რწყვის წესები, მათი აგროტექნიკური შეფასება

ტრადიციული სარწყავი მიწათმოქმედების პირობებში ძირითადად რწყვის სამი წესია მითებული:
  1. ზედაპირული რწყვა. რწყვის ტექნიკისა და ნიადაგში წყლის შესვლის ხასიათის მიხედვით არჩევენ ზედაპირული რწყვის შემდეგ სახეებს: რწყვას კვლებში, ზოლებში და დატბორვით.

კვლებში რწყვის ტექნიკის თავისებურებაა ის, რომ კვალში უშვებენ წყალს და მისი მოძრაობის დროს ტენიანდება მცენარის ფესვთა სისტემის გავრცელების ნიადაგის ფენა. ამ შემთხვევაში ტენიანდება კვლებშორისი ფართობი. წყლის შეჟონვა გვერდითი ფილტრაციით ხდება.

კვლებში რწყვას იყენებენ სათოხნი კულტურებისათვის და აგრეთვე მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურებისათვის. რწყვას კვლებში მიშვებით ატარებენ მოსარწყავი ფართობის 0,002 მეტრი დახრილობის პირობებში. კვლები გაჰყავთ სათოხნი კულტურების მწკრივთშორისებში ნიადაგის ბუნებრივი დახრილობის მიმართულებით, კვლების სიღრმე 8-25 სმ-ია, წყალი თავისუფლად მიდის კვლებში და თანაბრად ტენიანდება.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვა-მოყვანა ლიმანური რწყვის პირობებში

ლიმანური (ლიმანი_ზღვის ყურე) რწყვა დატბორებით რწყვის ყველაზე მარტივი სახეა. დასატბორებლად იყენებენ გაზაფხულზე თოვლის დნობის, წვიმებისა და ადგილობრივი მინდვრების წყლებს (წყალდნობის დროს). მცირე დროის მანძილზე, შრომის მცირე დანახარჯებით შესაძლებელი ხდება მოირწყოს დიდი ფართობები და ამიტომ ეს რწყვა მეტად იაფი ღონისძიებაა.

ლიმანური რწყვა მხოლოდ გაზაფხულზე ტარდება ერთხელ და ისიც, როგორც სამარაგო რწყვა. რწყვა არახანგრძლივია. მშრალ ველებში ლიმანური რწყვის შედეგად ხელსაყრელი პირობები იქმნება ბუნებრივი სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობის გადიდებისათვის. თოვლის ნადნობი წყლისა და წვიმის წყლის შესაკავებლად ბულდოზერით თხრიან ორმოებს და შიგ აგროვებენ წყალს. ასეთ ლიმანებზე ნიადაგი 50-60 სმ სიღრმემდე ტენიანდება, ბალახნარი უმჯობესდება და სათიბ-საძოვარი აღიდგენს პროდუქტიულობას.

მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებზე, რომლებიც წყლის შეჟონვის მაღალი კოეფიციენტით და ტენის შეკავების დაბალი უნარიანობით ხასიათდებიან, ლიმანურ რწყვას არ ურჩევენ. არ შეიძლება აგრეთვე ლიმანური რწყვა მოეწყოს ბიცობ (მლაშობ) ნიადაგებზე მინერალური გრუნტის სიახლოვის გამო, რადგან გრუნტის წყლის ამოწევა გამოიწვევს ლიმანის უფრო მეტად დამლაშებას.

ლიმანური რწყვის დროს სარწყავი ნორმები დამოკიდებულია აგრეთვე ნიადაგის წყლიერ-ფიზიკურ თვისებებზე. გამლღვალი ნიადაგის 2,1-1,5 ფენის გატენიანებისათვის საჭიროა არა უმეტეს 3-5 დღისა. ბუნებრივ ლიმანებზე დატბორება შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს, თუ ბალახში ჭარბობს დატბორებისადმი გამძლე მრავალწლიანი მარცვლოვანი ბალახები (უფხო შვრიელა, ჭანგა, მელაკუდა, წივანა). ზოგჯერ ადრე გაზაფხულზე (მარტში) ზოგიერთი მარცვლოვანი ბალახი ცივი წყლით დატბორებას უძლებს მხოლოდ 18 დღეს, შემდეგ კი განმეორებით შედარებით თბილი წყლით დატბორებას _ 14 დღემდე, ხანგრძლივ დატბორებას შედარებით ვერ იტანს. მრავალწლიანი პარკოსანი ბალახები (იონჯა, ჩიტიფეხა), 10-12 დღის განმავლობაში დატბორების დროს იღუპებიან.

სახნავ ლიმანებზე საგაზაფხულო კულტურების აგროტექნიკის თავისებურებების მიხედვით, ნიადაგი იხვნება მზრალად, წინამორბედის შესაბამისად, სხვადასხვა სიღრმეზე. მრავალწლიანი ბალახების კორდს ან ნასვენს ხნავენ წინმხვნელიანი გუთნით 28-30 სმ სიღრმეზე, ხოლო სხვა ერთწლიანი კულტურების შემდეგ არა ნაკლებ 25 სმ-ისა; მზრალად დამუშავება სარეველების მოსპობის საუკეთესო საშუალებაა.

ლიმანებზე ნიადაგის ფენების გაყინვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩატარდეს თოვლის შეკავება და მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგში წყლის დროულ შეჟონვას და გაზაფხულზე თესვისწინა სამუშაოების დაუბრკოლებრივ ჩატარებას.

გაზაფხულზე, როგორც კი ხელსაყრელი პირობები დადგება,  დასათესი კულტურის ბიოლოგიის გათვალისწინებით, ატარებენ კულტივაციას დაფარცხვით 810სმ სიღრმეზე, ხოლო თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების, საკვები ბალახების, შაქრის ჭარხლის და სხვ., კულტივაციას ატარებენ თანმიყოლებული ფარცხვით 6-8სმ სიღრმეზე. მხედველობაში უნდა მივიღოთ, ის რომ წყლისაგან განთავისუფლებული ნიადაგი ხასიათდება ნიადაგის დამუშავების მცირე ხნის სიმწიფით, თუ ამ ვადას ერთი დღითაც კი გადავაცილებთ, ნიადაგი მკვრივდება, ვეღარ ექვემდებარება დამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებს და ვეღარ ხერხდება მისი ხარისხიანად გაფხვიერება და თესვისათვის მომზადება.

ლიმანებზე თესვის ნორმა მაღალია. ლიმანებზე სხვადასხვა კულტურების თესვის ნორმა, მაგ. თავთავიანი კულტურების დადგენილი ნორმა 20-30%-ით უნდა გადიდდეს. საფარი კულტურის შემთხვევაში კი მცირდება, რათა არ მოხდეს მრავალწლიანი ბალახების ჩახშობა.

ლიმანებზე თესვის შემდეგ აუცილებელია მოტკეპნა. მაღალი მოსავლის მისაღებად ლიმანებზე აუცილებელია სასუქების გამოყენება ძირითადი ხვნის წინ და გამოკვების სახით.

ლლიმანური მორწყვის რეჟიმი. ლიმანური რწყვის დროს გამოიყოფა ნიადაგის დატენიანების სამი ფაზა:

პირველ ფაზაში წყალი ავსებს გაყინულ ნიადაგში არსებულ ნაპრალებს და სიცარიელეებს და შემდეგ იწყებს დაგროვებას ნიადაგის ზედაპირზე. ამ ფაზის ხანგრძლივობა 1-2 დღე-ღამეა.

მეორე ფაზაში წყალი გროვდება და დგას ნიადაგის ზედაპირზე ნიადაგის სრულ გალხობამდე. აამ დროს წყლის ფენის სისქე მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ კი თანდათან მცირდება ნიადაგის გალხობასთან ერთად. ამ ფაზის ხანგრძლიობა დამოკიდებულია ნიადაგის გალხობის სიჩქარეზე.  

 მესამე ფაზაში მიმდინარეობს ნიადაგის სიღრმეში წყლის ჩაჟონვა. ამ ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დატენიანებული ფენის წყალგამტარუნარიანობაზე. თხელწყლიან ლიმანებში დაგროვილი წყლის ნიადაგში ჩაჟონვა 5-7 დღეს გრძელდება და ატენიანებს მას 1,5-2 მ სიღრმეზე. 

ღრმა წყლიან ლიმანებში სარწყავი ნორმა და გატენიანების ფენის სიღრმე განისაზღვრება წყლის დგომის ხანგრძლივობით. ნნიადაგის მიერ საჭირო წყლის მიღების შემდეგ, დარჩენილი წყალი გადაიშვება ლიმანიდან.  ჩვეულებრივი ნიადაგის 1-1,5 მ სიღრმეზე ტენიანდება 3-5 დღეს. დატბორების დროს გატენიანების ნორმას საზღვრავენ 2500-3000 მ3 წყლით 1 ჰექტარზე.

სასოფლო-სამეურნეო კუ ლტურების თესვა-მოყვანა ჩა მონადენი წყლებით რწყვის პირობებში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონადენი წყლით რწყვა ცნობილია გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში.

ჩამონადენი წყლები შეიცავს მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტების დიდ რაოდენობას _ აზოტს, ფოსფორს, კალიუმს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ამ წყლით მორწყვა მცენარისათვის ერთდროულად წყლითა და საკვებით უზრუნველყოფა-მორწყვა-განოყიერებაა.

ამ წესით მორწყვის საფუძველია, ის რომ ნიადაგს აქვს თვისება შეაკავოს თავის მასაში ის ჭუჭყი, რაც წყალშია, მათ შორის მავნე ნივთიერებანიც და იმავე დროს დიდდება მისი ნაყოფიერებაც.

ჩამონადენი წყლით მორწყვის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რწყვა ხდება მთელი წლის განმავლობაში ქალაქების ახლო _ გუბერნიებში სპეციალურად გამოყენებულ ნაკვეთებზე, რომლებსაც ,,სამიწათმოქმედო სარწყავ მინდვრებს” უწოდებენ. ჩამონადენი წყალი, რომელიც მოდის ქალაქის საკანალიზაციო ქსელიდან, წინასწარ იწმინდება-სუფთავდება მექანიკურად ბადეების, ქვიშა შემკავებლის საშუალებით მსხვილი და წვრილი მინარევებისაგან, ჭიის კვერცხებისაგანაც კი და სხვ. გასუფთავების შემდეგ წყალი ბუნებრივი დაწოლით ან სატუმბი სადგურის საშუალებით დახურული მილგამყვანით მიეწოდება მინდორს.

საყოფაცხოვრებო ჩამონადენი წყლის ქიმიური შედგენილობა იცვლება წლის სეზონების მიხედვით. ამიტომ, მათი სწორად გამოყენების თვალსაზრისით, საჭიროა სისტემატურად გაუკეთდეს ანალიზი, რადგან ჩამონადენ წყალში შეიძლება შეერიოს მრეწველობის ანარჩენი წყალი, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად შესაძლებელია იყოს მავნე ნივთიერებანიც.

ჩამონადენ წყალს ასუფთავებენ ფილტრაციით. მინდვრებზე, სალექავებში აჩერებენ ჩამონადენი წყლის მუდმივ ფენას, ფსკერზე რჩება ნალექი, წყალი კი იწმინდება და გროვდება ღრმა არხებში. აღსანიშნავია, რომ გაწმენდის პროცესის დროს ჩამონადენი წყალი კარგავს მცენარის საკვები ნივთიერების მნიშვნელოვან რაოდენობას.

ნალექებისგან განთავისუფლებული ჩამონადენი წყალი, როგორც წესი, დახურული მილგამყვანებით მიემართება მოსარწყავ ნაკვეთებზე.

სალექავებიდან ამოღებულ დანალექს იყენებენ ნაკელთან ან ტორფთან შერევით კომპოსტების დასამზადებლად.

ამჟამად მუშავდება ჩამონადენი წყლის ბიოლოგიური და ქიმიური გაწმენდის მეთოდები. შემოდგომაზე და ზამთარში შეიძლება მორწყვა ჩატარდეს გაუწმენდავი ჩამონადენი წყლით.

ჩამონადენი წყლით მორწყვის დროს შეიძლება ნიადაგი დამლაშდეს. ამ შემთხვევაში ღრმა ხვნა უნდა ჩატარდეს 40-45სმ-ის სიღრმეზე, რომელიც ასრულებს მელიორირების როლს. მოხნულ ფენაში მცირდება ქლორისა და ნატრიუმის რაოდენობა და მატულობს კალციუმის შემცველობა.

ზამთარში ჩამონადენი წყლით რწყვას ატარებენ ღრმა კვლებსა და ზოლებში. გაზაფხულზე ატარებენ გადახვნას ან კულტივაციას 10-12სმ სიღრმეზე დაფარცხვით. გადახვნას ატარებენ ჩამონადენი წყლის დანალექის ჩასახნავად ნიადაგში. ამის შემდეგ მინდორს ფარცხავენ და ტკეპნიან, თუ ნიადაგი არ არის ძალიან ტენიანი.

ჩამონადენი წყლით სარწყავ ნაკვეთზე უკეთესია სათოხნი კულტურები დაითესოს (დაირგოს) კვადრატულ-ბუდობრივად, რაც აადვილებს მორწყვის შემდგომი გაფხვიერების სრულყოფილ ჩატარებას და სარეველებთან ბრძოლას. მათ მოსასპობად იყენებენ აგრეთვე ქიმიურ საშუალებებს ისე, როგორც ჩვეულებრივ სარწყავ მიწებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამონადენი წყალი შეიცავს მცენარისათვის საჭირო საკვებ ელემენტებს, სარწყავ მინდვრებზე მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს, როგორც მინერალური, ისე ორგანული სასუქები. მათი შეტანის დოზების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩამონადენ წყალში საკვები ელემენტების შემცველობა. ჩამონადენი წყლით მორწყვის დროს მოსავლის მატება 10% ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე მდინარის წყლით მორწყვის დროს. ბაქტერიული სასუქების გამოყენების დროს კი მოსავლის მატება ჩამონადენი წყლით მორწყვის დროს 20%ით მეტია, ვიდრე მდინარის წყლით მორწყვის დროს.

კულტურათა სარწყავი ნორმა უნდა გავიანგარიშოთ ამა თუ იმ კულტურის მოთხოვნილების მიხედვით აზოტზე. სარწყავ წყალში აზოტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასზე მცენარის მოთხოვნილებას (100-150კგ 1 ჰა-ზე). მასთან ოპტიმალური სარწყავი ნორმა გამოიყენება არასავეგეტაციო (შემოდგომა-ზამთრის) და სავეგეტაციო რწყვების სახით. სავეგეტაციო რწყვის ნორმა არ უნდა იყოს ნიადაგის წყალშემკრების უნარიანობაზე მეტი 1-1,5 მ. ფენაში.

ჩამონადენი წყლით რწყვის დროს კულტურების უმეტესი ნაწილისათვის რწყვის უკეთესი წესი კვლებში რწყვაა.

დაწვიმებითი მორწყვა

დაწვიმებითი რწყვა იმით განსხვავდება ზედაპირული რწყვისაგან, რომ დაწვიმებით რწყვას ატარებენ არა ნიადაგის ზედაპირზე წყლის მოძრაობით, არამედ სპეციალური მანქანებიდან დანადგარებით, რომლებიც დაკავშირებულია სარწყავი წყლის წყაროსთან  (მდინარე, ჭა, არხი) და ახდენენ წვიმის მსგავსად წყლის გადაადგილებას მოსარწყავ ფართობზე. ხელოვნური დაწვიმება ბუნებრივი წვიმის სახით ატენიანებს ნიადაგს და მორწყვის პროცესიც მექანიზებულია.

დაწვიმებითი რწყვა ერთგვარი უპირატესობით სარგებლობს ზედაპირულ  რწყვასთან შედარებით:

  1. დაწვიმების დროს საჭირო არ არის წვრილი სარწყავი ქსელის მოწყობა (სარწყავი კვლები, ზოლები, გამყვანი კვლები);
  2. დაწვიმებითი რწყვის დროს საჭირო არ არის ფართობზე თვალყურის დევნება;
  3. მოსარწყავ ფართობზე მნიშვნელოვნად მცირდება მოსწორება-მოშანდაკების სამუშაოების ჩატარება;
  4. შესაძლებელი ხდება ნიადაგის დამუშავებისა და მინდვრის სხვა სამუშაოების ჩატარება მექანიზაციის საშუალებით; 5. იზრდება რწყვაზე მომუშავეების შრომის ნაყოფიერება;
  5. დაწვიმებითი რწყვის დროს ხდება მცენარის ჩამორეცხვა მტვრისაგან, მავნე სოკოებისა და მავნებლებისაგან;
  6. ტენიანდება არამარტო ნიადაგი, არამედ თვით მცენარეც და მიწისპირა ჰაერის ფენაც. ამის შედეგად შუადღის სიცხეების დროს იზრდება ჰაერის ტენიანობა, მცირდება აორთქლება და ჰაერის ტემპერატურა;
  7. დაწვიმებითი რწყვა 300-400 მ3/ჰა ნორმით ამავე დროს წარმოადგენს გამაგრილებელ რწყვას;
  8. დაწვიმების დროს შეიძლება ჩატარდეს მცენარეთა ფესვგარეშე კვება და აგრეთვე შხამქიმიკატების შესხურება (დასაწვიმ აპარატზე მიკეთებული სპეციალური აგრეგატით);
  9. დაწვიმებითი რწყვა ხელს უწყობს ნიადაგის აერობული მიკრობიოლოგიური პროცესების განვითარებას, კერძოდ, ნიტრიფიკაციას;
  10. დადებითად მოქმედებს აგრეთვე ფიზიოლოგიურ პროცესებზე: სწრაფად ხდება ფოთლების ტურგორის აღდგენა, მატულობს ბაგეების გახსნა და ატომსფეროს აზოტის შთანთქმა, ასიმილაციის ინტენსიურობა;
  11. დაპროექტებული მოსავლის მიღებაზე უფრო ნაკლები წყალი იხარჯება, ვიდრე ზედაპირული რწყვის დროს.

დაწვიმებითი მორწყვის ზოგიერთი წესი ხასიათდება ზოგიერთი ნაკლოვანი მხარითაც: ქარის დროს აღინიშნება რწყვის უთანაბრობა, ქარის (წამში 2მ) სისწრაფის დროს აღინიშნება რწყვის უთანაბრობა, ქარის სისწრაფის დროს წვიმის შხეფები გვერდებზე ისხმება, იხარჯება მექანიკური ენერგია, ნიადაგი ტენიანდება მცირე სიღრმეზე, თუმცა ამის აცილება შეიძლება წინასწარ, ნიადაგის სამარაგო რწყვის ჩატარებით.

დაწვიმებითი რწყვის ჩატარების ხარისხი დამოკიდებულია წვიმის ინტენსიურობაზე და ნიადაგის წყალგამტარობაზე. ამჟამად აქტიურად გამოიყენება წვეთოვანი მორწყვის წესი. წვეთოვანი მორწყვის დროს სარწყავი ქსელის ნაცვლად იყენებენ მცირე დიამეტრის მილებს (სარწყავ მილსადენებს), რომლებიც საშუალებას იძლევა დროებითი სარწყავი კვლები და ზოლები შეიცვალოს პოლიეთილენის მილებით, მორწყვის პროცესები მთლიანად გავხადოთ მექანიზებული და ავტომატიზებული.

ქვენიადაგიდან რწყვა

ქვენიადაგიდან რწყვის წესის თეორიული და ტექნიკურეკონომიკური საფუძვლები ჯერჯერობით საკმაოდ არ არის დამუშავებული, მაგრამ მას სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვენიადაგიდან რწყვის დროს მცენარის ფესვთა სისტემის გავრცელების ფენა ტენიანდება სარწყავი წყლის მოძრაობით ნიადაგის 40-60სმ-ის სიღრმიდან, ზედაპირისაკენ წყლის მიწოდება ქვემოდან ზემოთ ხორციელდება სხვადასხვა ხერხით, ნიადაგის 40-45სმ-ის სიღრმეზე ჩაწყობილი ფორებიანი მილებით, რომლებიც კეთდება სპეციალური მანქანით 40-50 სმ-ის სიღრმეზე.

დაშრობითი მელიორაცია

ნიადაგის დაჭაობებას იწვევს როგორც ზედაპირული, წყალის დიდი რაოდენობა, ისე ქვენიადაგის წყალი.

ზედაპირული წყლით დაჭაობებას ხელს უწყობს ფართობის უმნიშვნელო ქანობი, ზედაპირული წყლის ნელი დენა, ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობა და მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგი.

ქვენიადაგის წყალი დაჭაობებას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ ის ზედაპირთან ახლოს მდერბარეობს ან ზედაპირზედაც ამოდის. ასეთი დაჭაობება შეუძლებელს ქმნის კულტურული მცენარის ზრდა-განვითარებას. თუ ნიადაგში წყალი ზედაპირამდე ამოდის, მაშინ მასში ჰაერი სრულებით არ არის და ცხადია, მცენარეც ვერ გაიზრდება.

ასეთი ნიადაგის გაუმჯობესება მოითხოვს მეტად რთულ ღონისძიებას სათანადო დამშრობი ქსელის საშუალებით. დამშრობი ქსელი არხთა სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვა სიღრმით მზადდება.

მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგი ქვენიადაგის წყალს უფრო ადვილად ატარებს. ასეთ ნიადაგზე დასაშრობი ქსელი ნაკლები სიხშირით ეწყობა, ვიდრე მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე, რომელიც წყალს მეტად ძნელად ატარებს.

რაც შეეხება ზედაპირულ დაჭაობებას, აქ, პირიქით, სიხშირე მით უფრო მეტია, რაც უფრო მსუბუქი მექანიკური შედგენილობისაა ნიადაგი. მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგში ზედაპირული წყალი ნაკლები სიჩქარით ჩადის და ამიტომ დასაშვებია მეტი მანძილის დატოვება დასაშრობ არხთა შორის. ზედაპირული წყლის მოსაშორებლად არც ღრმა ქსელია საჭირო, ვინაიდან მან წყალი ზედაპირიდან უნდა მიიღოს. ჩვეულებრივ აქ სიღრმე 0,5 მეტრს არ აღემატება.

ამრიგად, ქვენიადაგიდან წყლით დაჭაობებულ ფართობებზე იყენებენ როგორც ჩვეულებრივ ღია დამშრობ ქსელს, ისე დახურულ ქსელს.

 ნიადაგის ქიმიური მელიორაცია

მჟავე ნიადაგების ქიმიური მელიორაციისათვის აწარმოებენ მოკირიანებას, ხოლო ბიცობი ნიადაგებისათვის მოთაბაშირებას.

მოკირიანებაში იგულისხმება ნიადაგში კირის, დოლომიტის ან კირის შემცველი სხვა ქანების შეტანა, რომელებიც უზრუნველყოფს მჟავე ნიადაგების არეს რეაქციის განეიტრალებას და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესებას.

თაბაშირის შეტანას ბიცობი ნიადაგების ქიმიური მელიორაციისათვის, მოთაბაშირება ეწოდება. ბიცობ ნიადაგებზე ურჩევენ 1-3ტ თაბაშირის შეტანას, საშუალო და ღრმა ბიცობებზე 3-5ტ., ქლორიდ სულფატურ ბიცობებზე _ 5-8ტ., სოდიან ბიცობებზე _ 8-10ტონა და მეტი.

რ. ძიძიშვილი

„აგრონომიის საფუძვლები“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *