როცა პროფესია ავირჩიე, ვეტერინარობა პოპულარული სპეციალობა არ იყო

ეთო ბერიკაიძემ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლა ამავე მიმართულებით მაგისტრატურაში განაგრძო. სწავლის პერიოდში აქტიურად გადიოდა პრაქტიკას, ესწრებოდა სწავლებებს და მუდმივად ცდილობდა პროფესიული ჩვევების დახვეწას.

სოფლისა და ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ეთოს ბავშვობიდან ჰქონდა. პროფესიის ასარჩევადაც ბევრი არ უფიქრია და დღეს თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი აზრით, დღეს, როგორც არასდროს, დარგს ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები სჭირდება, პროფესიონალი კი ყველა სფეროში დაფასებულია.

„დღეს სოფლად ძირითადად ასაკოვანი ვეტერინარი სპეციალისტები არიან. მათ, ცხადია, დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, მაგრამ თანამედროვეობაში უამრავი სიახლეა, იქნება ეს ტექნოლოგიების, მიდგომებისა თუ პრეპარატების კუთხით… მათთან ინფორმაცია კი ნაკლებად აღწევს. როცა ვეტერინარის სპეციალობას ვირჩევდი, ეს დარგი ნაკლებად პოპულარული იყო და უკვირდათ, ქალს როგორ შემეძლო მემუშავა ამ მეტად რთული განხრით. საბედნიეროდ, დღეს დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილია, რაც ძალიან მახარებს.

სწავლის პერიოდში სტუდენტები პრაქტიკული საქმიანობით მაქსიმალურად უნდა დაიტვირთონ. სახელმწიფოსთან ერთად კერძო კომპანიები სტუდენტებს ხელს უნდა უწყობდნენ, რათა სტუდენტებმა შეძლონ სწავლის დროს მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, რადგან მხოლოდ თეორიული განათლება, ვეტერინარად რომ ჩამოყალიბდე, საკმარისი არ არის. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა ვერ ვახდენთ დაავადების დიაგნოსტირებას და სწორი დანიშნულების გაცემას. ბევრი ვეტერინარი პრაქტიკაში დღეს ისევ „მოძველებულ“ სამკურნალო საშუალებას იყენებს, თანამედროვე პრეპარატებით კი შეგვიძლია გაცილებით მოკლე დროში უკეთესი ეფექტი მივიღოთ,“ _ ამბობს ახალგაზრდა ვეტერინარი.

ეთო ბერიკაიძე დღეს შპს „როქის“ ვეტერინარ და ექიმ-ფარმაცევტად მუშაობს.

„ჩვენთან ყოველდღიურად მოდიან ფერმერები სხვადასხვა პრობლემებით, სეზონური თუ მოულოდნელად წამოჭრილი სირთულეებით და ითხოვენ დახმარებას. ჩვენ ვცდილობთ კვალიფიციური კონსულტაცია გავუწიოთ და თუ საჭიროა ადგილზე გადავამოწმოთ ვითარება. ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისევე საპასუხისმგებლოა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე. თუ გვყავს ჯანსაღი ცხოველი, ფრინველი და გაქვს ჯანსაღი პროდუქტი, დაცული ხარ.
როცა ოჯახი ერთ სულ ძროხაზეა დამოკიდებული და ვერ ადგენს, რა მიზეზით არის პირუტყვი ავად, მისი გასაჭირი შეუძლებელია გულთან არ მიიტანო. ამიტომ ვცდილობთ ყოველთვის გულისხმიერები ვიყოთ. ჩემთვის თითოეული ფერმერის პრობლემა ძალზე საპასუხისმგებლოა.

ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი თითქმის არ ჩერდება. საქართველოს რეგიონების გარდა გვირეკავენ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინიდან და , თურქმენეთიდანაც კი დაგვიკავშირდნენ და კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში დახმარება გვთხოვეს“ _ ამბობს ახალგაზრდა ვეტერინარი ეთო ბერიკაიძე.

ეთო ახალგაზრდებს ურჩევს, პროფესიის არჩევისას დაფიქრდნენ, სურთ თუ არა ვეტერინარის პროფესიით მუშაობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით გაიმყარონ, უყვარდეთ თავიანთი საქმე და თავიანთი წარმატებით ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას.

თეონა ნოზაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *