საკონსერვაციო შეთანხმება ეკოსისტემის შესანარჩუნებლად

 პირველად საქართველოში  ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა  და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გარემოს  (ჰაბიტატები) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) პროექტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და დერცელის, მოხეს, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებს შორის შეთანხმებები გაფორმდა.

ღონისძიება გარემოსდაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„ეკოსისტემის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოდელი არის აბსოლუტურად ახლებური. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის წახალისება და მხარდაჭერა ხდება იმისათვის, რომმათ სწორად ისარგებლონ შენარჩუნებული ბიომრავალფეროვანი ბუნებით და ფინანსური სარგებელიც მიიღონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც, გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში.  პროგრამა ითვალისწინებს ე.წ ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა  და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვას მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, უზრუნველყოფს მათი არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუნებას, ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების დირექტორი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, ასევე, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების,  ასევე, ადგილობრივი თემების წარმომადგენლები.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.

ხელმოწერის ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსურიმ ხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *