რატომ არის საფერავი უნიკალური ვაზის ჯიში და საქართველოს გარდა კიდევ სად არის გავრცელებული

საქართველო კულტურული ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთი ძირითადი კერაა. მის ტერიტორიაზე დასაბამი მიეცა განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონე ჯიშების ჩამოყალიბებას. 1960 წელს გამოიცა საფუძვლიანი ნაშრომი “საქართველოს ამპელოგრაფია”, სადაც წარმოდგენილია ქართული ვაზის ჯიშური შემადგენლობა. მოცემულია 57 სტანდარტული და პერსპექტიული ჯიშის სრული ამპელოგრაფიული აღწერა. სულ წიგნში დასახელებულია ლიტერატურული წყაროებით ცნობილი ვაზის  525 ჯიში.
ურთიერთშედარებისა და საბოლოო დაზუსტების შემდეგ იმ დროინდელი ე.წ “საკავშირო” ამპელოგრაფიის ტომებში ადგილი დაიკავა 414 ქართული ვაზის ჯიშის მონოგრაფიამ და ამპელოგრაფიულმა აღწერამ. მათ შორისაა საფერავი, უნიკალური ქართული ვაზის ჯიში, რომელიც სწორედ საქართველოს ადგილობრივი კერიდან წარმოიშვა. ამ ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებები და მორფოლოგიური ნიშნები საფერავის უძველეს ჯიშად მიჩნევის საბუთს წარმოადგენს. არცერთ ქართულ ჯიშს არ ახასიათებს იმდენი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებები, როგორც საფერავს. ეს კი აიხსნება იმით, რომ საფერავი ძველი ჯიშია, რის გამოც იგი მდიდარია სახეცვლილი ფორმებით –  ვარიაციებით. ცნობილი და  გავრცელებულია საფერავი ბუდეშურისებრი, ოცხანური საფერე, მესხური საფერავი, ატენის საფერავი, საფერავი ფაჩხა, საფერავი დიდმარცვალა და ა. შ.

პირდაპირი მითითებები საფერავის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ დაცული არ არის, თუმცა სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ამის მიახლოებით განსაზღვრა. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, თავდაპირველად საფერავი ძველ ქართულ პროვინციაში – შავშეთ-კლარჯეთში იყო გავრცელებული, საიდანაც დროთა განმავლობაში გადმოინაცვლა აღმოსავლეთ საქართველოში და ქართლზე გავლით (X-IX სს უფლისციხის და სამთავროს წიპწები; კასპში “ციხიაგორაზე”, უძველეს მარანში აღმოჩენილი ნიმუშები), უკვე XVII საუკუნის ბოლოს კახეთის ვენახებში  დაიდო ბინა.

საფერავი საქართველოდან თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაში გავრცელდა: აზერბაიჯანში – საინგილოდან, საკმაოდ არის გავრცელებული ძირითადად კახის, ზაქათალას, შამქორის, განჯას რაიონებში, სომხეთში – საქართველოს მოსაზღვრე ალავერდის, შამშადინის და იჯევანის რაიონებში გვხვდება, თუმცა სომხეთში საფერავი უფრო ნაკლებად არის გავრცელებული. ძირითადად, 1927 წლიდან დაიწყეს საფერავის გაშენება ფართო მასშტაბით არარატის ტრესტის ყოფილ საბჭოთა მეურნეობაში,  დაღესტანში საფერავი კახეთიდან გავრცელდა, მეტწილად დარუბანდისა და მახაჩყალის რაიონებში, ყირიმში – მებაღე ი. ფრიკისა და ს. ფედოროვის მიერ იყო შეტანილი 1847 წელს. შუა აზიის ქვეყნებში საფერავი მოხვდა ევროპულ ჯიშებთან ერთად დაახლოებით 1860 წლიდან, საფრანგეთში კი შეტანილია 1868 წელს ქუთაისში დასახლებულ ფრანგ ლონგეილის საშუალებით, რომელიც ქართულ ჯიშებს უგზავნიდა ამპელოგრაფ პიულას.

საფერავის ფართოდ გავრცელება სხვადასხვა ქვეყნების მევენახეობებში გამოწვეულია ამ ჯიშის მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით (მოსავლიანობა, ხარისხი, ყინვაგამძლეობა). ქიმიური ანალიზის მაჩვენებლებით საფერავი წმინდა საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფს მიეკუთვნება. იგი საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია და თავისი მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებებით, შემადგენელი ნაწილების კარგი შერწყმით პირველ ადგილზეა მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის. საფერავის ღვინის მაღალი თვისებები  ხშირად აღინიშნება ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიების მიერ. ნიკიტინის ბაღის დირექტორი ჰარტვისი, გ. ცაბელი და სხვები მას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ. ცნობილი ფრანგი ამპელოგრაფი ოდარი  წერდა: “ყველაფერი უფლებას მაძლევს ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ყურძნის ჯიშს ჯობია”.

ყველაზე მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს საფერავი განსაკუთრებით შიდა კახეთში იძლევა. ყვარელში და მუკუზნის ზონაში დამზადებული ღვინოები კი ქართული მეღვინეობის ნამდვილი სიამაყეა. საფერავისაგან მზადდება საქვეყნოდ ცნობილი ღვინოები: “საფერავი”, “ქინძმარაული”, “ყვარელი”, “მუკუზანი”, ხოლო საფერავის საუკეთესო მაგარ და სადესერტო ღვინოს – ყირიმსა და უზბეკეთში ვხვდებით.

ზოგან ღვინო მუქი ლალისფერია, ზოგან – ბროწეულის ფერი, ზოგან კი შავი მოცხარის იერი აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველგან მას ძლიერი ჯიშური არომატი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიულობა ახლავს თან, უკრაინელი მეღვინე ნ. ოხრემენკოს შეფასებით “მასში სინაზე შერწყმულია სისრულესთან, ხოლო ღვინის ხასიათი- ორიგინალობასთან და მთლიანობასთან”.

წყარო: https://allwine.ge/ka/blog/ratomaa-saferavi-unikaluri-vazis-jisi-da-saqartvelos-garda-kidev-sad-aris-gavrcelebuli_1983/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *