აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი საკვებწარმოების მდგრადი განვითარებისათვის

თანამედროვე სამყაროში  ტექნოლოგიური განვითარება გლობალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ინოვაციური ტექნოლოგიების გავრცელება გამოიწვია, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ  წარმოების ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონის ამაღლება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტის შექმნა და განვითარება განაპირობა. 

თანამედროვე ეფექტიანი ინფორმაციების მართვის სფერო, სტრატეგიული დაგეგმვისა და კრიზისული მართვის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეროვნული და საერთაშორისო კორპორატიული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში ყველაზე ქმედით პრაქტიკულ შედეგებს იძლევა.

უახლესი ინფორმაციის უსწრაფესი და იაფი გადატანა ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესი უკვე გახდა ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობის ამაღლების მესამე ფაქტორი, კაპიტალსა და შრომასთან ერთად. დღეს კაცობრიობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტენსიფიკაცია, რაც მჭიდროდ უკავშირდება ბუნებრივი რესურსების გამოვლენას და ოპტიმალურად გამოყენებას, პლანეტის მოსახლეობის სწრაფ ზრდას და ამასთან დაკავშირებულ ეკოლოგიური გარემოს ცვლილებებს.

21-ე საუკუნეში, ეკონომიკური ძლიერებისა და სიმდიდრის აქამდე არსებული ტრადიციული საფუძვლები, რაც საუკუნეების განმავლობაში განისაზღვრებოდა ბუნებრივი რესურსებით – მიწების ფართობით და მათი ნაყოფიერებით, ძვირფასი ქვებისა და ლითონების საბადოებით, ნავთობით და ენერგოშემცველების ამოღებით, წარსულს ჩაბარდა. ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი ხდება ცოდნისა და ინტელექტის საფუძველზე შექმნილი მაღალი ტექნოლოგიები. ამის მაგალითად და დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ამერიკის კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგნატი, მილიარდელი ბილ გეიტსი, რომელიც ფლობს არა ბუნებრივ წიაღისეულს, არამედ ინტელექტუალურ საკუთრებას, გამოხატულს საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ჩვენს საუკუნეში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა შემდეგი 5 ძირითადი მიმართულებით უნდა განვითარდეს: მიკროელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ტელეკომუნიკაციები, კომპოზიციური მასალები, ნანო და ბიოტექნოლოგიები. ქვეყნები, რომლებიც ვერ შეძლებენ ამ მიმართულებებით სწრაფ რეაგირებას, აღმოჩნდებიან მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში. საქართველო, მიუხედავად აგრარული კადრების შედარებით მაღალი ინტელექტუალური პოტენციალისა, სამწუხაროდ, იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩასართავად შეზღუდული სასტარტო ბაზისი აქვს.

დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობა, მ.შ., საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის განვითარება მიმდინარეობს ძირითადად ენერგეტიკულ-ტექნიკური ბაზის შეცვლის, ტექნოლოგიების სრულყოფის, გენეტიკის მიღწევების, ცხოველთა კვების რაციონის გაუმჯობესების, მინერალური და ორგანული სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების ოპტიმიზაციის გზით. მიჩნეულია, რომ ჩვენი საუკუნე იქნება ენერგეტიკიდან ინფორმატიკაზე გადასვლის დასაწყისი. მსოფლო მასშტაბით იგი ხასიათდება რესურსების მნიშვნელოვანი გადანაწილებით სრული გლობალური ინფორმატიკის სასარგებლოდ. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ მატერიალურ წარმოებაში შრომითი რესურსების თანაფარდობა ინფორმაციის სფეროსთან შედარებით, რომელიც XX საუკუნის შუალედში შეადგენდა 3:1 – თან, ძირეულად შეიცვალა უკვე ამ საუკუნის დასაწყისში, როგორც 1:3 -თან.

ეტად მნიშვნელოვანია საკვებწარმოებაში და მეცხოველეობაში ტექნიკოგენური დაწოლის შემცირების აუცილებლობა, გამოყენებული ტექნოლოგიების უარყოფითი ზემოქმედება ეკოლოგიურ გარემოზე, აგრეთვე წარმოებული სასურსათო პროდუქტების უვნებლობის დონისა და ხარისხის ამაღლების აუცილებლობა მათი წარმოების პროცესში და მიკვლევადობის პროცესში. ამისათვის კი შეიქმნა უვნებლობის სისტემები: საფრთხის შეფასების კრიტიკული საკონტროლო წერტილები_HACCP, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ქსელი – INFOSAN, ევროპის სასურსათო უვნებლობის წარმომადგენლობა – EFSA, სწრაფი განგაშის სისტემის კავშირების დამყარება – RASFF და მისი სისტემის სწავლება-გავრცელება სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია-ჳშჴ და სხვ., ზემოჩამოთვლილი წარმოადგენს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ზრდის საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობაში ზოგადად და კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში, ამ პროდუქციით ვაჭრობაში. ასეთ პირობებში დიდი დატვირთვა ენიჭება აგრეთვე მეტად ეფექტურ ღონისძიებებს – რისკების შეფასებას, მათ კომუნიკაციას და მართვას.

საინფორმაციო ტექნოლოგიების რეალიზაცია, როგორც წესი, ხორციელდება კომპიუტერების მეშვეობით, პროგრამული უზრუნველყოფით ინფორმაციის შესაგროვებლად, სისტემატიზაციისათვის, ანალიზისათვის, შესანახად და გადასაცემად. ამჟამად საინფორმაციო ტექნოლოგიები ძირითადად საბუღალტრო აღრიცხვის და სასოფლო-სამეურნეო პროცესების ავტომატიზაციისათვის გამოიყენება, კერძოდ, ყველაზე მეტად კომბინირებული საკვების მრეწველობაში, მეცხოველეობაში და სასათბურე მეურნეობებში. საქართველოს ფერმერების (გლეხების) საინფორმაციო ტექნოლოგიებისადმი ინტერესის არქონა აიხსნება მათი უმრავლესობის დაბალი განათლების დონით და ხანდაზმულობით, თუმცა მრავალი სპეციალისტი ამას ხსნის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორით და პროგნოზირების სისტემის დაუხვეწავობით. ამიტომ, პრაქტიკაში ფერმერები უპირატესობას ანიჭებენ საკვები კულტურების მოვლა-მოყვანის და ცხოველთა კვების ჩვეულებრივ, სტანდარტულ ტექნოლოგიურ ოპერაციებს, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაცვის შედარებით დაბალფასიან საშუალებებს, რომლებიც მათ მიაჩნიათ მოგების მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

ტრადიციული მეთოდებით მუშაობისას, ფერმერები იყენებენ მომავალი შედეგების აღთქმის ალბათობას, გამომდინარე ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებიდან, შესაძლო რისკების შესაბამისად და მათ შესამცირებლად, წარმოების სისტემების გამარტივებითა და საბრუნავი საშუალებების (პესტიციდები, სასუქები, მედიკამენტები) გამოყენებით. მაგალითად, ფერმერები ქიმიკატებს იმ რაოდენობით იყენებენ, რათა მინიმუმამდე შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დანაკარგების რისკი, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი გამოკვებით, დაავადებებით და მავნებლებით. ასეთი მიდგომა არ ითვალისწინებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა.

ფერმერულ მეურნეობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების პირველი ნიშანი არის პერსონალური კომპიუტერების არსებობა. დადგენილია, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის კომპიუტერებს ყველაზე ინტენსიურად იყენებნ სკანდინავიის ქვეყნებში. კომპიუტერების გამოყენებაში იგულისხმება ისიც, რომ ისინი ჩართულია ინტერნეტის ქსელში. ინფორმაციების მიწოდების და სისწრაფის ზრდასთან ერთად, იზრდება მწარმოებელთა სტაბილური მომარაგება მონაცემთა ბაზით. საჭიროა ამ მონაცემების ინტეგრაცია ბიოლოგიურ თავისებურებებთან და ფიზიკურ სისტემებთან ანუ გარემოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან იმისათვის, რომ მოღებული იქნას სასარგებლო ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე და მოსალოდნელი გადაწყვეტილებების შედეგების პროგნოზირება. მეცნიერულად დამუშავებული ტექნოლოგიების გავრცელება ინტერნეტის გამოყენებით განსაკუთრებით მნიშვნელივანია საინფორმაციო სისტემების ფუნქციონალური შესაძლებლობების გასაფართოებლად.

ცნობილია, რომ მეცნიერული კვლევის შედეგების პრაქტიკაში სწრაფი რეალიზაციის უნარი კონკურენტუნარიანობის ძირითადი წყაროა. ამჟამად ცოდნა განიხილება როგორც ეკონომიკური რესურსი. ცოდნის გადაცემა და მისი მართვა წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემების გასაღებს. ის საწარმოები, რომლებსაც აქვს ცოდნის მიღებისა და გადაცემის ეფექტური საშუალებები, ყველაზე პროდუქტიული და კონკურენტუნარიანი არიან. ცოდნის მართვა არის პროცესი, რომლის დახმარებითაც ქმნიან, აგროვებენ, ადარებენ, ამუშავებენ, ანაწილებენ, გადასცემენ და ინახავენ ამ ცოდნას.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ახალი ინფორმაციები აუცილებელი იყო წარმოების პროდუქტიულობის ამაღლებისათვის. თანამედროვე პირობებში ასეთი ცოდნა საჭიროა ორგანიზაციის ეფექტურობის (დანახარჯების შემცირების) და ეკოლოგიურად უვნებელი პოდუქტების წარმოების ასამაღლებლად.

ინფორმირებულ საზოგადოებაში ფერმერს საშუალება აქვს ჩაერთოს ინტერნეტში მსოფლიოს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან მძლავრი უკაბელო კომუნიკაციური კავშირის საშუალებებით. მას შეუძლია თვალყური ადევნოს ფერმის ფუნქციონირების ძირითად ასპექტებს, შესაბამის ადგილებზე დამონტაჯებული სხვადასხვა ტიპის მგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით, რომლებზეც კონტროლს განახორციელებს ნებისმიერ დროს. მაგალითად, ჰოლანდიაში, პირველად ევროპაში, დამუშავდა საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით მეცხოველეობის ფერმის მართვა, ამასთან, მართვის გამოყენებული კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც არეგულირებდნენ შენობაში მიკროკლიმატს, ჩართული იყო ინტერნეტში, რაც საშუალებას აძლევდა ფერმერებს მიკროკლიმატის მართვა განეხორციელებინათ დისტანციური მართვით. ამჟამად ფერმერებს საშუალება აქვთ ნათესების მონიტორინგი აწარმოონ რამოდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით და მართონ სამელიორაციო სისტემები ატმოსფერული ნალექებისა და ნიადაგის ტენიანიბის მიხედვით.

სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგის გაძღოლა ინფორმირებულ საზოგადოებაში ითვალისწინებს ინფორმაციების პერმანენტულ მოღებას გარე სამყაროდან, დროის ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ადგილიდან. მაგალითად, სინოპტიკოსთა მონაცემების სისტემატიური განახლება ხელმისაწვდომია ფერმერებისათვის მთელი დღის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად ამაღლდეს პესტიციდების საკვებ კულტურებში და ანტიბიოტიკების ცხოველებში გამოყენების ეფექტურობა, შემცირდეს გარემოს და პროდუქციის დაბინძურება. დამუშავებულია სისტემები, რომლებიც ფერმერებს წინასწარ აფრთხილებენ მავნებლებისა და დაავადებების გაჩენის შესახებ. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ ოპერატიული ცნობები, რჩევები, რეკომენდაციები მათი ადგილსამყოფელისა და დროის მიუხედავად. ფერმერებს შეუძლიათ აღწერონ თავიანთი პრობლემები სიტყვიერად, დაურთონ მათ ციფრული კამერით გადაღებული ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, ამასთან დროის და ფერმერის ადგილმდებარეობის განსაზრვრა ხდება ავტომატურად. ამის შემდეგ, მას შეუძლია ელექტრონული ფოსტის დახმარებით დაუგზავნოს თავისი მასალა მხარდაჭერის სამსახურებს (Extension officer), მათი მომსახურების ცენტრებს (Extension Service) და მიიღოს პასუხი მოკლე დროში ან გადაჭრას თავისი პრობლემა დიალოგის რეჟიმში (Chat) უშუალოდ ინტერნეტის საშუალებით. ამასთან, საწყისი ინფორმაცია უნდა იყოს მოსახერხებელი ბიოლოგიური და ფიზიკური სისტემების შესაფასებლად და სასარგებლო ცოდნის გამოსამუშავებლად ფერმერული მეურნეობის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე შედეგების პროგნოზირებისათვის სხვადასხვა სცენარების ცხოვრებაში გატარებისათვის. მრავალი წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო კვლევების შედეგად მიღებული ცოდნა გამოყენებული უნდა იქნეს პრაქტიკულად სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად მონაცემთა ბაზის გადამუშავებით. ეს ნიშნავს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები წარმოადგენს აუცილებელ წყაროს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად მიღებული შედეგების ცხოვრებაში გასატარებლად.

 ავთანდილ კორახაშვილი, 

„საკვებწარმოება და ცხოველთა კვება“