სახელმწიფო შპს „მექანიზატორის“ ზარალი 22 მილიონ ლარს აღემატება

სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “მექანიზატორი” ზარალიანია. “მექანიზატორის” ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ  2017 წელს ზარალმა – 22,061,022 ლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს კი, 25,597,475 _ ლარი. 

შპს “მექანიზატორი” 2009 წელს შეიქმნა. მის საკუთრებაში ათობით ტრაქტორი და კომბაინია. საწარმოს მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის საჭირო ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურებაა. კომპანიის დაფუძნების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან საქართველოში მიწის მესაკუთრეების უმეტესობას მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ სარგებლობაში და მსხვილი ტექნიკის შეძენის რესურსები არ გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლებას შეექმნა მსხვილი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში ექნებოდა განთავსებული მექანიზაცია. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიაც, მომგებიანი იქნებოდა. როგორც ირკვევა, კომპანია მომგებიანობისგან შორს არის და მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, მთლიანი ხარჯების 30%-საც ვერ ფარავს. 

„მემკვიდრეობად მივიღეთ არაეფექტური და წარუმატებელი საწარმოები, მათ შორის კომპანია მექანიზატორი და ბევრი სხვა, რომლებიც აგრარული სფეროს განვითარების პოლიტიკას ვერ პასუხობენ,” – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

შპს “მექანიზატორის” შემოსავლები და ხარჯები 2017 წელს:

  • შემოსავალი – 5,406,891 ლარი;
  • თანამშრომელთა ანაზღაურება – 1,053,466 ლარი;
  • საწვავის ხარჯი – 1,287,937 ლარი;
  • საავტომობილო პარკის შენახვის ხარჯი – 4,399,645 ლარი;
  • ცვეთა და ამორტიზაცია – 12,091,507 ლარი;
  • სხვა საოპერაციო ხარჯი – 343,467 ლარი;
  • ფინანსური ხარჯი – 1,050,357 ლარი;
  • ქონების გადასახადი – 1,538,940 ლარი;
  • სხვა არასაოპერაციო ხარჯი – 1,129,590 ლარი;
  • მთლიანი ზარალი – 22,061,022 ლარი.

მთავრობა არ უარყოფს, რომ კომპანიის მომგებიანად მართვა არ გამოსდის. სწორედ ამიტომ, ამ კომპანიის პრივატიზაცია იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობის კუთვნილ ტრაქტორებს ახალი მფლობელი ვერ გამოუჩნდა.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი
წყარო: www.bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *