საძოვრების მართვის ეკონომიკა საქართველოში

საძოვრების  მართვის არსებული პრაქტიკის  ეკონომიკურ სარგებელზე და გადაჭარბებული ძოვების შედეგად უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე იმსჯელეს დღეს სასტუმროში  „იოტაში“ კახეთის რეგიონში ზამთრის და სოფლის საძოვრების  მართვის  ეკონომიკური შეფასების შედეგების განიხილვაზე.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ  მთავრობა მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საძოვრების მართვას.

შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები კახეთში საძოვრების მართვის არსებული სისტემის ეკონომიკურ შეფასებასა და  საძოვრების  მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად განსახორციელებელ სამ მიმართულებაზე:

ძოვების არსებული პრაქტიკის გაგრძელება და პირუტყვის რაოდენობის დარეგულირება;

ინტენსიური როტაციული ძოვების დანერგვა;

წლიური როტაციული ძოვების შემოღება.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საერთაშორისო  და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და მეცხვარეთა ასოციაციის  40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სექტორული პროექტების  „მიწის დეგრადაციის ეკონომიკა“ (ELD) და „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა კავკასიაში“, ასევე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *