რა არის ფერმერული მეურნეობა?

ოქსფორდის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ფერმა ასე განიმარტება: „მიწის ფართობი, რომელიც მცენარეული კულტურებისა და პირუტყვისგნ პროდუქციის  საწარმოებლად გამოიყენება“.

თანამედროვე პირობებში ფერმას ასე განსაზღვრავენ: „ორგანიზაცია, რომელიც იყენებს თავის მიწის ფართობს, მუშახელსა და კაპიტალის რესურსებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა ან იმ საშუალებათა საწარმოებლად, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად გარდაიქმნება, იწარმოება, როგორც საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე სარეალიზაციოდ”.

ფერმა სამი ძირითადი წარმოების ფაქტორისაგან შედგება: მიწა, მუშახელი და კაპიტალი, რომელსაც თეორიისა და ტექნიკის გამოყენებით მართავს ფერმერი. ფერმერი ნაწარმს ან თავად მოიხმარს, ან ყიდის. ფერმერული მეურნეობა გულისხმობს ფიზიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებში მიწის ფართობის მოცულობას, ცხოველთა რაოდენობას, წარმოებული პროდუქციის ოდენობას. ფერმის სიდიდეზეა დამოკიდებული ტექნიკის შემადგენლობა, რაოდენობა და ა.შ. საოჯახო ფერმის ზომა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაა. სოფლის მეურნეობის განვითარებულ ქვეყნებში არსებობს წვრილი, საშუალო და მსხვილი საოჯახო ფერმები. მსხვილი საოჯახო ფერმები უმეტესად გვხვდება იქ, სადაც დაქირავებული სამუშაო ძალა გამოიყენება, ან ფერმის მართვა გადაცემული აქვს დაქირავებულ სპეციალისტებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცირე ზომის ფერმას მიაკუთვნებენ ისეთ მეურნეობას, სადაც 1-2 დაქირავებული მუშა გამოიყენება, შესაბამისად საშუალოს _ სადაც 2-3 დაქირავებული მუშა გამოიყენება, ხოლო დიდი ზომის საოჯახო ფერმას მიაკუთვნებენ, იმას, სადაც 3-ზე მეტი დაქირავებული მუშაობს. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ფერმის საშუალო სიდიდე 100_500 ჰექტარია. არსებობს უფრო დიდი ფერმებიც. საშუალო სიდიდის ფერმაში 1000-1200 სული პირუტყვი, ხოლო მსხვილ ფერმებში _ 10-12 ათასი. ასეთ ფერმებში წარმოებას ინდუსტრიული ხასიათი აქვთ. ფერმერული მეურნეობის კლასიფიკაციაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, რაც ადგილობრივი ბუნებრივი და კლიმატური, ეკონომიკური და სხვა პირობებით არის განპირობებული. ძირითადად ფერმერული მეურნეობები შეიძლება იყოს საოჯახო, ან ინდივიდუალური, ერთობლივი, სასოფლო სამეურნეო კორპორაცია და საიჯარო და სხვა. ერთობლივი ფერმა არის წარმოების ორგანიზაციის ისეთი ფორმა, როდესაც ფერმის მეპატრონე ორი, ან მეტი პირია, რომლებიც აერთიანებენ ძირითადი საწარმოო საშუალებებს (მიწა, ტექნიკა, პირუტყვი და სხვა), შრომით რესურსებს, ფინანსებს, წარმოების გაფართოებისა და მოგების მიზნით. ერთობლივ ფერმას ქმნიან ძირითადად ნათესავები, მეგობრები. ერთობლივი ფერმის მონაწილე შეიძლება გახდეს ისეთი  პირიც, რომელსაც სოფლის მეურნეობასთან კავშირი არ ააქვს, ხოლო წარმოებაში შესაბამის ფინანსურ სახსრებს დააბანდებს. სასოფლო-სამეურნეო კორპორაციები სააქციო კომპანიებს

წარმოადგენენ. ისინი იქმნება პროდუქციის წარმოების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მისი გადამუშავების, შენახვის, დაფასოების და რეალიზაციის მიზნით. დღეს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული ფერმერული ასოციაციების (გაერთიანებები) ფორმა, როგორც მიზნის მიღწევის ერთობლივი საშუალება.

სასოფლო სამეურნეო ტერმინოლოგიით ფერმერული ასოციაცია ფერმერთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლებიც შეკავშირდნენ, რათა მიაღწიონ რაიმე კომერციულ მიზანს, ან მიზნებს უფრო წარმატებით, ვიდრე ამას მოახერხებდნენ, როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები. ასოციაცია _ ეს არის გარკვეულ ფერმერთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთობლივი შესყიდვების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგის სწორად განხორციელების და ტექნიკის ერთობლივი ექსპლუატაციის, ფინანსური უპირატესობების მიღების, რესურსების უკეთესად გამოყენებისა და საკუთარი ინტერესების უკეთესად დაცვის მიზნით.

თამთა გუგუშვილი,

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“

ინგლისურენოვანი ვერსიის რედაქტორი