დარგებიმეცხოველეობა

როგორ მოვაშენოთ ბოცვერი

ზოოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ბოცვერს მიაკუთვნებენ ხერხემლიანების ტიპს, ძუძუმწოვართა კლასს, მღრნელთა რაზმს, ბოცვერის ოჯახს. ბოცვერი წარმოშობილია გარეული კურდღლისაგან, რომლის სამშობლოდ ითვლება ესპანეთი და სამხრეთი აფრიკა.

ბოცვერი, რომლის მოშენებას ეწევიან კონტინენტის თითქმის ყველა რეგიონში, თავისი ნიშან-თვისებებით განსხვავდება კურდღლისაგან მეხორცეობით, ადრეულობით, ბეწვის ხარისხით და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნიშან-თვისებებით. იგი ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე უფრო მაღალი ადრემწიფადობით ხასიათდება. განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება პოსტემბრიონული პერიოდის 3-4 თვის ასაკში. ვერცერთი სასოფლო-სამეურნეო ცხოველი ვერ შეედრება ბოცვერს ზრდის სისწრაფეში. ბაჭიები დაბადებისას 40-90 გრამს იწონიან. მეექვსე დღეს მათი წონა ორმაგდება, ხოლო 1 თვის ასაკში 10-12 ჯერ იზრდება. ბოცვრები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. 3,5-4 თვის ასაკში აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. დედლები გამოირჩევიან ნაყოფიერებით, ისინი საშუალოდ 6-9 ბაჭიას იძლევიან, წლის განმავლობაში შეიძლება მიღებულ იქნეს 6-8-10 შთამომავლობა.

შეწყვილებისთვის მომზადება. დაგრილების დაწყებამდე საჭიროა გამოწუნებულ იქნას ისეთი ბოცვრები, რომლებიც ავადმყოფობენ, აქვთ ცუდი ბეწვოვანი საფარი, ხასიათდებიან დაბალი პროდუქტიულობით, დაბალი ცოცხალი მასით და კანიბალიზმით.

რადგან ბოცვრის დამახასიათებელი ყველა მონაცემის დამახსოვრება შეუძლებელია, საჭიროა ჩანაწერების წარმოება. აღრიცხვიანობა ადვილია, თუ გალიას მივაკრავთ ბარათს, სადაც ჩადებული იქნება ფურცელი ბოცვრის ყველა მონაცემით: ჯიში, დაბადების წელი, წარმოშობა (რომელი დედის და მამისაა). ეს უკანასკნელი აუცილებელია, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ნათესაური შეწყვილება. წერენ აგრეთვე ბოცვრის შეწყვილების დროს ბუდეში ბაჭიების რაოდენობას (მათ შორის მკვდრები): აღნიშნავენ დედის მიერ ბაჭიების შეჭმის შემთხვევას და სხვა მაჩვენებლებს, რომლებიც შემდგომში გამოდგება დედის სანაშენე მაჩვენებლების განსაზღვრისათვის. ჩანაწერებს აკეთებენ აგრეთვე მამლის გალიაზე.

შეწყვილებისათვის გამიზნული დედალი და მამალი ბოცვერი კარგი კონდიციის უნდა იყვნენ. გამხდარი დედა ბოცვრები ცუდად ნაყოფიერდებიან და ყრიან სუსტ ბაჭიებს, რომლებიც შემდეგ ცუდად იზრდებიან. დაგრილების დაწყებამდე 2-3 კვირით ადრე, სუსტი დედალი ბოცვრები უნდა ვკვებოთ გაძლიერებულად, კარგი ხარისხის თივით, ქერით, ქატოთი ან ნეკერით.

უნდა აღინიშნოს, რომ გადასუქებული დედლებიც ცუდად გრილდებიან, ახასიათებთ დაბალი ნაყოფიერება (ორი-სამი ბაჭია), ამიტომ ასეთ შემთხვევაში, როგორც დედალს, ისე მამალს დაგრილების პერიოდში საკვების ნორმა 10-20 %-ით უნდა შეუმცირდეთ.

ბოცვრის სანაშენედ გამოყენების ვადები. ბოცვრების მალმწიფადობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ჯიშზე, არამედ მოვლა პატრონობის პირობებზეც. როგორც აღვნიშნეთ, კარგ პირობებში პირველი ახურება იწყება 3,5-4 თვის ასაკში, მაგრამ ჯანმრთელი, სიცოცხლისუნარიანი ბაჭიები მიიღება იმ დედებისაგან (საშუალო სიდიდის ჯიშები შინშილა, ვენური ცისფერი, სათივთიკე), რომელთა ასაკია 4-5 თვე და ცოცხალი წონა 2-2, 8 კგ. მსხვილ ჯიშებში (ქართული სახორცე-საქურქე, თეთრი გოლიათი, რუხი გოლიათი), რომელთა ასაკია 5-6 თვე და ცოცხალი წონა 3,5-3,8 კგ-ს უდრის.

პირველი დაგრილება მამალმა უნდა მოახდინოს 8 თვის ასაკში. ისეთი მამლები, რომლებიც კარგად ანაყოფიერებენ დედლებს და გვაძლევენ კარგ შთამომავლობას, მწარმოებლად შეიძლება გამოყენებულ იქნენ 4-5 წლის განმავლობაში.

დედალ ბოცვრებს სანაშენედ იყენებენ 3-4 წლის განმავლობაში, ხოლო კარგი დედობრივი ინსტიქტის მქონე დედლები სანაშენოდ შეიძლება გამოყენებულ იქნენ 4-5 წლის მანძილზე.

ბოცვრების დაგრილება. წლის დასაწყისში უნდა შედგეს დაგრილება -მოგების გრაფიკი, რათა გეგმაზომიერად იყოს მიღებული შემოსავალი. გათვალისწინებული უნდა იქნეს ბოცვრის მაკეობის ხანგრძლივობა (28-31 დღე). დედალმა ბოცვერმა ერთდროულად უნდა დაყაროს არანაკლებ 2-3 ბაჭია, რათა შესაძლებელი იყოს მცირერძიანი დედების ბაჭიების უხვრძიან დედებთან ჩასმა და უხვრძიანი დედების ძიძებად გამოყენება.

ბოცვრების შეწყვილებამდე საჭიროა მათი ჯანმრთელობის შემოწმება. არ შეიძლება ისეთი დედლის დაგრილება, რომელიც დაავადებულია სპიროხეტით, რინიტით (ინფექციური სურდო), მასტიტით, ქეცით ან სხვა ინფექციური თუ ინვაზიური დაავადებებით.

დაგრილების ჩატარების მიზნით დედალი გადაყვანილ უნდა იქნეს მამლის გალიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მამალს უცხო გარემოს მიჩვევისათვის სჭირდება დიდი დრო, რის გამოც დაგრილება ჭიანურდება. დაგრილების წინ გალიიდან გამოაქვთ საკვებური, სარწყულებელი და სხვა ნივთები, რომლებიც ხელს უშლიან დაგრილების ჩატარებას. დაგრილება მიზანშეწონილია მოხდეს: ზამთარში 11-დან 15-16 საათამდე, ზაფხულში დილით ადრე, 8-10 საათამდე და საღამოს საათებში 19-20 სთ. მამალს დღეში შეუძლია დააგრილოს 4 დედალი. 2 დღის მუშაობის შემდეგ ერთ დღეს ასვენებენ.

დედლების დაგრილება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს. ახურება ეწყებათ ყოველ მე-8-9 დღეს და გრძელდება 3-5 დღეს. ბოცვერი მოგების მეორე დღეს უკვე მოდის ხურებაში და შეიძლება მისი დაგრილება. დედალი ბოცვერი, რომელიც ახურებულია, ადვილად იკარებს მამალს დასაგრილებლად, ასევე ადვილად ნაყოფიერდება. როდესაც დედალი მოდის ახურებაში, იგი ხდება მოუსვენარი, ეკარგება მადა, საკვებს არ ჭამს, ზურგზე ხელის გადასმის დროს წვება და იჭიმება (იზმორება). ახურებული დედალი სწრაფად უშვებს მამალს დასაგრილებლად, დაგრილების შემდეგ მამალი გვერდზე ეცემა სპეციფიკური წრიპინით. თუ საეჭვოა დაგრილება, დედალს ტოვებენ მამლის გალიაში და 3-5 წუთის შემდეგ მამალი ხელმეორედ აგრილებს. დედლის დატოვება მამლის გალიაში დიდხანს არ შეიძლება, ვინაიდან მამალი იღლება და ნაკლებად აქტიური ხდება. განაყოფიერების შემოწმების მიზნით მეხუთე-მეექვსე დღეს დედალი ისევ მიჰყავთ მამალთან. თუ დედალი დაგრილებულია, მამალს ახლოს აღარ იკარებს. პირობითად შეიძლება ჩაითვალოს, რომ დედალი განაყოფიერებულია.

მაკეობის დადგენა. საკონტროლო შემოწმება ზოგჯერ არ იძლევა სასურველ და ზუსტ შედეგს. ზოგჯერ განაყოფიერებული დედალი დასაგრილებლად კვლავ უშვებს მამალს. დაგრილებიდან მე 13-15 დღის შემდეგ ჩანასახის ზომა დაახლოებით თხილის ზომისაა. ემბრიონი შეინიშნება მუცლის შუა ხაზის გასწვრივ პალპაციით. ჩანასახები განლაგებულია ერთმანეთის მიყოლებით. აქვთ ოვალური ფორმა, რბილი და ელასტიკურია. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ფეკალური მასები, რომლებშიც გამოუცდელობით შეიძლება შეგვეშალოს ჩანასახი, უფრო მცირე ზომის, მრგვალი და მკვრივია. უხეშმა მოსინჯვამ შეიძლება გამოიწვიოს ბოცვრის მუცლის მოშლა (აბორტი), ამიტომ მაკეობის დადგენის დროს მომვლელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

მომზადება მოგებისათვის. მაკე დედალი უნდა მოთავსდეს ცალკე გალიაში, სადაც დაცულია სისუფთავე, სიმშრალე; სიცივეში გალიაში უფენენ მშრალ ნამჯას. ბოცვრებს მაკეობის მეორე ნახევარში, როდესაც ჩანასახი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება, კვებავენ კარგი თივით, პარკოსანი და მარცვლოვანი კულტურების მარცვლით და აუცილებლად აძლევენ წვნიან საკვებს — სტაფილოს, გარეცხილ კარტოფილს, კომბოსტოს, ხოლო ზაფხულობით ბალახის — მწვანე მასას.

საკვები უნდა იყოს კარგი ხარისხის, დაობებულმა, გაყინულმა ან მჟავე საკვებბმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დაავადებები. აგრეთვე არ შეიძლება ერთი საკვების მეორეთი მკვეთრი შეცვლა. მაკე დედებისათვის დაცული უნდა იყოს სიმშვიდე. მოულოდნელად და უხეშად არ შეიძლება გალიის კარების გაღება.

მაკე დედები უმჯობესია ხელში არ აიყვანოთ. თუ ეს მაინც საჭირო შეიქმნა, ერთი ხელი უნდა მოჰკიდოთ ბეჭების თავზე, მეორე კი ქვემოდან შეაშველოთ.

მოგებამდე 3-5 დღით ადრე, ე.ი. განაყოფიერებიდან 26-27-ე დღეზე წინა მოგების ბაჭიები ამოყვანილ უნდა იქნენ გალიიდან. გალიას ასუფთავებენ, რეცხავენ, უკეთებენ დეზინფექციას, დგამენ საბუდარს, რომელშიც ჩაფენილია მშრალი ნამჯა. მოგებამდე 3-5 დღით ადრე ბოცვერი აწყობს ბუდეს საბუდარში ან გალიის კუთხეში. ამისათვის იგი ღეჭავს ნამჯას, იცლის თივთიკს და აგროვებს ერთ ადგილზე. თუ ზაფხულში ბოცვერმა ძალიან ბევრი თივთიკი გაიცალა, ნაწილს ართმევენ, რადგან დაყრის შემდეგ ბაჭიები სიცხისაგან ტოვებენ ბუდეს, რაც არასაურველია.

მოგებამდე 2-3 დღით ადრე ბუდე უნდა შემოწმდეს. თუ იგი გაკეთებული არაა, რაც ზოგჯერ ემართებათ ახალგაზრდა დედებს, საჭიროა დახმარება. ბოცვერს ფრთხილად უნდა მოსცილდეს თივთიკი და მოეწყოს ბუდე. მოგების წინა დღეებში მაკე ბოცვრების ერთი გალიიდან მეორეში გადაყვანა არ არის მიზანშეწონილი. აუცილებელია, რომ მაკე ბოცვრებს გალიაში ყოველთვის ჰქონდეთ ახალი სასმელი წყალი და სალოკავი მარილი.

მოგება ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, იშვიათად დილით და დღისით, გრძელდება 15-30 წუთის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევაში მოგება შეიძლება 50-60 წუთს გაგრძელდეს.

მოგების შემდეგ დედა ბოცვერი მაშინვე ლოკავს ბაჭიებს და აწოვებს, რის შემდეგ ჭამს მომყოლს და სვამს წყალს.

მოგების დროს ბოცვერი განიცდის წყურვილს, ამიტომ სასმელი წყლის ნაკლებობა მიზეზია იმისა, რომ დედა ჭამს თავის ბაჭიებს. ამის გამო აუცილებელია დედალი უზრუნველყოფილი იყოს სუფთა სასმელი წყლით, რომელსაც დედები სიამოვნებით სვამენ. ზამთარში თოვლის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, რადგან წყალი სწრაფად ბინძურდება და საჭირო ხდება მისი ხშირი გამოცვლა.

ბოცვრების მიერ ბაჭიების შეჭმის ერთ-ერთი მიზეზია მაკეობის დროს მათი არასრულფასოვანი კვება, საკვებში მინერალური მარილებისა და ვიტამინების ნაკლებობა. დედა ბოცვერი, რომელიც შემჩნეულია ბაჭიების ჭამაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოწუნებული.

ბაჭიები იბადებიან შიშვლები და თვალდახუჭულები. მოგების დროს საჭიროა ზედამხედველობა, რადგან ზოგჯერ დედები ბაჭიებს ყრიან იატაკზე, არ კვებავენ, რაც მათი დახოცვის მიზეზი ხდება. თუ ბაჭიები მიმოფანტულია გალიაში, დედა დროებით გამოჰყავთ გალიიდან, ახალშობილებს სწრაფად ათავსებენ ბუდეში და აფარებენ თივთიკს.

ზოგჯერ ბაჭიები გადმოდიან ბუდიდან და ცივდებიან. გაცივების თავიდან ასაცილებლად მათ ათავსებენ პატარა ყუთში, სადაც ჩაფენილია თივა და ზემოდან აფარებენ ბოცვრის თივთიკს.

მაწოვარი დედლების და ბაჭიების მოვლა. მოგების შემდეგ გალიიდან გაყავთ დედალი და ამოწმებენ ბუდეს, რათა სუსტი და დახოცილი ბაჭიები მოაცილონ. გალიიდან დედლის ამოყვანა აუცილებელია, რადგან ბუდის შემოწმების საშუალებას არ იძლევა. თუ დედალი არ აწოვება ბაჭიებს, რაც ხშირად ემართებათ დედლებს პირველი მოგების დროს, საჭიროა ბაჭიების იძულებით მოწოვება. ამისათვის დედა თავისი ბაჭიებით გადაჰყავთ თბილ ოთახში, სადაც აწვენენ ზურგზე ან გვერდზე, უჭერენ წინა და უკანა ფეხებს და აწოვებენ ბაჭიებს. როდესაც ყველა ბაჭია მიიღებს საკმარის რძეს, ისევ გადაჰყავთ გალიაში. 2 საათის შემდეგ ოპერაციას იმეორებენ და ასე გრძელდება, ვიდრე არ მომაგრდებიან და დამოუკიდებლად დაიწყებენ წოვას. მოგების პირველ დღეებში საჭიროა დედლის შემოწმება მერძეულობაზე. ბოცვრის რძე სქელი და ყუათიანია. ბაჭიას სჭირდება 2 გ. რძე, 1 გ წონამატებაზე. დღე-ღამის განმავლობაში ბოცვერი გამოყოფს საშუალოდ 200 გ რძეს (50-დან 270 გ-მდე). კარგი მერძეულობის შემთხვევაში ბაჭიებს ყოველთვის აქვთ სავსე კუჭი და გამობერილი მუცელი, ბუდეში წვანან მშვიდად. ასეთი ბაჭიების ხელის ხლება მიზანშეწონილი არ არის. ბაჭიები, რომლებსაც საკვები არ ჰყოფნით, ხშირად წრიპინებენ. უნდა დადგინდეს მათი შიმშილის მიზეზი. თუ დედალს რძე არა აქვს იმის გამო, რომ საკვები არ ჰყოფნის, უნდა გაუმჯობესდეს მისი კვება, განსაკუთრებით წვნიანი საკვებით ზამთარში და მწვანე ბალახით ზაფხულში.

ბოცვრები უფრო მერძეულები ხდებიან მეორე თაობის მიღების შემდეგ. ახალგაზრდა და ხანდაზმულ დედლებს (3 წელზე უხნესთ) საგრძნობლად უქვეითდებათ მერძეულობა. დედალი ბოცვრების მერძეულობას ადგენენ ბაჭიების საკონტროლო აწონვით. ამისათვის დღე-ღამეში ერთხელ მაინც წონიან ბაჭიებს კვებამდე და კვების შემდეგ. წონაში განსხვავება არის დედლის მერძეულობა. დედლის მერძეულობა თანდათან იზრდება ლაქტაციის 22-24 დღემდე, შემდეგ კი მცირდება. ბაჭიები 18-20 დღის ასაკამდე იკვებებიან მხოლოდ დედლის რძით, ამიტომ ასეთი დედლების კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმარისი.

დაბადებიდან პირველ დღეებში ბაჭიები მჭიდროდ წვანან ბუდეში. მე -5-7 დღეს ისინი იმოსებიან ბეწვით და თავისუფლად მოძრაობენ ბუდეში. მე-9-10 დღეს ბაჭიებს თვალები ეხილებათ. 16-20 დღის შემდეგ იწყებენ ბუდიდან გამოსვლას. ბუდიდან უფრო ადრე გამოსვლა იმის ნიშანია, რომ დედლის რძე არ ჰყოფნით. ასეთ შემთხვევაში ბაჭიებს იძულებით აწოვებენ უხვრძიან დედლებს. როგორც კი ბაჭიები ბუდიდან გამოსვლას იწყებენ, მათ ამოიყვანენ გალიიდან, კარგად ასუფთავებენ და გალიას დეზინფექციას უკეთებენ. ზამთარში აფენენ მშრალ ნამჯას და ბაჭიების გამოსაკვებად საკვებურს დგამენ.

ახალდაბადებულ ბაჭიებს აქვთ 16 სარძევე კბილი. 18-20 დღის ასაკიდან იწყება სარძევე კბილების შეცვლა და მთავრდება ერთი თვის ასაკში. ამ დროიდან ბაჭიები იკვებებიან მცენარეული საკვებით, მაგრამ დედისათვის განკუთვნილი უხეში საკვები ბაჭიებისათვის არ გამოდგება, რადგან კუჭ-ნაწლავის ფუნქცია ეშლებათ. ეს რომ არ მოხდეს, ბაჭიების ბუდიდან გამოსვლის შემდეგ დედას აძლევენ მხოლოდ რბილ, ნაზ საკვებს — წმინდა თივას, სტაფილოს, მსხვილად დაფქულ, ჩაორთქლილ ან დასველებულ მარცვალს, ზაფხულში — მწვანე ბალახს.

წოვების პერიოდში არ კმარა მარტო ბაჭიებისათვის ყურადღების მიქცევა, საჭიროა დედალზე, მის კონდიციაზე, სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე ზრუნვა. ზოგჯერ დედალი ავადდება მასტიტით — სარძევე ჯირკვლის ანთებით. თუ დედალს მუცელზე გაუჩნდა სიწითლე და შემაგრებული ადგილი, საჭიროა მისი გამოწუნება, რადგან მკურნალობა ხშირად უშედეგოა.

ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ერთი თვის ასაკში სხვადასხვა ჯიშის ბაჭიებს აქვთ შემდეგი წონა (გრამებში):

ქართული სახორცე-საქურქე — 700-800 ;

თეთრი და რუხი გოლიათი — 600-700;

შინშილა და ვერცხლისფერი — 450-500;

თეთრი სათივთიკე — 450-500.

ბაჭიები, რომლებიც დაბადებულები არიან ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე, უკეთესად ვითარდებიან, ვიდრე ზაფხულ-შემოდგომით დაბადებულები.

ბაჭიების მოვლა ასხლეტის შემდეგ. ბაჭიების ასხლეტამდე საჭიროა გალიების მომზადება, რომელშიც მოწყობილი იქნება საკვებურები და სარწყულებლები. თითოეულ გალიაში ათავსებენ 3-4 ბაჭიას, უმჯობესია, თუ ისინი იქნებიან ერთი ბუდიდან. ბაჭიები სხვადასხვა ბუდიდან პირველ ხანებში ჩხუბობენ და ერთმანეთს აზიანებენ. როდესაც გალიაში 5-6 ბაჭიაა, ისინი ცუდად იზრდებიან. ერთი თვის ასაკში ბაჭიები დამოუკიდებლად იკვებებიან, ამიტომ ამ ასაკში ხდება ასხლეტა. შემჭიდროებული მოგების დროს ბაჭიებს ასხლეტენ 27-28 დღის ასაკში. ისინი უკეთესად იზრდებიან, თუ მათ ასხლეტენ 45 დღის ასაკში. ასეთი ბაჭიები თანდათან გადადიან უხეშ საკვებზე დედლის რძის მიღებასთან ერთად, ამიტომ უფრო ჯანმრთელები არიან.

ადრეული ასხლეტის დროს (1 თვე) უარესდება ბაჭიების საჭმლის მონელება, ამიტომ ასხლეტიდან ერთი კვირის განმავლობაში უხეში საკვების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

40-45-დღიანი ბაჭიების ასხლეტის შემთხვევაში სუსტ ბაჭიებს რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ ტოვებენ დედალთან. ასხლეტილი ბაჭიები სქესის განურჩევლად ერთად არიან 3 თვის ასაკამდე. ასხლეტიდან 1,5-2 თვის განმავლობაში ბაჭიებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, რადგან სწრაფად იზრდებიან, ღებულობენ დიდი რაოდენობით საკვებს და კუჭ-ნაწლავი უავადდებათ. ბაჭიების საკვები მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს იმ საკვებისაგან, რასაც ღებულობენ ასხლეტამდე. სხვა საკვებზე გადაყვანას, განსაკუთრებით მწვანე მასაზე, ახდენენ თანდათანობით, ძირითად საკვებზე მათი თანდათანობით დამატებით.

ბოცვრისათვის ზაფხულის პერიოდში მწვანე სახის საკვები უკეთესია, რაც უფრო მრავალფეროვანია. ბალახი უნდა იყოს ახალი მოთიბული, მაგრამ მშრალი. ბაჭიებისათვის მარცვლეულებიდან საუკეთესოა: შვრია, ქერის ღერღილი, 2-3 საათის განმავლობაში წყალში დამბალი ცერცველა, ბარდა, ოსპი. ძალიან კარგად მოქმედებს რძე, ასხლეტიდან 3 თვის ასაკამდე აძლევენ ერთ სულზე დღე-ღამეში სუფრის კოვზს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაჭიებისათვის რძეს ზამთრის პერიოდში.

ბაჭიებს საკვებს აძლევენ დღეში 4-5 -ჯერ. საკვებურებში არ შეიძლება ისეთი საკვების დატოვება, რომელიც შეიძლება დამჟავდეს, ამიტომ ასეთი საკვების ნარჩენები გამოაქვთ გალიიდან.

იმ შემთხვევაში, თუ გალიაში ბაჭიები არათანაბრად იზრდებიან, სუსტებს გამოაცალკავებენ და კარგად კვებავენ. მოზარდეულის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა გალიებში, საკვებურებსა და სარწყულებლებში სისუფთავის დაცვა. სათავსო უნდა იყოს მშრალი, ორპირი ქარის გარეშე.

ბოცვრების შერჩევა სანაშენედ. ყოველი მოყვარული მებოცვრე უნდა ცდილობდეს არა მარტო გამოზარდოს ბოცვრები, არამედ აამაღლოს მათი წონა, გაზარდოს ტყავის ზომები და ხარისხი, გააუმჯობესოს დედობრივი ინსტიქტი და ა.შ. ბევრი თვისება გადაეცემა შთამომავლობით, ამიტომ იმ ბოცვრებს, რომლებსაც ტოვებენ შთამომავლობის მისაღებად, აფასებენ არა მარტო გარეგნობით, არამედ მშობლებისა და წინაპრების ხარისხით.

სანაშენედ არჩევენ კარგ ბაჭიებს. ადგილი არ უნდა ჰქონდეს ნათესაურ შეწყვილებას. ეს იწვევს სუსტი და მახინჯი შთამომავლობის მიღებას, მკვდარი ბაჭიების დაბადებას. ეს რომ არ მოხდეს, ჩანაწერების მიხედვით ამოწმებენ დედლისა და მამლის წარმოშობას. როდესაც ბოცვრების მცირე სულადობა ჰყავთ, უმჯობესია სხვა მამლების გამოყენება ან მათი გადაცვლა. სარემონტოდ არჩევენ 3 თვის ასაკში, ხოლო ხელმეორედ გადარჩევა ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც მათ ბეწვის ხარისხის მიხედვით აფასებენ.

ჯემალ გუგუშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი