საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამმუშავებელი საწარმო „მანნა“ ამოქმედდა

 სოფელ საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „მანნა“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში  871 058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან  348 423 ლარი გრანტია, ხოლო 435 529 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანიაში, გასულ წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 186 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან ერთად, საწარმოს ესტუმრა და ადგილზე სამუშაო პროცესს გაეცნო. საწარმოში წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. გადამმუშავებელ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *