დარგებიმეფუტკრეობა

რომელ მცენარეებს აქვს შხამიანი ნექტარი და მტვერი

საქართველოს ფლორაში არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ფუტკრისათვის უსაფრთხო, მაგრამ ადამიანისათვის მომწამვლელ ნექტარს გამოჰყოფენ, ასეთ მცენარეებს ეკუთვნიან იელი, შქერი, რომლებიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მისგან მიღებული თაფლი მათრობელა თაფლის სახელწოდებითაა ცნობილი. მათრობელა თაფლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ანდრომედოტოქსინი, რომელიც ფუტკრის მიმართ უვნებელი, ხოლო ადამიანისათვის ტოქსიკურია. განსაკუთრებით ტოქსინს დიდი რაოდენობით შეიცავს შქერის ყვავილები.

მათრობელა თაფლს ფუტკარი აგროვებს დაგვიანებული გაზაფხულის დროს, როცა თაფლოვანი მცენარეები ჯერ კიდევ არ ჰყვავის, ამ დროს კი ყვავილობს შქერი, საიდანაც ფუტკარი აგროვებს ნექტარს და თაფლად გადაამუშავებს. გარეგნული შეხედულებით, სუნით, გემოთი, არომატით, ოქროს ფერით, იგი ჩვეულებრივ თაფლს ჰგავს, მაგრამ ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. თაფლის მიღებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ადამიანს უცივდება ხელ-ფეხი, ეწყება თვის და კუჭის ტკივილი, პირღებინება, თავბრუსხვევა და ხშირად გონების დაკარგვა. მათრობელა თაფლის გაუვნებლობის რადიკალური საშუალება ჯერჯერობით არ არის გამონახული. მას ძირითადად ფუტკრის საკვებად ხმარობენ.

საქართველოში არის ისეთი მცენარეები, რომლებიც შხამიან ნექტარს და ყვავილის მტვერს გამოჰყოფენ, რაც ფუტკრის მოწამვლას იწვევს.

ასეთებს ეკუთვნით – წყლის იელი, მაჯაღვერი, მცოცავი ფრინტა ხარისთვალა, შორველა, შხამიანი ციკუტა, ხარის ძირა, შხამა, ტიტა, ტილწირი, სურო, ცხენის წაბლი, თავიანი ხახვი, ყანის ბაია, ყაყაჩო და სხვა. ფუტკრის მოწამვლას და სიკვდილს იწვევს კამელია, ბუერა, ოლიანდრე, როზმარინი, ძაღლყურძენა, ამბროზია, ლემა, ლენცოფა, ხარიშუბლა და სხვა.

 მომშხამველი მცენარეების უმრავლესობა ფუტკარში ერთნაირ კლინიკურ ნიშნებს იწვევენ, ისინი შეიცავენ არა მარტო ფუტკრის, არამედ ადამიანების და ცხოველების მიმართ მომშხამვლელ ნივთიერებებს ალკალოიდების სახით, რომლებიც იწვევენ ფუტკრის კიდურების დამბლად, სკის გარშემო მცოცავი, დაპატარავებულ მუცლიანი, ფრენის უნარდაკარგული, გაშლილ ფრთებიანი, ხორთუმ გადმოგდებული ფუტკრების არსებობას.

ამ მონაცემების  გარდა მეფუტკრემ უნდა იცოდეს, რომ ზოგიერთი მცენარე, მაგ. სურო, გამოჰყოფს ისეთ ნექტარს, რომელიც ფუტკრის ჩიჩახვშივე ემზადება კრისტალიზაციისათვის და ფიჭაში ჩასხმული კრისტალდება, რომელსაც ფუტკარი ზამთარში ვერ ითვისებს და ხშირად შიმშილით იხოცება. კრისტალიზაციას განიცდის უჯრედში ზოგიერთ წლებში მზესუმზირის ნექტრიდანმიღებული თაფლიც. ასევე სწრაფად კრისტალდება ოქროწკეპლას თაფლი.

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გვალვიან ამინდში, როცა მცენარეში წყდება ნექტრის გამოყოფა, ისინი ფოთლების საშუალებით გამოჰყოფენ ტკბილ წვენს. ნამს, რომელსაც მცენარეული მანანა ეწოდება (მას ვარდნილ თაფლსაც უწოდებენ). მანანას გამოჰყოფენ –  იასამანი, მუხა, არყის ხე, კაკალი, ნაძვი, ალუბალი, ატამი, ალვის ხე, წაბლი, ნუში, თელა, ვერხვი და სხვა. მანანა დიდი რაოდენობით გამოიყოფა ტყის ზოლში. თუ მანანა თაფლი სამარაგო თაფლში იქნება, იგი ზამთარში იწვევს ფუტკრის მოწამვლას და სიკვდილს.

არის მეორე სახის მანანაცცხოველური მანანა , იგი არის ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების, ფარიანების, მღიერების და სხვათა მიერ მცენარეული მანანით კვების შედეგად გამოყოფილი ტკბილი ექსკრემენტებისაგან შეგროვილი წვენი, რომელსაც ფუტკარი ითვისებს და სათანადო გადამუშავების შემდეგ ამზადებს მას. მცენარეულთან შედარებით ცხოველური წარმოშობის მანანა თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო ფუტკრისათვის საშიშ პროდუქტს წარმოადგენს. მანანა თაფლი არასოდეს არ მიეკუთვნება ნატურალურ თაფლს.

საქართველოში არსებობს ფუტკრისათვისა აუთვისებელი თაფლოვანების დიდი მარაგი, საირმის ხეობაში, დუშეთის მთიანში, ბზიფის ხეობაში, კავკასიონის კალთებზე, ალაზნის და კოლხეთის დაბლობზე, სქურის და ბორჯომ-ბაკურიანის ზედა ნაწილის ხეობაში, ბახმაროს მთებში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ალპურ საძოვრებში, ლებარდეს მთებში და სხვა, რომელთა ათვისება დააჩქარებს მეფუტკრეობის პროდუქტების სიუხვის შექმნას.

 ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დამწყებმა თუ უკვე მოქმედმა მეფუტკრემ იცოდეს და ახსოვდეს, რომ თაფლოვანი მცენარეების მიერ ნექტრის გამოყოფაზე უარყოფითად მოქმედებს ხანგრძლივი და დიდი წვიმები, ხანგრძლივი ნისლიანი დღეები, ღია სანექტრეებიანი მცენარეებიდან – ცაცხვი, ჟოლო, აკაცია და სხვათა – ნექტრის ჩამორეცხვა. მშრალი ჰაერი და გვალვები აშრობენ ნექტარს. ქარის დროს სანექტრეები იკუმშებიან და ნექტრის გამოყოფას სწყვეტენ, სიცხის დროსაც სანექტრეებში ძნელდება ნექტრის გამოყოფა. მშრალ ადგილებში ნექტარი მკვეთრად მცირდება, მაგრამ მასში შაქრიანობა მომატებულია. მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობასაც, თუ ზღვის დონიდან რამდენით არის დაცილებული, აგროტექნიკურ პირობებს, წლის სეზონს, დღის ხანგრძლივობას, როცა ატმოსფერული ტენიანობა მაღალია პროდუქტულობაც მეტია, შაქრების კინცენტრაცია კი დაბალი.

წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“