“როგორ იქცა ფსტაზე ფიქრი რეალობად

 ფსტა ძვირფასი კაკლოვანი მცენარეა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საქართველოში ოდითგანვე ხარობს.

გიორგი მასურაშვილი  ახალგაზრდა კაცია, 25 წლის. იგი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ცხოვრობს და ხუთი წელია ფსტის  ნერგები გამოჰყა და ამრავლებს.

გიორგი მასურაშვილი  ბავშვობიდა შეეჩვია შრომას. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა 6-7 წლისა იყო, ხედავდა როგორ უჭირდა ყველას, როგორ შრომობდნენ მშობლები საკუთარ საკარმიდამოში და  თვითონც ეხმარებოდა. მას შემდეგ მიწასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, მიწათმოქმედება საყვარელ საქმედ იქცა,  კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებით დაინტერესდა.

_ ძალიან პატარამ დავიწყე მშობლების და ერთადერთი ძმის გვერდით მუშაობა. მიყვარს მიწა, ბუნება, სიახლის ძიება. ფსტას ჯიშის კაკლის შესახებ სწორედ მორიგი ძიების დროს წავიკითხე. ნახევარი კილოგრამი თესლი ვიშოვე და დავთესე. ეს იყო ექსპერიმენტი ჩემი მხრიდან და გამიმართლა, _ გვიამბობს გიორგი.

გიორგიმ პირველი ნერგები დახურულ გრუნტში გამოიყვანა და პარალელურად, გადარგვის შემდეგ, გამუდმებით აკვირდებოდა მცენარის ზრდის ტემპს. ამბობს, რომ თეორიულად ყველაფერი წინასწარ შეისწავლა, მოიძია სხვადასხვა ლიტერატურა, ნახა სულხან საბას ლექსიკონი, სადაც ფსტა განმარტებულია, როგორც საუცხოო კაკლოვანი ჯიში და საქართველოში კარგად გავრცელებული მცენარე, რომელიც შემდეგ გადაშენდა.

დღეისთვის გიორგი მასურაშვილს ფსტას ჯიშის კაკლის ნერგები კონტეინერში გამოჰყავს და მისი გადარგვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

 შეიძლება თუ არა ფსტას ჯიშის კაკლის გაშენება დასავლეთ საქართველოში? ამ კითხვაზე გიორგის საკუთარი მოსაზრება აქვს: _ მიუხედავად იმისა, რომ მცენარის შესახებ ყველა ლიტერატურაში მინიშნებულია, როგორც გაუდაბნოებული ადგილების მოყვარული კაკლოვანი და ვერ ეგუება ნესტიან გარემოს, თიხნარ ნიადაგებს, მაინც შესაძლებელია ფსტა გაშენდეს დასავლეთ საქართველოში, _ ამბობს იგი და ამის მაგალითებიც უკვე აქვს _ მისგან შეძენილი ნერგები დარგეს ფოთში, ხულოში, სამეგრელოს რეგიონშიც და შედეგით ყველა კმაყოფილია.

_ როცა მცენარით დავინტერესდი, რა თქმა უნდა, ჯერ ვაკვირდებოდი, როგორი ნიადაგს ეგუება და რაკი მშრალი გარემო უყვარს, სწორედ იმაზე დავიწყე ფიქრი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ტენიან რაიონებშიც მისი გახარება. დღეისთვის უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაკვირვება ამართლებს და დასავლეთ საქართველოში, სადაც კი ჩემგან ნერგები წაიღეს ან მიაქვთ, ფსტამ ძალიან კარგად გაიხარა. სუბტროპიკულ ზონაში, სადაც შეირჩევა უფრო დამრეცი ადგილები და ქვიშიანი ნიადაგი და გავამდიდრებთ მას ორგანული ნაკელით, ფსტა ჩვეულებრივად ხარობს. რა თქმა უნდა, პერსპექტიული გარემო აღმოსავლეთ საქართველოში, მშრალი ჰავის პირობებში აქვს, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რაკი აღმოსავლეთ საქართველო უპრობლემო მხარეა ფსტას გასაშენებლად, ყურადღება დასავლეთ საქართველოზეც აქვს გადატანილი. ეხმიანება ყველა კლიენტს, ვინც დასავლეთ საქართველოდან ყიდულობს ფსტას ნერგს და ეკითხება, რა მდგომარეობაშია მცენარე დარგვის შემდეგ. რაკი საწყისი სვლა კარგად გამოუვიდა, დაინტერესებულია, ეს საქმე სერიოზულ ბიზნესად აქციოს, საქართველოში ყველგან გაშენდეს ფსტა და რაც მთავარია, ის იქცეს ჩვენი ხალხის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად.

_ გიორგი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ამ კაკლოვანმა კულტურამ ჩვენს ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური სიძლიერე შესძინოს?

_ მთავარია, ფსტას ჰქონდეს გამტარი, მშრალი ნიადაგი. გრუნტში წყალი არ უნდა დაგროვდეს. არც უწყლობით უნდა გამოიფიტოს მიწა. მინდა, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოშიც ისე ღონივრად მოხდება ფსტას სამრეწველო წარმოება, როგორც ეს დღეს მრავალ ქვეყანაში ხდება. თუ იქ სამრეწველო მიზნით აწარმოებენ და აქვს სერიოზული ფასი, ჩვენ შრომა და სიახლის ძიება რატომ უნდა დაგვეზაროს? მით უფრო, საქართველოში ეს კაკლოვანი კულტურა ოდითგან ყოფილა და მერე გადაშენებულა. არანაირ განსაკუთრებულ მზრუნველობას ის არ ითხოვს _ უნდა აკონტროლო ნიადაგი. ისე კი, მაღალმთიანი ზონა, სადაც ტენიანობაც დაბალია, ფსტასთვის მისწრებაა და მცენარე იქ უკვე თავს ლაღად გრძნობს. ვიმეორებ, მეტი პერსპექტივა აქვს აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, ნურც დასავლეთის მცხოვრებნი ჩაიქნევენ ხელს. უკვე გითხარით, გვაქვს საიმედო მაგალითი.

_ რა ფასი აქვს ბაზარზე ფსტას, რატომ არის ასეთი ძვირფასი?

_ ერთი კილოგრამი ფსტა 60 ლარამდე ღირს. მისი კომერციული დანიშნულება მთელ მსოფლიოში უდიდესია. ცოტა მეტი ყურადღება უნდა, ვიდრე თხილს და ჩვენებურ კაკალს. სამაგიეროდ, ბევრად უკეთესია შემცველობით, ნაყოფის ხარისხით. ფასიც ამიტომაა მაღალი. თუ ერთ ჰექტარ ფართობზე 2 ტონამდე თხილი მოგვყავს, ფსტა 8 ტონამდე შეიძლება, მოვიყვანოთ. ერთი ძირი ისხამს, სულ ცოტა, 20 კილოგრამ ნაყოფს. ჰექტარზე ირგვება 400 ძირი ხე. შესაბამისად, მარტივად დავთვალოთ და ვხედავთ, რამდენ ტონას მივიღებთ.

_  მდედრობით და მამრობითი ნერგების შესახებ რას გვეტყვით?

_ ფსტას 400-მდე ჯიში არსებობს. თუ აქედან კონკრეტულად რომელიმე ერთი ჯიში გსურს გაამრავლო, მაშინ დამყნილი ნერგი უნდა დავრგოთ შემდეგი კომბინაციით _ ერთი მამრობითი 10 მდედრობით ძირთან. მე ვცადე დამყნობა ახალი ნერგიდან და გახმა. ვფიქრობ, კვირტის აღება საჭიროა ზრდასრული მცენარიდან. დღეისთვის მე მაქვს ორი სხვადასხვა ჯიშის ფსტა, რომლის ყვავილობის დრო ემთხვევა ერთმანეთს და პრობლემა არ არის. თუ ერთი ჯიშის თესლ-ნერგს გამოიყვან და ცალკე დარგავ, ამ შემთხვევაში ზოგი მოისხამს, ზოგი _ არა.

_ რა სახის საძირე სჭირდება დასამყნობად?

_ არის სპეციალური საძირე _ საკმიელას ხე, რომელზეც შესაძლებელია დამყნობა.

_ ყინვაგამძლე თუა?

_ ამ მხრივ ის უნიკალური მცენარეა. ყველა სახის ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ფსტა 500 წლამდე ასაკსაც კი აღწევს. უძლებს მინუს 20 გრადუს ტემპერატურას და მეტსაც. ამავე დროს საპირისპირო თვისებაც აქვს _ საოცრად გვალვაგამძლეა. იზრდება 10 მეტრამდე.

_ მიღწეული შედეგი  გაკმაყოფილებთ _ ეტაპზე მეტს ელოდი თუ პირიქით?

_ მიმაჩნია, რომ ბავშვობის ასაკში დასახული მიზანი, ავისრულე, ინოვაციური სვლა შედგა და ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც დღემდე მივაღწიე. ნერგებზე მოთხოვნა იზრდება. კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა სრულფასოვანი ბიზნესი მექნება და ამაშიც დარწმუნებული ვარ. მე ბავშვობიდან ჩემი სახსრებით დავიწყე ეს საქმიანობა და ხშირად, როცა თანატოლები თამაშობდნენ, მე ნერგებს ველოლიავებოდი. საბოლოოდ უნდა გამომივიდეს ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი მასურაშვილს, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ასაკიდან შეეჭიდა ინოვაციურ იდეას, წარმატებას მიაღწია და დღეს მეტი შემართებით იბრძვის, ახალი წარმატებების მისაღწევად.

მარინე ჩიხლაძე

წყარო: http://gurianews.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *