როდის უნდა დავიწყოთ თხილის პლანტაციის შეწამვლა?

საშიში სოკოვანი დაავადებების და მავნებელთა ერთობლივმა გააქტიურებამ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით გასულ სეზონზე, თხილის კულტურა საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენა.

ჩვენში გავრცელებული ასამდე სახეობის სოკოვან დაავადებასა და მავნებელს შორის, ყველაზე საშიში თხუთმეტამდე სახეობაა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად მოსახლეობა ჯერ კიდევ არ არის კარგად დარაზმული.

ახლა ბევრს საუბრობენ საშიშ მავნებელ ფაროსანაზე. ამ მიმართულებით მთავრობა საგანგებო ღონისძიებას გეგმავს 2018 წლის განმავლობაშიც, თუმცა, აუცილებლად უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და ჯერ უფრო საშიში საფრთხის _ თხილის სიდამპლის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ.

ჩვენი მკითხველები თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან და გვთხოვენ ვურჩიოთ, კონკრეტულად რომელი თვის რომელი რიცხვიდან დავიწყოთ თხილის პლანტაციების შეწამვლა.

წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილია და შესაძლოა, მცენარის გააქტიურება ადრე დაიწყოს. შესაბამისად, ადრევე გააქტიურდება სოკოვანი დაავადებები თუ მავნებლები. ამიტომ, უმჯობესია, თხილის პლანტაციების შეწამვლა დავიწყოთ მაშინ, როცა საშუალოდ სადღეღამისო ტემპერატურა პლუს 12 გრადუსს გაუტოლდება და თხილის მცენარე გაფოთვლას დაიწყებს. უფრო მარტივად რომ გავიგოთ, ნორჩი ფოთლის ზომა ცერა თითის ფრჩხილის ზომის უნდა იყოს. ამ დროს ტარდება პირველი წამლობა. მეორე წამლობა კი უნდა მოვახდინოთ მომდევნო ერთ თვეში. რაც შეეხება მავნებელ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ეს პროცესი ძირითადად მაისი ბოლოს უნდა დავიწყოთ. შესაბამის რჩევებს ეტაპობრივად მივაწვდით ჩვენს მკითხველებს.

მანამდე კი, ვიდრე თხილის პლანტაციების შეწამვლას მოვახდენთ, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ აგროტექნიკური ღონისძიებები; მოვფოცხოთ სათხილეები და ყველა გროვა დავწვათ.

წლების განმავლობაში ფერმერებს ვურჩევდით, ხმელი ფოთლები და სხვადასხვა მონაფოცხი არ დაეწვათ, რადგან მისგან საუკეთესო ბიოსასუქი მიიღება, თუმცა, მავნებელ ფაროსანას გამოჩენის შემდეგ, უკვე აუცილებელია ყველანაირი ხავსის, ხმელი ფოთლების თუ ფიჩხის დაწვა, რადგან ეს საშიში მავნებელი ყველგან აფარებს თავს. ასევე, საჭიროა, მოვახდინოთ სანიტარული ჭრა, გადაბარვა, მოკირიანება, კომბინირებული სასუქის შეტანა. აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებში ნებისმიერ დროს მიზანშეწონილი და საჭიროა, ოღონდ ადრიან გაზაფხულზე უფრო შედეგიანია და ბარაქიანი მოსავლის მიღების წინაპირობას ქმნის.

ჩვენს მკითხველებს ასევე აინტერესებთ, რამდენად შედეგიანი იქნება ჯერ კიდევ გაუფოთლავი პლანტაციების შეწამვლა. არა ერთმა მეურნემ მაინც დაიწყო და იანვარში უკვე შეწამლა საკარმიდამო ნაკვეთი. გეტყვით, რომ ეს ზიანის მომტანი არ არის, თუმცა როცა მცენარეს “ძინავს”, პასიურ მდგომარეობაშია სოკოვანი დაავადება თუ მავნებელი _ ამიტომ, ასეთ დროს შეწამვლა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოგვცემს.

წყარო:gurianews.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *