რა აფერხებს ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას

ქართველი მეფუტკრეები ევროპულ ბაზარს ბოლომდე ვერ იყენებენ, რადგან ქართველი მეწარმეები ევროპის ბაზრის ხარისხის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, პრობლემაა თაფლის მაღალი თვითღირებულებაც. ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა ძირითადად მონოფლორულ თაფლზეა, რაც ნიშნავს, რომ თაფლი ერთი სახის მცენარისგან უნდა იყოს მიღებული. საქართველოში კი ძირითადად პოლიფლორული თაფლი იწარმოება.

თაფლის სტანდარტიზება ქართველი მეწარმისთვის ჯერჯერობით რთულია. ევროპაში ფერმერების უმეტესობას სკები ისეთ ადგილებზე აქვთ, სადაც ძირითადად ერთი სახის მცენარე ხარობს, მაგალითად, ხორბალი ან ქერი. საქართველოში კი, სადაც მეფუტკრეობაა 5000-მდე მცენარე ხარობს. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენება თაფლს ხარისხს უფუჭებს.

პრობლემაა ფუტკრის ქართული ჯიშის გადარჩენაც, სხვა ჯიშების შემოყვანა აკრძალულია, თუმცა არალეგალურად მაინც ახერხებენ, რაც ჯერ ჯიშის დეგრადაციას იწვევს, შემდეგ კი პროდუქტის ხარისხსაც აქვეითებს.

ჩვენი ფუტკარი გადაჯიშებულია და ზოგი კიდევ ცდილობს სპარსულის შემოყვანას, ზოგი ავსტრიულის შემოყვანას აპირებს, ასეთ პატარა ქვეყანაში სუფთა, ხალასი სახით ჩვენ მას ვერ შევინარჩუნებთ, ჩვენზე დიდი ქვეყნები არიან, რომელთაც მხოლოდ ერთი ჯიში ყავთ. ფუტკარი უნდა იყოს ჩაკეტილი და სხვა სახეობა არ უნდა შედიოდეს მასთან“,-ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გოგი მაძღარაშვილი.

მომხმარებელს ეშინია, თაფლს ისეთი ფასი აქვს, ისინი იხდიან და შესაძლოა, ხელში შაქარი შერჩეთ. სახელმწიფომ უნდა აამუშაოს მექანიზმი და დაისაჯონ ფალსიფიკატორები, იმისთვის, რომ მეფუტკრეების რეიტინგი ცოტა გაუმჯობესდეს და ნდობა გაიზარდოს“,_ აღნიშნავს მეფუტკრე ალექსი ნასუაშვილი.

საქართველოში ტყეების მასობრივმა გაჩეხვამ თაფლოვანი მცენარეების ცაცხვისა და წაბლის რაოდენობა შეამცირა. განადგურებულია ქარსაფარი ზოლები. აუცილებელია თაფლოვანი მცენარეების სანერგე ზონების მოწყობა და ფლორის აღდგენა. ევროპელი ფერმერი საკუთარი საფუტრის სიახლოვეს თავად ამზადებს თაფლოვანი მცენარეების საფარს, შესაბამისად, ფუტკრის პროდუქტიულობა მაღალია, რაც მთლიანობაში თაფლის თვითღირებულებას აიაფებს. თუ უკრაინაში ერთი სკა 150 კილოგრამ თაფლს ამზადებს, საქართველოში მხოლოდ 15 კილოგრამს გვაძლევს. ჩვენთან 50 000-მდე მეფუტკრე ფერმერია, ექსპორტის ზრდას ხელს შეუწყობს მცირე ფერმერთა კოოპერირება, თუმცა პროცესი ნელა მიმდინარეობს, რისი შესაძლო მიზეზიც კოოპერატივის კოლმეურნეობასთან გაიგივებაა, რაც ფერმერებში არასახარბიულო ასოციაციას აღძრავს.

როცა კოლმეურნეობები შეიქმნა, სახელმწიფო როცა მოისურვებდა, მაშინ ერეოდა მათ ქონებაში და რამდენსაც უნდოდა წაიღებდა, რითიც კოლმეურნეობები შეგნებულად გააკოტრეს. ამის ახლაც ეშინიათ და ამიტომ უხალისოდ მიდიან კოოპერატივებში“,-ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გოგი მაძღარაშვილი.

საქართველოში თაფლის გადამმუშავებელი 17 საწარმო არსებობს, ოპერირებს თაფლის ექსპორტიორი რვა და თერთმეტი იმპორტიორი კომპანია, მუშაობს თერთმეტი აკრედიტებული ლაბორატორია, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება ჯერ კიდევ არ აქვთ. მომსახურების ღირებულება 300 ლარიდან იწყება, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ფერმერებისთვის. თაფლის წარმოებით სამეგრელო 33%-იანი წილით ლიდერობს, აჭარასა და კახეთში თაფლის წარმოების საერთო მოცულობა 15-15%-ია.

მას ვისაც თაფლის მასშტაბურ წარმოებაზე აქვს პრეტენზია 120 000 ლარი 120 სკისთვის უნდა გაითვალისწინოს, უკუგების პერიოდად კი 4 წელი ივარაუდოს, ხოლო მოგების 20%-იან მარჟაზე გასასვლელად 8 წელი. თაფლის მცირე წარმოების წამოწყების მსურველს კი გამოცდილი მეფუტკრე ალექსი ნასუაშვილი ურჩევს, რომ ფუტკარი გაზაფხულზე შეიძინოს, ერთი სკისთვის კი 200-250 ლარი გაითვალისწინოს.

„10 სკიდან უნდა ამოიღოს 200-250 კილოგრამი თაფლიეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ ამთაბარებს და საერთოდ, როგორ მიუდგება ამ საქმეს, თუ მთლიანად მოახერხებს მის რეალიზებს, ჩადებული თანხა უკვე ამოღებული აქვს, მაგრამ დამწყებმა მეფუტკრემ შესაძლოა, 10 სკიდან ერთი კილოგრამიც ვერ ამოიღოს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს აგროვადებში ჩატევა სჭირდება“,-ამბობს ალექსი ნარსუაშვილი.

პრეპარატებიდან ბევრია ყალბი და სამწუხაროდ, ამის შემოწმება ქვეყნის შიგნით არ ხდება და ეს იწვევს არაეფექტურ მკურნალობას. არადა 1 წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი ან ორი წამალი უნდა გამოიყენებოდეს, მეორე წელს ეს პრეპარატი უნდა შეიცვალოს, არა დასახელებით არამედ თვისებრივად“,- განმარტავს გოგი მაძღარაშვილი.

ქართველი მეფუტკრეები ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელ ალუმინის ციბრუტებს იყენებენ. ალუმინი თაფლთან რეაქციაში შედის და პროდუქტი ბინძურდება. ჯერ კიდევ მაღალია წარმოებაში ხელით მუშაობის წილიც. ქართულ თაფლზე ყველაზე დიდი მოთხოვნა საუდის არაბეთშია, პროდუქტი ასევე ექსპორტზე გადის კორეასა და ჩინეთში. ევროკავშირში თაფლის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, თუმცა მას შემდეგ პროდუქტის გატანა უფრო და უფრო მცირდება. რაც შეეხება იმპორტს, აქ გამოკვეთილია უკრაინა.

წყარო:geodigest.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *