოს, რომ ერთგულია მომწოდებლების და კლიენტების და მათ წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

წელს კომპანია „ქასლ ჰილ საიდერმა“ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა – ვირჯინიის გუბერნატორის 2018 წლის ოქროს მედალი. ვირჯინიის შტატში ადგილობრივი მეწარმეების წასახალისებლად დაწესებულ ტრადიციას 36 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ოქროს მედლის მოსაპოვებლად ჟიურის 100-ბალიანი სისტემა აქვს შემუშავებული. გამარჯვებულმა საწარმომ 90-ზე მეტი ქულა უნდა დააგროვოს. აღსანიშნავია, რომ წელს შტატის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ჯილდო ვაშლის ღვინის საწარმომ მოიგო.

„ქასლ ჰილ საიდერის“ საწარმო ვირჯინიის ჩრდილოეთით მდებარე ტომას უოლკერის ცნობილ მამულში მდებარეობს, რომელიც ამერიკის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორის სახელდება. პროფესიით ექიმი, ტომას უოლკერი ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის და პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის გამზრდელი, მისი მამობილი იყო. „ამერიკის ხმა“ ქართული ქვევრების წარმომავლობის დასადგენად, ვაშლის ღვინის საწარმოს გასული წლის სექტემბერში ეწვია. აქვე შეგიძლიათ ნახოთ სატელევიზიო სიუჟეტი ქართულ ქვევრებში დამზადებული ამერიკული სიდრის შესახებ.

მაია ქვარცხავა

www.amerikiskhma.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *