როგორ შედეგს მოგვცემს ექსპერიმენტი _ ფაროსანას „დესერტი“ შინაური ფრინველებისთვის

აზიური მავნებლის, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურად აღარ ჩანს ჩვენი სახლების აივნებში, ჭერსა  თუ  კედლებზე, არ უნდა შეჩერდეს.  ის დიაპაუზაში გადასვლის პერიოდშია და უხვად არის შეყუჟული შენობა-ნაგებობების და იქ განთავსებული სხვადასხვა   ნივთების,  საკუჭნაოების არეებში,  ძველმანების შიდა ადგილებში. ამიტომ დღეში ერთხელ საგულდაგულოდ უნდა შემოვიაროთ ასეთი  სივრცეები, როგორმე დავძლიოთ საყოველთაო ნიჰილიზმი, რომ ჩვენ მიერ გახორციელებულ მექანიკური ხერხებით  ფაროსანა არ მოისპობა.

„გურია ნიუსი“  („კარმიდამო ჩემი“)  კარგა ხანია, დაინტერესდა აქტიურად გავრცელებული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ თუ შინაურმა ფრინველმა ფაროსანა ჭამა, მისი ხორცი იღებს  სპეციფიკურ სუნს და საკვებად უვარგისი ხდება.  

ერთ-ერთი ბეჭდური მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი ადასტურებდა, რომ შინაურ ფრინველს, ფაროსანას ჭამის შემთხვევაში, უჩნდება უსიამო სუნი და ის საკვებად უვარგისი ხდება. თუმცა,  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ქალბატონი მადონა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და უფრო მეტიც, განმარტა, რომ მსგავსი არსად არაფერი უთქვამს.

გაცილებით ადრე, სწავლულმა და გამოცდილმა აგრონომმა აკაკი ღლონტმა „გურია ნიუსთან“  გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, ვარგისი იქნება თუ არა შინაური ფრინველის ხორცი იმ შემთხვევაში,  თუ ის ფაროსანას  შეჭამს.

_ მოდით, საკითხს მივუდგეთ ასე: ახლა, ვის რა გაუხარდება, იმას ლაპარაკობს და ავრცელებს. საამისოდ საუკეთესო და  უკონტროლო სივრცე გახდა სოციალური ქსელი. მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ლოგიკურ აზროვნებას ვეყრდნობი. შინაური ფრინველი, ქათამია თუ იხვი, კარგად ვიცით, ათასგვარ ჭიაღუას ჭამს, იჩხრიკება ყველაფერში, რაც ეზო-გარემოში შეხვდება. ოდესმე გაგიგიათ, რომ სუნი და გემო ამის გამო გაუფუჭდა? დავაკვირდეთ  შინაური ცხოველის,  ღორის რაციონს. ის კმაყოფილდება იმით, რასაც ადამიანი აჭმევს? რას არ ჩიჩქნის. ათასგვარ სიბინძურეს ეტანება. გაგიგიათ,  ამის გამო, მის ხორცს  გემო შეცვლოდეს? სხვა საკითხია, რამდენად სასარგებლოა, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. ამიტომ მე ეს ნაკლებად მჯერა.  აქვე მტკიცებითი ფორმით ვერ ვისაუბრებ. ზოგადად კი, მარტო ჩვენი ძალებით ვერ მოვერევით ამ მავნებელს, _ გვითხრა მან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ აკაკი ღლონტმა გადაიღო ვიდეომასალა, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში, საყანე ფართობების დათვალიერების დროს, როცა მერცხლების გუნდი გააფრთებით ეხვეოდა  სიმინდის ყანას და ანადგურებდა ტაროებზე შესეულ ფაროსანას მატლებს (ნიმფას).  მან აღნიშნა, რომ მართალია, მერცხლები დიდხანს არ არიან ჩვენთან,  ფაროსანას განადგურება  რომ  უფრო ხანგრძლივად   შეძლონ, მაგრამ  ეს მისასალმებელია, რადგან ამ მავნებელს  ბუნებრივი მტერი თუ არ გამოუჩნდა, მხოლოდ ადამიანები ვერ მოერევიან.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოთქმულ აზრს  იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანა, კონკრეტულად _ იაპონური კრაზანის, რომელიც გაანადგურებს ამ  მავნებელს, ამას შეეწინააღმდეგა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ დანელია. მან განაცხადა, რომ კრაზანა ფუტკარს გაანადგურებს და საქართველოში აწ უკვე გაძლიერებულ დარგს, ვერ გაუჩენენ მტერს და  ბრძოლა უფრო  ბიოლოგიური მეთოდებით გაჩაღდება.

ინტერესი იმის თაობაზე, რამდენად შეეფერება სიმართლეს ფაროსანას ჭამის შემდეგ, სპეციფიურ სუნს მიიღებს თუ არა ქათმის ხორცი, „გურია ნიუსი“ („კარმიდამო ჩემი“)  დაინტერესდა. ექსპერიმენტი სამი თვის წინ დაიწყო და  დასასრულს უახლოვდება. შინაური ფრინველებიდან ერთ ქათამს და ერთ  იხვს მივუჩინეთ, ასე ვთქვათ, „ფაროსანას დესერტი“, რა თქმა უნდა, ბუნებრივ საკვებთან  (სიმინდი, ღერღილი, ხორბალი) ერთად.

ერთ იხვს და ერთ ქათამს, რომელიც „მარაქაში“ გამოვთიშეთ, აგვისტოდან ყოველდღიურად ან  დღეჩაგდებით, სიმინდის აკენკვის შემდეგ ან მანამდე,  ჩვენ მიერვე დაჭერილ ფაროსანას ვუყრით. დიდი სიამოვნებით არა, მაგრამ ჭამენ. ყოყმანი არ სჭირდებათ.  იყო შემთხვევა, როცა არ ჭამეს და სათითაოდ ჩავუყარეთ პირში,  სიმინდის მარცვალთან ერთად. ახლა როცა, ფაროსანა ნაკლებად ჩანს, ვეძებთ სათავსოებში და ექსპერიმენტს ვაგრძელებთ.  საექსპერიმენტოდ  „განწირულ“ იხვს და ქათამს ნოემბრის  შუა რიცხვების შემდეგ დავკლავთ და   შედეგზე  ჩვენს  დაინტერესებულ  მკითხველს  აუცილებლად ვუამბობთ.

ჩვენი ექსპერიმენტის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ანგელინა ნიკოლაიშვილი:

_ მივესალმები ასეთ ექსპერიმენტს. ძალიან კარგია და საინტერესოც, როცა ფერმერი, ჟურნალისტი თუ ნებისმიერი ადამიანი ასე დაინტერესდება. მე გირჩევთ, როცა დაკლავთ, ხორცი  მოხარშოთ  და ყოველგვარი სანელებლის გარეშე გასინჯოთ. ასევე საქმის კურსში ჩააყენეთ  სურსათის  ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც. ჩემის მხრივ, გეტყვით, რომ შესაძლოა, მართლაც ექნეს სუნი.  ის ნამდვილად ვიცი, რომ ახლად დაწურული ყურძნის მასაში თუ მოყვა, სუნს აძლევს და სითხე უვარგისი ხდება. ამ მავნებელს აქვს მეტად საშინელი შიგნეული, განეკუთვნება მყრალების ოჯახს. რაც მთავარია, შესწავლილი არ არის ეს მწერი. მე თვითონ ამ საქმის პროფესიონალი ვარ და კარგა ხანია, დაკვირვებას ვახდენ. ათი მილიონი მწერია დედამიწაზე და შესწავლილია მხოლოდ ერთი მილიონი. ამიტომ დაბეჯითებით ვერაფერს ვამტკიცებთ  თუ რისგან შედგება ფაროსანას შიგთავსი, ბიოქიმიურად ბოლომდე  არავის შეუსწავლია. ახლა დიაპაუზაშია, სრული ექვსი თვე არ იკვებება არაფრით. გაჭყლეტილ მწერს აქვს ძალზე ზეთოვანი შემცველობის მყრალი შიგნეული. ამდენი ხნის მანძილზე ძლებს კვების გარეშე. ბევრი რამ იწვევს ინტერესს და ამოუხსნელია  მისი არაერთი თვისება. ამიტომ მივესალმები თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

ახლა აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინოს ინტერესი ამ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც, სამწუხაროდ, ნაკლებად, ვხედავ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენი ექსპერიმენტის  შედეგს, რაც  ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასაც ნიშნავს, _გვითხრა ქალბატონმა ანგელინა ნიკოლაიშვილმა.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ანგელინა ნიკოლაიშვილი, გამოცდილი მეცნიერი, პროფესიით ენტომოლოგი,  აგრძელებს საკუთარ კვლევას ფაროსანას შესახებ, რის შედეგსაც მეცნიერთა წინაშე წარადგენს, შემდეგ კი გვპირდება, რომ ექსკლუზივი „გურია ნიუსთან“ ექნება.

წყარო: guryanevs.com

მარინა ჩიხლაძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *